Tuesday, October 23, 2012

„ნისან იქსტრიმი“ ქალაქისთვისაც და რალისთვისაც

Nissan Unveils Extrem Concept for an "Urban Rally Car" at Sao Paulo Auto Show
23 ოქტომბერი
ზუსტად ასე, თუ გინდათ მანქანა, რომელსაც ქალაქშიც გამოიყენებთ და რალის რბოლები მონაწილეობისთვისაც, სწორედ „ნისანის“ კონცეპტუალური „იქსტრიმი“ გამოგადგებათ. უცნაურია, არა? რა თქმა უნდა, თუმცა ამან იაპონურ კომპანიას ხელი მაინც ვერ შეუშალა იმაში, რომ სწორედ ამ ანკესით მიეზიდა თავის სტენდზე სან პაულუს მოტორ შოუს დამთვალიერებელი, რომელსაც პავილიონში ეს კონცეპტუალური ავტომობილი ელოდა.
თანაც, „იქსტრემი“ „ნისანის“ პირველი კონცეპტუალური ავტომობილია, რომელიც სპეციალურად, ბრაზილიის ბაზრის სპეციფიკის მიხედვითაა შემუშავებული და იქვეა დამზადებული. იაპონურ კომპანიას შარშან ბრაზილიაში გაყიდვების მნიშვნელოვანი ზრდა ჰქონდა და შედეგად, იქაური ბაზრის თითქმის 2 პროცენტი აითვისა, რაც წინა წლის მაჩვენებელზე თითქმის ორჯერ მეტია. თუმცა, ამით დაკმაყოფილებას „ნისანი“ არ აპირებს და მალე ბრაზილიური ბაზრის 5 პროცენტის ათვისებას გეგმავს.

აღსანიშნავია, რომ პატარა, 2+2 ქროსოვერის შემუშავებაში, „ნისანის“ სან დიეგოს (კალიფორნია) დიზაინ ცენტრის სპეციალისტებთან ერთად, მათი ბრაზილიელი კოლეგებიც მონაწილეობდნენ. კონცეპტუალური ავტომობილი, იაპონური კომპანიის V პლატფორმაზეა ბაზირებული, რომელსაც „ნისანი“ გლობალური ბაზრისთვის განკუთვნილი „მიკრასთვის“ (მარჩისთვის) და ჩრდილოამერიკული ბაზრისთვის განკუთვნილ სედან „ვერსასთვის“ იყენებენ.
„ჩვენ ამ ავტომობილს პატარა მხეცი შევარქვით. მას აღვიქვამთ, როგორც საქალაქო რალის ავტომობილს, პატარა ქუჩის მებრძოლს, რომელიც ურბანულ ჯუნგლებს გაუმკლავდება, არის მკვირცხლი და თავდაჯერებული“, - ამბობს „ნისან დიზაინ ამერიკას“ მთავარმა დიზაინერმა რობერტ ბაუერმა.


„ნისან იქსტრიმის“ გაბარიტებია: სიგრძე 3850 მილიმეტრი, სიგანე 1765 მილიმეტრი, სიმაღლე 1530 მილიმეტრი და ბორბლებს შორის ბაზა 2450 მილიმეტრი. შედარებისთვის, ასევე პატარა „ნისან ჯუკის“ სიგრძე 4125 მილიმეტრია. კონცეპტუალური ავტომობილის გარეგნობაში, „ნისანის“ სხვა ავტომობილებთან, მაგალითად GT-R-თან (რადიატორი) და 370Z-თან (ფარები და სახურავი), მსგავსება შეინიშნება.
პატარა ქროსოვერი აღჭურვილია ბენზინის 1.6-ლიტრიანი ტურბო ძრავით, რომელსაც ასევე საწვავის უშუალოდ წვის კამერაში მიწოდების სისტემაც ემსახურება. მის მიერ გამომუშავებულ მამოძრავებელ ძალას კი ან მხოლოდ წინა, ან ყველა ბორბალი მიიღებს. ძრავის კონკრეტული მახასიათებლები შოუზე არ გამოუქვეყნებიათ. თუმცა განაცხადეს, რომ ასეთი ძრავით, ექსპერიმენტული სარბოლი ავტომობილი „დელტაუინგია“ აღჭურვილი, რომლისთვისაც სიმძლავრე 300 ცხენის ძალამდე გაზარდეს.
გამოფენაზე ჩატარებულ პრეზენტაციაზე, „ნისანმა“ განმარტა, რომ „იქსტრიმი“ მხოლოდ კონცეპტუალური ავტომობილია და მისი წარმოება არ იგეგმება. სამაგიეროდ, იქვე აღინიშნა, რომ ამ ავტომობილის სტილის ზოგიერთი ელემენტი მალე ბრაზილიისთვის განკუთვნილ სერიულ ავტომობილებზე გამოჩნდება.

No comments:

Post a Comment