Sunday, October 14, 2012

„შკოდა რეპიდის“ მგრძნობიარე დებიუტი პარიზში

Skoda Rapid Makes…Sensual Debut in Paris
14 ოქტომბერი
როგორი ავტომობილი სურთ ისეთ მყიდველებს, რომლებსაც ახალი ავტომობილი არასდროს ჰყოლიათ? კომპაქტური და იმავდროულად საკმაოდ ფართო სალონით, სადაც მგზავრებიც თავს კომფორტულად იგრძნობენ, საკმაოდ ბევრ ტვირთსაც ჩააწყობენ და არც ბევრ საწვავს მოიხმარენ. სწორედ ასეთი ავტომობილის „შკოდა რეპიდი“, რომლის დებიუტიც ახლახანს, პარიზის მოტორ შოუზე შედგა.
რატომ მგრძნობიარე? ამ ხუთ ლამაზმანს შეხედეთ და პასუხსაც მაშინვე მიხვდებით. ამ ხერხს ბევრი მწარმოებელი იყენებს, როდესაც საკუთარ პავილიონში მეტი დამთვალიერებლის მოზიდვას ცდილობს, მაგრამ ამდენი ლამაზმანი მართლა განსაკუთრებული შემთხვევაა. თანაც, მათი დახმარებით, ჩეხური კომპანია მიგანიშნებთ, რომ „რეპიდი“ არც ასეთ სასიამოვნო კომპანიაში შეგარცხვენთ.

„შკოდას“ კომპაქტური ზომის სედანი, „ფოლკსვაგენ პოლოს“ ბაზაზეა აგებული. მისი გაბარიტებია: სიგრძე 4.48 მეტრი, სიგანე 1.71 მეტრი, სიმაღლე 1.46 მეტრი. სალონში ტავისუფლად თავსდება 5 ადამიანი (მათ შორის, მძღოლი), საბარგულის მოცულობა კი 550 ლიტრს აღწევს.
„რეპიდის“ მყიდველს ბენზინის ოთხი და დზელის ორი ძრავით აღჭურვილ ვერსიებს შესთავაზებენ. ამ ძრავებს ხუთ და ექვსსაფეხურიანი მექანიკური კოლოფები შეუწყვილდება. გარდა ამისა, ოპციის სახით, ორდისკოიანი ქუროთი აღჭურვილი 7-საფეხურიანი ნახევრად ავტომატური კოლოფის დაყენება იქნება შესაძლებელი.
„რეპიდის“ საბაზო ვერსია 1.2-ლიტრიანი ატმოსფერული სამცილინდრიანი ძრავითაა აღჭურვილი, რომლის სიმძლავრეც 74 ცხენის ძალაა. მეორე ძრავიც 1.2-ლიტრიანი, სამცილინდრიანია, ოღონდ მას ტურბოკომპრესორი ემსახურება და მისი სიმძლავრე 85 ცხენის ძალაა. მესამე ოთხცილინდრიანი 1.4-ლიტრიანი ტურბოა და მისი სიმძლავრე 121 ცხენის ძალაა.
რაც შეეხება დიზელებს, ასეთი ძრავებით აღჭურვილი ავტომობილები ევროპაში ყველაზე მეტი პოპულარობით სარგებლობს. ამის მთავარი მიზეზი კი მათ მიერ მცირე რაოდენობით საწვავის მოხმარებაა. „რეპიდის“ მყიდველს ორ 1.6-ლიტრიან აგრეგატს შესთავაზებენ. მათგან ერთის სიმძლავრე 104 ცხენის ძალაა, მეორისა კი, რომელიც გამაში მოგვიანებით გამოჩნდება - 89 ცხენის ძალა.
„რეპიდის“ უკლებლივ ყველა ვერსია აღჭურვილია წინა აირბალიშებით და გვერდითა აირფარდებით, რეგულირებადი საჭის რგოლით, მძღოლის სიმაღლეში რეგულირებადი სავარძლით, წინა ფანჯრების ელექტროამწევებით და ცენტრალური საკეტის იდსტანციური მართვით. SE ვერსია აღჭურვილია ჰაერის კონდიცირების სისტემთ, სანავიგაციო სისტემით, ტყავის საჭით, დისტანციური კავშირით (ბლიუთუთ), 15-დუიმიანი ბორბლებით, ასევე ძარის ფერში შეღებილი სარკეებით და კარების სახელურებით.
ტოპ ვერსია „ელეგანსის“ აღჭურვილობაში ასევე შედის: 16-დუიმიანი ბორბლები, მოხვევის ნისლსაწინააღმდეგო ციმციმა ფარები, კრუიზ კონტროლი, უკანა შუშების ელექტროამწევები, საჭის მრავალფუნქციური რგოლი და მოქრომილი დეტალებით გაწყობილი ინტერიერი.
„შკოდას“ ამ ახალი სედანის წარმოება უკვე დაწყებული აქვს. მას მლადა ბოლესლავის ქარხანაში უშვებენ. 

No comments:

Post a Comment