Wednesday, October 10, 2012

„ჰონდა“ შეიძლება ფორმულა ერთში დაბრუნდეს

Honda open to future Formula 1 return

10 ოქტომბერი

„ჰონდას“ ხელმძღვანელობა ფორმულა ერთში დაბრუნებას არ გამორიცხავს, თუმცა ეს ახლო მომავალში მოსალოდნელი არაა. როგორც ცნობილია, იაპონურმა კომპანიამ დიდი პრიზების ცირკი 2008 წლის სეზონის შემდეგ დატოვა. ფ1-დან წასვლა „ჰონდას“ ეკონომიკურმა კრიზისმა აიძულა, რის გამოც, სპორტში ინვესტირება შეუძლებელი გახდა.
თუმცა მომავალი სეზონისთვის მანქანა მომზადებული დატოვა და ის გუნდის შეფ როს ბრაუნს დაუტოვა, რომელმაც გუნდს საკუთარი გვარი მისცა. იაპონურმა კომპანიამ, მანქანის გარდა, „ბრაუნს“ პრაქტიკულად შევსებული ბიუჯეტიც დაუტოვა. ის სეზონი სწორედ „ჰონდას“ მიერ შემუშავებული მანქანით, ჯენსონ ბატონმა მოიგო...
მას შემდეგ, კულუარებში არაერთხელ გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ „ჰონდა“ ფ1-ით ისევ დაინტერესდა. კარგად ინფორმირებული წყაროები იმასაც იტყობინებოდნენ, რომ იაპონური კომპანია FIA-სთან (საერთაშორისო საავტომობილო ფედერაცია) ფ1-ის მოლაპარაკებასაც კი აწარმოებდა, რისი მიზანიც, ამ უკანასკნელის სამომავლო გეგმების შეტყობა იყო.
და აი, „ჰონდას“ ერთ-ერთი ხელმძრვანელი, კერძოდ კი კომპანიის დირექტორთა საბჭოს წევრი იოშიჰარუ იამამოტო, ვინც „ჰონდას“ კვლევებისა და განვითარების განყოფილების მთავარი აღმასრულებელია, აღიარებს, რომ ფ1-ში დაბრუნებისთვის, მის კომპანიას რეალური საფუძველი აქვს.
„ამჯერად „ჰონდას“ პირით ვერ ვილაპარაკებ, მაგრამ პირადად მე თუ მკითხავთ, რბოლები ძალიან მიყვარს. თუმცა, როდესაც ფ1-ს უკავშირებ მომავალს, ამ საქმეში მარტო ვერ იქნები და ბევრისგან მხარდაჭერა, შესაფერისი შტატის შეკრება გჭირდება. ვაღიარებ, რომ ჩვენ ჩემპიონატს ვაკვირდებით და ვიმედოვნებთ, რომ ერთხელაც აუცილებლად დავბრუნდებით. ეს ახლავე ვერ მოხდება, მაგრამ დაველოდებით, როდის იქნება რეგლამენტი ჩვენი ინტერესების შესაბამისი და როგორც კი შანსს მივიღებთ, მას ხელიდან არ გავუშვებთ“, - ამბობს იამამოტო.
მისივე თქმით, ამ ეტაპზე, მისი კომპანია აქცენტს ტურინგის კლასის მსოფლიო ჩემპიონატზე (WTCC) აკეთებს და თუ გამარჯვებას მიაღწევს, მერე შეიძლება ფ1-ზეც იფიქროს. „პირველ რიგში, ჩვენ WTCC უნდა მოვიგოთ და მერე იქნებ, უფრო მაღალ კლასში, მათ შორის, ფ1-ში გადასვლაზეც ვიფიქროთ“, - დასძენს იამამოტო.

No comments:

Post a Comment