Wednesday, November 7, 2012

„რენო“ - ბრენდი ადამიანისთვის

7 ნოემბერი
ევროპაში ეკონომიკური კრიზისი ბობოქრობს, რომელიც ყველაზე მტკივნეულად იმ საავტომობილო კომპანიებზე მოქმედებს, რომელთათვისაც ძველი კონტინენტი, პროდუქციის გასაღების მთავარი ბაზარია. ამ კრიზისმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ავტომწარმოებელთა კეთილდღეობა, მათს გლობალიზაციაზეა დამოკიდებული. ამ მიმართულებით კი, კორპორატიულ სტილს, რომელიც ავტომობილების ვიზუალურ მხარეს წლების განმავლობაში განსაზღვრავს, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება.

ლორენს ფან დენ აკერი
სტილტან ერთად, საჭიროა კონცეპციის ჩამოყალიბება, რომელიც კომპანიის ერთგვარი სამოქმედო რუქა იქნება. რა თქმა უნდა, დროთა განმავლობაში, ამ კონცეპციის და სტილის კორექტირება, დახვეწა აუცილებლად მოხდება, მაგრამ არა იმდენად, რომ ამან პროდუქციის ცნობადობაზე უარყოფითად იმოქმედოს.
ანტონ შამენკოვი
ანდრეი ბასმანოვი
ასეთი კონცეპციებისა და სტილის შემუშავებას კი დახვეწილი გემოვნების დიზაინერები და მდიდარი ფანტაზიის მქონე მარკეტოლოგები ესაჭიროება. ასეთებს, კომპანიის სწორი მიმართულებით წაყვანა შეუძლიათ, იმ მიმართულებით, რომელიც ბაზარზე ჩამოყალიბებულ ტრენდებსაც ააყოლებს ფეხს და მაქსიმალურად ოპერატიულად შეეწყობა იმ სიახლეებს, რომლებიც საავტომობილო ინდუსტრიაში სულ უფრო ხშირად ჩნდება.
მას შემდეგ, რაც „რენოს“ დიზაინის შტოს სათავეში, წარსულში „ფორდის“ და „მაზდას“ ერთ-ერთი გამორჩეული დიზაინერი, ჰოლანდიელი ლორენს ფან დენ აკერი ჩაუდგა, ფრანგული კომპანია მაშინვე შეუდგა ახალი კორპორატიული სტილის და შესაბამისი ფილოსოფიის ჩამოყალიბებას. და ბუნებრივია, საინტერესო უნდა იყოს ამ პროცესის სამზარეულოში ჩახედვა.
ამის საშუალება კი, ახლახანს „რენოს“ ავტომობილების ოფიციალურმა იმპორტიორმა საქართველოში, კომპანია „ავტო სტაილმა“ მოგვცა, რომელმაც ფრანგული კომპანიის ორ დიზაინერთან - კონცეპტუალური და სერიული მოდელების ექსტერიერის დიზაინერებთან, ანდრეი ბასმანოვთან და ანტონ შამენკოვთან (ნამუშევარია დაიმლერ-კრაისლერში, პორშეში, ფოლკსვაგენში) დაგვაკავშირა.

ბრენდი ადამიანისთვის
„რენო არის ბრენდი ადამიანისთვის. ჩვენ ავტომობილებს, ადამიანის სიცოცხლის ყოველი მონაკვეთისთვის ვქმნით“, - ჟენევის შარშანდელ მოტორ შოუზე, ამ სიტყვებით განმარტა რომბების დიზაინის ახალი სტრატეგია ფან დენ აკერმა. ზრდა, განვითარება, დაოჯახება და ასე შემდეგ... თავის მყიდველებს, „რენო“ ავტომობილებს ცხოვრების ყოველი ამ მონაკვეთის შესაბამისად შესთავაზებს, რადგან ცხოვრების სტატუსის ცვლილების კვალობაზე, მყიდველის გემოვნება და მოთხოვნილებები იცვლება, - განმარტავს შამენკოვი.
ბასმანოვის თქმით, ფრანგული კომპანიის ბოლო კონცეპტუალური ავტომობილები  ადამიანზეა ორიენტირებული, ყოველი ახალი კონცეპციის მთავარი ობიექტი ადამიანია. მანქანა ადამიანის ირგვლივ იქმნება და არა ძრავის ირგვლივ, როგორც ამას „ბეემვეში“ აკეთებენ.

პრემიუმი და სპორტი
ფრანგული კომპანიის დიზაინერებმა ასევე ილაპარაკეს იმ ორი ახალი ბრენდის შესახებ, რომელთაგან ერთი პრემიუმ სეგმენტის ავტომობილებს გამოუშვებს, მეორე კი - სპორტულ ავტომობილებს. მათ განაცხადეს, რომ ახალ პრემიუმ ბრენდს ჯერ სახელი შერჩეული არ აქვს, თუმცა მისი დიზაინის ენის ჩამოყალიბება უკვე დაწყებულია და მათ შესახებ, უახლოეს მომავალში უფრო დაწვრილებითი ინფორმაცია გავრცელდება.
ამასთან, შამენკოვმა აღნიშნა, რომ როგორც წესი, პრემიუმ ბრენდები ყოველთვის კონსერვატიულ სტილს ამჯობინებენ, მაგრამ ფრანგული კომპანია ამ მხრივაც აქცენტს ადამიანზე გააკეთებს. უბრალოდ, საკუთრივ „რენოსთან“ შედარებით, პრემიუმ ავტომობილებს უფრო მკაცრი გარეგნობა ექნება. ამასთან, მან ივარაუდა, რომ პრემიუმ ბრენდის სტილი იქნება ისეთი, როგორსაც ამ ეტაპზე „რენოსგან“ არავინ ელის.
დიზაინერებთან საუბრისას, ჯერ კიდევ არ იყო ცნობილი, რომ სპორტულ ბრენდ „ალპინის“ ავტომობილებზე მუშაობაში, „რენოს“ პარტნიორობას სპორტული ავტომობილების მწარმოებელი ბრიტანული „კატერჰემი“ გაუწევს. ბასმანოვის თქმით, ამ პროექტზე მუშაობაც ინტენსიურად მიმდინარეობს და მის შედეგებსაც მალე ვიხილავთ.
მას არ დაუზუსტებია, როდის იქნება „მალე“. კითხვაზე, ხომ არ იგულისხმა ჟენევის მოტორ შოუ, ბასმანოვი ამბობს, რომ ჟენევური გამოფენისთვის მისი კომპანია რამდენიმე საინტერესო სიახლეს ამზადებს, თუმცა დაკონკრეტებისგან თავი შეიკავა, რადგან როგორც წესი, კომპანიები ასე ადრე თავიანთ სიახლეებზე არ საუბრობენ.
ამასთან, მანვე აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე, ფან დენ აკერი მუშაობს იმაზე, რომ შეიმუშაოს სტაბილური კორპორატიული სტილი, რომელიც მთელ სამოდელო გამას მოერგება და რომელიც ფრანგული ბრენდის იმიჯის ცნობადობას და ავტორიტეტს გააუმჯობესებს. ამ ეტაპზე კი განვითარდება სტილი, რომელშიც ბოლო სერიული (მაგალითად კლიო) და კონცეპტუალური ავტომობილებია შესრულებული.

კონცეპციიდან კონვეიერამდე
ალბათ დაკვირვებიხართ, კონცეპტუალური ავტომობილები ყოველთვის გამოირჩევა ექსტრავაგანტურობით, ისინი გამოფენებზე თვალს იზიდავენ, მათი შემხედვარე კი დამთვალიერებლებს ხშირად აღმოხდებათ ხოლმე აღტაცება. და ალბათ, ბევრს ებადება კითხვა, რატომ იცვლიან ეს ავტომობილები სახეს, სანამ კონვეიერამდე მიაღწევენ?
შამენკოვის თქმით, ეს ბევრ, პირველ რიგში, ფინანსურ ფაქტორზეა დამოკიდებული - კონცეპტუალური ავტომობილების ბევრი ელემენტის წარმოება არარენტაბელური იქნება, რაც საბოლოო პროდუქტის ფასს გაზრდის და შედეგად, ის არაკონკურენტუნარიანი გახდება. ამ შემთხვევაში, პირობებს კონვეიერი, წარმოების სპეციფიკა აყალიბებს. შესაბამისად, უარს ამბობენ ისეთ ელემენტებზე, რომლებიც ამ პირობებს ვერ აკმაყოფილებს.
საერთოდ, კონცეპტუალურიდან სერიული მოდელის შემუშავებისას, მუდმივად ჩნდება კითხვები, აუცილებელია თუ არა ესა თუ ის დეტალი. გადაწყვეტილებებს მუშაობის პროცესში ღებულობენ. რა თქმა უნდა, ტექნიკურად შესაძლებელია კონცეპტუალური ავტომობილის უცვლელად დაყენება კონვეიერზე, მაგრამ მისი ფასი მნიშვნელოვნად გაიზრდება. ეს კი დაუშვებელია. „ყოვერლთვის ვეძებთ კომპრომისს - რა უფრო სჭირდება მომხმარებელს, რა არის მისთვის ავტომობილში მთავარი“, - დასძენს შამენკოვი.

სტუდენტური იდეები
ახლახანს „რენომ“ მოსკოვში საინტერესო პროექტი განახორციელა: სტუდენტებს შესთავაზეს, ჩამოეყალიბებინათ თავიანთი ხედვა „რენოს“ ავტომობილზე, რომელიც მაქსიმალურად მისადაგებული იქნებოდა რუსული ბაზრის სპეციფიკასთან. ბასმანოვი ამბობს, რომ სტუდენტებმა ბევრი საინტერესო და თამამი იდეა წარმოადგინეს, რომლებიც შესაძლოა, ფრანგულმა კომპანიამ გამოიყენოს კიდეც. გამოვლინდნენ ისეთებიც, რომლებთან მუშაობაც, ბასმანოვის თქმით, მათთვის საინტერესოც კი იქნებოდა.
ის დასძენს, რომ საავტომობილო კომპანიები დაინტერესებულნი არიან ყოფილი საბჭოეთის ქვეყნების ახალგაზრდა დიზაინერების მიწვევით, რადგან ბოლო ხანებში, აქ ბევრი ნიჭიერი დიზაინერი გამოჩნდა. მათ შორის არიან ქართველებიც, რომლებსაც საინტერესო ფანტაზიები, ფორმების და ფერების აღქმის კარგი უნარი, დიზაინის კულტურა გამოავლინეს. და რა თქმა უნდა, მათ აქვთ ტემპერამენტი, რაც თანამედროვე საავტომობილო დიზაინში მეტად მნიშვნელოვანია.

No comments:

Post a Comment