Sunday, October 14, 2012

ფეტელი - ჩემპიონატის ახალი ლიდერი

Vettel wins to seize F1 lead from Alonso
14 ოქტომბერი
სებასტიან ფეტელმა კორეის დიდი პრიზი მოიგო და ჩემპიონატს სათავეში ჩაუდგა. თუ კორეულ რბოლამდე ის ფერნანდო ალონსოს 4 ქულით ჩამორჩებოდა, სეზონის დასრულებამდე ოთხი ეტაპით ადრე კი აქეთ უგებს 6 ქულას და საქმეს ისეთი პირი უჩანს, ლიდერობის დამთმობი აღარაა. თუმცა, ეს სეზონი იმითაც გამოირჩევა, რომ გუნდები ძალიან ხშირად ახერხებენ მნიშვნელოვან პროგრესს, რაც მათი მანქანების კონკურენტუნარიანობაზე უმალ აისახება ხოლმე. „რედ ბულმა“ ახლახანს სწორედ ასეთი გარღვევა მოახერხა, რითაც ფეტელის ლიდერობა დიდწილად განაპირობა.
ამ გარღვევის წყალობით, „რედ ბულმა“ კონსტრუქტორთა პირველობაზეც შეძლო გადამწყვეტი უპირატესობის მოპოვება. და თუ რამე მოულოდნელი არ მოხდა, „წითელი ხარები“ ამჯერადაც სეზონს საჩემპიონო დუბლით დაასრულებენ. კორეული რბოლა ერთადერთი ქულით დაასრულა მათმა ყოფილმა მთავარმა კონკურენტმა „მაკლარენმა“, რომელსაც „ფერარიმ“ გადაასწრო. მოკლედ, ავსტრიული საჯინიბო თავის ახალ მდევარს უკვე 77 ქულას უგებს. ანუ, გუნდს კიდევ 95 ქულა სჭირდება იმისათვის, რომ ტიტულს დაეუფლოს.
ფეტელის და „რედ ბულის“ დიდ უპირატესობასზე თვითონ კორეული რბოლის მსვლელობაც მიგვანიშნებს. ჯერ ერთი, ავსტრიულმა გუნდმა დუბლით მოიგო - მეორე ადგილიც მათმა ავსტრალიელმა პილოტმა მარკ ვებერმა დაიკავა. მეორეც, ფეტელის ლიდერობას მთელი რბოლის განმავლობაში არავინ დამუქრებია. მესამე და ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ „რედ ბულის“ მანქანა ისეთივე დომინანტ ძალად იქცა, როგორიც წინა სეზონში იყო...
ფეტელმა სტარტზევე შეძლო ვებერის გასწრება. ოღონდ, არავინ თქვას, რომ ვებერმა გზა დაუთმო. ეს ნამდვილ ბრძოლაში მოხდა, რომელშიც, „რედ ბულის“ პილოტების გარდა, ლუის ჰამილტონი, ალონსო და კიმი რაიკონენიც მონაწილეობდნენ. ანუ, ვებერი თანაგუნდელს ლიდერობას ხონჩით ვერ მიართმევდა. ასე რომ მოენდომებინა, წინ აუცილებლად ალონსო გავიდოდა, რომელსაც ცოტა დააკლდა, რომ ორივე უკან მოეტოვებინა. და სანამ „წითელ ხარებს“ კვალში ჩაუდგებოდა, ჰამილტონს გაასწრო, რომელიც პირველ მოსახვევამდე ცდილობდა „რედ ბულის“ პილოტებს შორის გაძრომას, მაგრამ გასასვლელი რომ ვერ ნახა, მათ უკან ჩარჩა და ალონსოს შეტევაც გამოეპარა.
პრინციპში, მთელი რბოლის განმავლობაში, ყველაზე საინტერესო სწორედ სასტარტო ბატალიები აღმოჩნდა. ავარიის გარეშე არც ამჯერად ჩაიარა სტარტმა, ოღონდ მასში რომენ გროჟანი არ გარეულა. სამაგიეროდ, „ზაუბერის“ ორივე პილოტმა „ივაჟკაცა“: ჯერ კამუი კობაიაშიმ ჯენსონ ბატონს გადაუარა, მერე კი სერხიო პერესმა ნიკო როსბერგი „შემუსრა“ და თან ეს ისე გააკეთა, რომ ტრასაზე დარჩა და ფინიშსაც კი მიაღწია. თუმცა, საბოლოოდ ქულების ზონამდე ერთი ნაბიჯი დააკლდა და ეს ერთი ნაბიჯი ჰამილტონმა არ გადაადგმევინა, რომელიც თითქმის მთელი გზა ისევ მექანიკურ პრობლემებს ებრძოდა. 

„სტარტი ძალიან მნიშვნელოვანი იყო. გზის ჭუჭყიან მხარეს ვიდექი. ძალიან სწრაფად დავიძარი და შევნიშნე, რომ მარკს ცოტა დაუგვიანდა. თავიდან გვერდში ამოვუდექი, პირველ მოსახვევში კი შიდა ტრაექტორიაზე ვიყავი და პირველი მე შევედი. ძალიან კარგი სტარტი გამომივიდა“, - ნარბოლევს განაცხადა ფეტელმა, ვინც ზედიზედ მესამე, ამ სეზონში მეოთხე (პირველია, ვინც სამზე მეტი მოიგო) და კარიერაში 25-ე რბოლა მოიგო.
ფეტელმა რბოლის მიწურულს ტემპი დააგდო, რათა საბურავებს გაფრთხილებოდა. ამან ვებერს მიახლოების საშუალება მისცა, თუმცა არა იმდენად, რომ თანაგუნდელისთვის ხიფათი შეექმნა. თავის მხრივ, ალონსოც საკმაოდ უხიფათო დისტანციაზე ჰყავდა. ლიდერობის დაკარგვის მიუხედავად, ალონსო პრესკონფერენციაზე იხტიბარს არ იტეხდა:
„ვფიქრობ, ამ რბოლაში ჩემი მანქანის მუშაობით კმაყოფილი უნდა ვიყო. შემიძლია ვთქვა, რომ მას სწორი მიმართულებით ვავითარებთ. ერთი ნაბიჯიც და „რედ ბულივით“ კონკურენტინარიანები ვიქნებით“, - განაცხადა ალონსომ, ვის ამ სიტყვებსაც ფელიპე მასაც ადასტურებს, რომელმაც ესპანელთან მხოლოდ 7 წამი წააგო.
ფინიშთან მეხუთე მივიდა კიმი რაიკონენი, ვისთვისაც ეს ზედიზედ მე-13 ქულიანი ფინიშია. შეგახსენებთ, რომ ფინელს ჯერ რბოლაც არ მოუგია, თუმცა ჩემპიონობის შანსს ჯერაც ინარჩუნებს. მას 14 ქულით ჩამორჩება ჰამილტონი, ვინც ტიტულის მოპოვების თეორიულ შანსებს ჯერაც ინარჩუნებს, მაგრამ კორეული წვალების შემდეგ, მან განაცხადა, რომ ეს პრაქტიკულად შეუძლებელია, თუმცა ბრძოლის შეწყვეტას მაინც არ აპირებს.

კორეის დიდი პრიზი
იონგამი, დსტანცია 308.63 კმ (5.615 კმ, 55 წრე)
1. სებასტიან ფეტელი (გერმანია, რედ ბული)               1:36:28.651
2. მარკ ვებერი (ავსტრალია, რედ ბული)                      +00:08.231
3. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, ფერარი)                   00:13.944
4. ფელიპე მასა (ბრაზილია, ფერარი)                            00:20.168
5. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ლოტუსი)                         00:36.739
6. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, ფორს ინდია)            00:45.301
7. რომენ გროჟანი (საფრანგეთი, ლოტუსი)                   00:54.812
8. ჟან-ერიკ ვერნი (საფრანგეთი, ტორო როსო)             01:09.589
9. დანიელ რიკიარდო (ავსტრალია, ტორო როსო)        01:11.787
10. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მაკლარენი)          01:19.692
11. სერხიო პერესი (მექსიკა, ზაუბერი)                         01:20.062
12. პოლ დი რესტა (ბრიტანეთი, ფორს ინდია)             01:24.448
13. მიხაელ შუმახერი (გერმანია, მერსედესი)                01:29.241
14. პასტორ მალდონადო (ვენესუელა, უილიამსი)       01:34.924
15. ბრუნო სენა (ბრაზილია, უილიამსი)                        01:36.902
16. ვიტალი პეტროვი (რუსეთი, კატერჰემი)                 1 წრე
17. ჰეიკი კოვალაინენი (ფინეთი, კატერჰემი)              1 წრე
18. ტიმო გლოკი (გერმანია, მარუსია)                           1 წრე
19. შარლ პიკი (საფრანგეთი, მარუსია)                          2 წრე
20. ნარაინ კართიკეიანი (ინდოეთი, ისპანია)               2 წრე
გ. კამუი კობაიაში (იაპონია, ზაუბერი)                         39 წრე
გ. პედრო დე ლა როსა (ესპანეთი, ისპანია)                   39 წრე
გ. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი)                     54 წრე
გ. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი)                 55 წრე

შენიშვნა: გ - გამოეთიშა
უსწრაფესი წრე: მარკ ვებერი - 1:42.037, 54-ე წრე

მრბოლთა კლასიფიკაცია
1. სებასტიან ფეტელი - 215 ქულა; 2. ფერნანდო ალონსო - 209; 3. კიმი რაიკონენი - 167; 4. ლუის ჰამილტონი - 153; 5. მარკ ვებერი - 152; 6. ჯენსონ ბატონი - 131; 7. ნიკო როსბერგი - 93; 8. რომენ გროჟანი - 88; 9. ფელიპე მასა - 81; 10. სერხიო პერესი - 66; 11. კამუი კობაიაში - 50; 12. ნიკო ჰულკენბერგი - 45; 13. პოლ დი რესტა - 44; 14. მიხაელ შუმახერი - 43; 15. პასტორ მალდონადო - 33; 16. ბრუნო სენა - 25; 17. ჟან-ერიკ ვერნი - 12; 18. დანიელ რიკიარდო - 9

კონსტრუქტორთა თასი
1. რედ ბულ-რენო - 367 ქულა; 2. ფერარი - 290; 3. მაკლარენ-მერსედესი - 284; 4. ლოტუს-რენო - 255; 5. მერსედესი - 136; 6. ზაუბერ-ფერარი - 116; 7. ფორს ინდია-მერსედესი - 89; 8. უილიამს-რენო - 58; 9. ტორო როსო-ფერარი - 21

No comments:

Post a Comment