Saturday, November 10, 2012

„მაზდა“ მექსიკაში მანქანებს „ტოიოტასთვისაც“ ააწყობს

Mazda to build small Toyota in Mexico for US consumption
10 ნოემბერი
ნუ გაგიკვირდებათ, რადგან ასეთი თანამშრომლობა კომპანიებს შორის საკმაოდ გავრცელებულია. თუმცა „ტოიოტასა“ და „მაზდას“ შორის ალბათ პირველად ხდება. იაპონურმა კომპანიებმა გამოაცხადეს, „მაზდა“ თავის მექსიკურ ქარხანაში, „მაზდა2-ის“ ბაზაზე, „ტოიოტასთვის“ სუბკომპაქტურ ავტომობილებს გამოუშვებს. ქარხანაში წლიურად ასეთი 50 000 ავტომობილი დამზადდება. პროექტით, წარმოების დაწყება 2015 წელს იგეგმება, მოთხოვნის არსებობის შემთხვევაში კი წარმოება 90 000-მდე გაიზრდება.
აღნიშნული ქარხნის მოდერნიზებაში და ახალი ეკიპირებით აღჭურვაში მონაწილეობა „ტოიოტამაც“ მიიღო, რომელიც იმედოვნებს, რომ „მაზდასთან“ ამ პარტნიორობის წყალობით, მისი ამერიკული გამა უფრო კონკურენტუნარიანი გახდება. რა თქმა უნდა, მოგებას „მაზდაც“ მიიღებს, რომელსაც წარმოების ხარჯები შეუმცირდება. ამასთან, მომავალში „მაზდას“ სამოდელო გამის მნიშვნელოვნად გაფართოების პერსპექტივაც გაუჩნდება.
„ტოიოტას“ ამგვარი სვლა იმ ფაქტორმა განაპირობა, რომ იაპონურ კომპანიას, თავისი წარმოების დიდი ნაწილის იაპონიის გარეთ გატანა სურს. „ტოიოტა“ და სხვა იაპონური კომპანიები, პირველ რიგში, მყარ იენს გაურბიან. გარდა ამისა, შარშანდელი ბუნებრივი კატაკლიზმების შემდეგ, ყველამ გააცნობიერა, რომ წარმოების კოლაფსის თავიდან ასაცილებლად აუცილებელია, რომ არსებობდეს წარმოების სხვაგან სწრაფად გადატანის შესაძლებლობა.
„მაზდასთვის“ ეს პირველი შემთხვევა არაა, როდესაც სხვა კომპანიასთან პარტნიორულ თანამშრომლობას იწყებს. ახლახანს იაპონურმა კომპანიამ ასეთი ურთიერთობა „ფიატთან“ წამოიწყო, რომელთან ერთადაც, ახალ პლატფორმას შეიმუშავებს. ამ პლატფორმაზე, „მაზდა“ შემდეგი თაობის „MX-5 მიატას“ გამოუშვებს. იმავე პლატფორმას, „ფიატი“ „ალფა რომეოს“ ახალი როდსტერისთვის გამოიყენებს.
„ტოიოტას“ არ გამოუცხადებია, თუ რომელი მოდელის წარმოებას აპირებს „მაზდასთან“ ერთად. სავარაუდოდ, ეს ახალი „იარისი“ იქნება. სხვათა შორის, ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ იაპონური კომპანია შემდეგი თაობის „იარისის“ საფრანგეთში წარმოებას და იქიდან ამერიკაში შეტანას აპირებს.

No comments:

Post a Comment