Wednesday, October 31, 2012

ჰულკენბერგი „ზაუბერში“ გადავიდა


Sauber confirms Nico Hulkenberg for 2013 Formula 1 season
31 ოქტომბერი
„ზაუბერმა“ გამოაცხადა, რომ მომავალ სეზონში მისი მანქანით ნიკო ჰულკენბერგი იასპარეზებს. 25 წლის გერმანელი ამ სეზნში „ფორს ინდიას“ მანქანით ასპარეზობს და საკმაოდ კარგად - 17 რბოლაში 49 ქულას მოუყარა თავი, ეს კი ცუდი არაა, თუ გავითვალისწინებთ, რომ ინდური საჯინიბო ფინანსურ კრიზისშია და ამიტომ, ვერ ვითარდება.

ერთხანს იყო იმის მოლოდინი, რომ ჰულკენბერგს „ფერარიში“ მიიწვევდნენ, სადაც ფელიპე მასას შეცვლიდა. მაგრამ სკუდერიამ ბრაზილიელს კონტრაქტი გაუგრძელა, რის შემდეგაც, გერმანელისთვის ყველაზე ოპტიმალურ ვარიანტად „ზაუბერი“ დარჩა. შეგახსენებთ, რომ შვეიცარიული გუნდი მექსიკელმა სერხიო პერესმა დატოვა, რომელიც „მაკლარენში“ გადავიდა.
„ძალიან გახარებული ვარ და ერთი სული მაქვს, როდის შევუდგები „ზაუბერში“ საქმეს. ეს კარგად მომზადებული და კონკურენტუნარიანი გუნდია. ამასთან, ეს არის ადგილი, სადაც ახალგაზრდა პილოტები თავიანთი შესაძლებლობების დემონსტრირებას ახერხებენ. სიამოვნებით დავიკავებ აქ ადგილს. „ზაუბერი“ ძალიან სწრაფად ვითარდება და ვფიქრობ, ჩვენ ერთად ბევრს მივაღწევთ. მანამდ კი „ფორს ინდიაში“ ჩემს მოვალეობებს პირნათლად შევასრულებ. მინდა, ამ გუნდს მადლობა გადავუხადო იმისათვის, რომ ფ1-ში დამაბრუნა და ამით შანსი მომცა“, - განაცხადა ჰულკენბერგმა.
დიდი პრიზების ცირკში გერმანელი პილოტის დებიუტი 2010 წელს შედგა. მაშინ ის „უილიამსმა“ მიიწვია. მანამდე მან სერია გრანპრი2-ის ტიტული მოიპოვა. პირველივე სეზონში ჰულკიმ თავი ბრაზილიაში მოპოვებული პოულ პოზიციით გამოიჩინა.
„ნიკოს დიდი ხანია, ვაკვირდებით და მისი შესაძლებლობები ყოველთვის დამაჯერებლად მოჩანს. ის ასეთი იყო გრანპრი2-ში და ასეთია ფ1-შიც. განსაკუთრებული მოვლენა იყო მის მიერ ინტერლაგუშზე 2010 წელს მოპოვებული პოული, თანაც ეს ძალიან ძნელ პირობებში მოხდა. ის შანსებს ყოველთვის იყენებს. ამასთან, გუნდური პილოტიცაა. ვფიქრობ, ის ჩვენს გუნდს კარგად მოერგება და ერთად ბევრ რამეს მივაღწევთ“, - განაცხადა „ზაუბერის“ შეფმა მონშა კალტენბორნმა.
„ზაუბერმა“ ასევე გამოაცხადა, რომ მეორე პილოტის ვინაობას მოგვიანებით გაგვაცნობს.

No comments:

Post a Comment