Saturday, August 14, 2010

ელექტრომობილი ”დელასალი” მსოფლიო რეკორდს უმიზნებს

DeLaSalle EV Aims for World Record

12 აგვისტო

საავტომობილო სამყაროში ელექტრომობილების ბუმი იწყება და რა თქმა უნდა, ამ საქმეში დიდი მწარმოებლები ლიდერობენ. თუმცა, ისეთი პატარა კომპანიებიც სოკოებივით მრავლდებიან, რომლებიც ბიზნესის დაწყებას პირდაპირ ამ ძვირი ტექნოლოგიების ათვისებით ცდილობენ. და, ამ ახალ საქმეს არც უნივერსიტეტები აკლდებიან, რომლებიც ავტოკომპანიებს სხვადასხვა საინტერესო იდეას სთავაზობენ.

ასეთებს შორის არიან კანზას სიტის დელასალის უმაღლესი სკოლის სტუდენტები და მათი მასწავლებლები, რომლებმაც საბურავების მწარმოებელი იაპონურ კომპანია ”ბრიჯსტოუნის” ამერიკული შტოს ტექნიკური ცენტრის თანამშრომლებთან ერთად, ორიგინალური ელექტრომობილის პროექტი შეიმუშავეს.

პროექტი ინგლისურ კომპანია ”ლოლას” 2000 წლის ინდი ქარის სერიის სარბოლი ბოლიდის კონსტრუქციას დაეყრდნო. პროექტის ავტორებმა, ელექტრომობილის საფუძვლად აიღეს ბოლიდის შასი, რომელიც მათ მიერ შემუშავებული გამჭვირვალე ძარით შემოსეს.

სტუდენტების ჯგუფმა, რომელსაც სათავეში კლასის ინსტრუქტორი სტივ რიიზი ედგა, მანქანის ძალური დანადგარი და ძარის აეროდინამიკური პაკეტი შეიმუშავა. ორიგინალურ გადაწყვეტათა წყალობით, ავტომობილის წონა მინიმუმზე დაიყვანეს. რა თქმა უნდა, ავტომობილი ”ბრიჯსტოუნის” წარმოების ”ეკოპია EP100” საბურავებზე დააყენეს.

მას შემდეგ, რაც ელექტრომობილი ”ფეხზე დადგა”, ის ”ბრიჯსტოუნის” ტექსასურ საცდელ პოლიგონზე გაიყვანეს, სადაც სრულფასოვანი ტესტების რამდენიმე სერია ჩაუტარდა. როგორც ირკვევა, ამ საინტერესო პროექტის მთავარი მიზანი ავტომობილის ეკონომიურობის მსოფლიო რეკორდის დამყარება ყოფილა.

ტესტების მსვლელობისას, ელექტრომობილმა ეკონომიურობის შესაშური დონე გამოავლინა. მის მიერ მიღწეული ეკონომიურობის მაჩვენებელი, თითქმის 500 კილომეტრზე ერთი გალონი საწვავის (გალონი დაახლოებით 3.785 ლიტრია) ექვივალენტურია.

ტესტებზე ნაჩვენები შედეგების გამო, პროექტზე მომუშავე გუნდმა გადაწყვიტა, გინესის რეკორდების წიგნის გამომცემლებისთვის წერილი გაეგზავნა, რომლითაც მათ მიერ მიღწეული ეკონომიურობის მსოფლიოს ოფიციალურ რეკორდად დაფიქსირებას ითხოვს.

ცნობისათვის, ელექტრომობილების და სხვა ტიპის ეკოლოგიური ავტომობილების შემუშავებისთვის, განვითარებული ქვეყნების მთავრობები მწარმოებლებს სოლიდური შეღავათებით ახალისებენ. ჯერ ერთი, ხდება შესაბამისი პროექტების სახელმწიფოების მიერ თანადაფინანსება. მეორეც, საგადასახადო და სხვა ტიპის ფინანსური შეღავათებით სარგებლობენ ეკოლოგიური ავტომობილების მყიდველებიც. ყოველივეს კი შედეგად ელექტრომობილების წარმოების წახალისება და ამ ახალი ბიზნესის ხელშეწყობა მოჰყვება...

Tuesday, August 10, 2010

”ლოტუს ექსოს T125” - გასართობი ფორმულა

Lotus Exos T125 Breaks Cover

10 აგვისტო

სპორტული ავტომობილების მწარმოებელმა ინგლისურმა კომპანია ”ლოტუსმა”, რომელიც დღეისათვის მალაიზიური ”პროტონის” საკუთრებაა, საზოგადოებას სარბოლი ავტომობილი - ”ექსოს T125” წარუდგინა, რომელიც კერძო პირებზე კი გაიყიდება, თუმცა მხოლოდ სარბოლი ტრასებისთვისაა მისადაგებული.

თავისი აგებულებითაც და გარეგნობითაც, ”ექსოს T125” ფორმულა 1-ის სარბოლ ავტომობილს მოგაგონებთ. ეს არცაა გასაკვირი - ”ლოტუსს” ხომ ავტოსპორტის უმაღლეს კლასში ბევრი მიღწევა აქვს და თანაც, ამ სეზონში, ის დიდი პრიზების ცირკსაც დაუბრუნდა.

ავტომობილის შასი კარბონის კომპოზიტისგანაა დამზადებული, სამუხრუჭე სისტემის ფრიქციული ელემენტები კერამიკული მასალებისგან დამზადდა, გადაცემათა კოლოფიც ისეთივეა, როგორიც ფ1-ში, მისი სადეხურების გადამრთველი ნიჩბები კი საჭის რგოლის უკანაა მოთავსებული.

რაც შეეხება ძრავს, ესაა ინგლისურ კომპანია ”კოსუორტის” 3.5-ლიტრიანი V8, რომელიც 650 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. ძრავის რეკომენდირებული მაქსიმალური ბრუნთა რიცხვი მხოლოდ 10 300-ია წუთში. პირველ რიგში, მცირე ბრუნთა რიცხვი ძრავის სამუშაო რესურსის გაზრდას უზრუნველყოფს, რომელიც 4 500 კილომეტრს შეადგენს. ”კოსუორტი” გარანტიას იძლევა, რომ ამ მანძილზე ძრავს რემონტი არ დასჭირდება. დაკიდევ, სრულად დაკომპლექტებული ავტომობილი მხოლოდ 650 კილოგრამს იწონის. ესე იგი, ავტომობილის ყოველ პირობით ტონაზე 1 000 ცხენის ძალა მოდის.

”ლოტუსი” მხოლოდ 25 ცალი ”ექსოს T125-ის” დამზადებას აპირებს. თითოეულის ღირებულება კი 1 000 000 ამერიკული დოლარი იქნება. რა თქმა უნდა, მყიდველს ”ლოტუსი” ამ ავტომობილის მართვის უფასო გაკვეთილებს პირდება (უფრო სწორედ, გაკვეთილების ფასი ავტომობილის ღირებულებაში შედის). ამასთან, ”ლოტუსი” ამ ავტომობილების მყიდველებს სპეციალურ სატრეკო დღეებს მოუწყობს, რომელთა დროსაც, მოყვარული მრბოლები თავიანთი ძვირადღირებული სათამაშოების მეშვეობით, ადრენალინის ჭარბ დოზებს მიიღებენ.

Saturday, August 7, 2010

”ვოლვო” მე-7 სერიის ”ბეემვეს” კონკურენტს გამოუშვებს

Volvo plans 7-series rival

8 აგვისტო

დიდი ხანი არ გასულა მას შემდეგ, რაც ”ფორდმა” შვედური კომპანია ”ვოლვო” ჩინურ ”ჯილის” მიჰყიდა. და აი, ამ უკანასკნელის შეფი და იმავდროულად, ”ვოლვოს” დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე ლი შოფუ, ვისაც ავტოინდუსტრიის სამყაროში ხშირად ჩინელ ჰენრი ფორდსაც უწოდებენ ხოლმე, აცხადებს, რომ ”ვოლვოს” უმთავრესი ამოცანა სამოდელო გამის გაფართოებაა.

პირველ რიგში, ”ვოლვო” თავისი ახალი ფლაგმანის გამოშვებას გეგმავს, რომლითაც კონკურენციას ”ბეემვეს” მე-7 სერიას, ”მერსედეს ბენცის” S-კლასს და ”აუდის” A8-ს გაუწევს. ცნობისათვის, დღეისათვის ”ვოლვოს” ფლაგმანი ბიზნეს კლასის S80-ია, რომლის წარმოებაც შვედურმა კომპანიამ 2006 წელს დაიწყო.

”ვოლვოს” ახალი მფლობელების მიზანი ისაა, რაც თავის დროზე, ”ფორდმა” არ გააკეთა - წარმოების მოცულობის გაზრდა და რა თქმა უნდა, მომგებიან საქმიანობაზე გადასვლა. სამოდელო გამის გაფართოების გარდა, ამ მიზნების მიღწევაში, ”ჯილის” ის ფაქტორიც უნდა დაეხმაროს, რომ მალე ”ვოლვო” ჩინეთში ახალ საწარმოს ააშენებს. ამ ქარხანაში აწყობილი ავტომობილები კი მხოლოდ ჩინურ ბაზარზე გაიყიდება.

ამასთან, შოფუ პირობას დებს, რომ ახალი საწარმოს ამუშავების შემდეგ, ძველი საწარმოები ძველებურად, სრული სიმძლავრით მუშაობას გააგრძელებენ. დაკიდევ, კომპანიის შტაბ-ბინაც და ტექნიკური ცენტრიც, შვედეთში დარჩება. ”ჯილის” გეგმის მიხედვით, ხუთ წელიწადში, ”ვოლვოს” წარმოების მოცულობა გაორმაგდება და 600 000-ს მიაღწევს. პარალელურად, ამავე პერიოდში, კომპანიის საქმიანობა მომგებიანი უნდა გახდეს.

ცნობისათვის, შვედური კომპანიის გამოსასყიდად, ”ჯილიმ” ამერიკულ ავტოგიგანტს 1.8 მილიარდი დოლარი გადაუხადა. ეს კი 4.6 მილიარდთ ნაკლებია იმ თანხაზე, რაც ”ფორდს” 1999 წელს ”ვოლვოს” შეძენა დაუჯდა.

Tuesday, August 3, 2010

სმიტების სპორტქარი ”ფოლკსვაგენ ჯეტას” ბაზაზე

Smyth Performance G3F: VW Jetta-Based Diesel Sports Car

3 აგვისტო

სპორტული მანქანა, რომელსაც სურათზე ხედავთ, სხვა არაფერია, თუ არა ”ფოლკსვაგენ ჯეტას” ძირეულად მოდიფიცირებული ვერსია. ოღონდ, მისი ძრავი წინ კი არა, ბაზაშია მოთავსებული და ავტომობილსაც წამყვანი უკანა ბორბლები აქვს. ისე კი, უფრო მართალი იქნებოდა, რომ გვეთქვა - ამ ავტომობილმა არსებობა დაიწყო, როგორც ”ფოლკსვაგენ ჯეტამ”, მაგრამ მას შემდეგ, რაც მას მარკ და დეივ სმიტების ხელი შეეხო, სულ სხვა ავტომობილად მოგვევლინა.
ჯერ დავიწყოთ იმით, რომ ორივე სმიტი კიტ ქარების (ასაწყობი ავტომობილების) მწარმოებელ კომპანია ”ფაქტორი ფაივ რეისინგის” დამაარსებლები არიან. ამასთან, დეივ სმიტი კომპანია ”სმიტ პერფორმენსის” მფლობელიცაა. ბუნებრივია, მათ მსგავსი პროექტების განხორციელების დიდი გამოცდილება აქვთ. ამ ენთუზიასტებმა რატომღაც გადაწყვიტეს, რომ მათი ჩანაფიქრის განსახორციელებლად, საუკეთესო ბაზისად მეოთხე თაობის ”ჯეტა” გამოდგებოდა, რომელსაც ვოლფსბურგული გიგანტი 1998-2005 წლებში უშვებდა.

იმ ავტომობილის მისაღებად, რომელიც მათ ჩაიფიქრეს, ”ჯეტაზე” რამდენიმე რადიკალური მოდიფიკაციის ჩატარება გახდა საჭირო. კერძოდ, მას მოჭრეს სახურავი და უკანა ნაწილი. წინა ნაწილს ძარის ელემენტები მოხსნეს ფოლადის ოთხკუთხა მილებისგან შეკრული ჩარჩო მიუერთეს. ძრავმა ახალი პლატფორმის შუა ნაწილში გადაინაცვლა. ახალ შასიზე კი შუშის ბოჭკოვანი ქსოვილის კომპოზიტისგან დამზადებული ძარა და ახალი საქარე მინა დაამაგრეს.

სხვათა შორის, ”ჯეტა” ერთადერთი ავტომობილი არაა, რომლის ნაწილებიც ახალი ავტომობილის შექმნისას სმიტებმა გამოიყენეს - მათმა სპორტულმა ავტომობილმა, წინა ფარები ”ტოიოტა სელიკასგან” მიიღო. ახალ ავტომობილს მისმა ავტორებმა ”სმიტ პერფორმენს G3F” უწოდეს. მისი მაქსიმალური სიჩქარე სულ რაღაც 225 კმ/სთ-ია, სამაგიეროდ, ქალაქგარეთ ტრასაზე 100 კილომეტრის გასავლელად, 4 ლიტრ ბენზინზე ნაკლები ჰყოფნის.

დაბოლოს, ”სმიტ პერფორმენს G3F-ს” ფასის შესახებ. იმისათვის, რომ ასეთი ავტომობილი შეიძინოთ, ავტომობილი კარგად უნდა იცოდეთ, რადგან სმიტები მხოლოდ ასაწყობ ავტომობილს ყიდიან, რომელიც შემდეგ თავად უნდა ააწყოთ. კიტ კომპლექტი 15 000 დოლარი ღირს, საიდანაც 10 000 დოლარი გადაკეთებული შასი და ძარა ღირს, დაახლოებით 5 000 დოლარი კი ნახმარი ”ჯეტას” შეძენა და მისი გადაკეთება დაჯდება.

Saturday, July 24, 2010

”სიტროენი” სამ კონცეპტ ქარს კონვეიერზე დააყენებს

Citroen to Produce Survolt, GTbyCitroen, Metropolis

19 ივლისი

სიტროენ სარვოლტი
........................................

”სიტროენმა” თავის სამ კონცეპტუალურ მოდელს, რომელთა გარეგნობის მიხედვით, დარწმუნებით შეიძლებოდა იმის თქმა, რომ კონვეიერზე მათ არასდროს დააყეენბდნენ, მწვანე შუქი აუნთო. ეს კი იმას ნიშნავს, ”სიტროენ სარვოლტის”, ”სიტროენ GT-ს” და ”სიტროენ მეტროპოლისის” შეძენა მალე შესაძლებელი იქნება. თანაც, სამივე კონცეპტის სერიულ ვერსიას ამძრავ ძალას გარემოსადმი მეგობრული ძრავები მიანიჭებენ.

თუ ”სარვოლტი” და GT აშკარად სპორტული ავტომობილებია, ”მეტროპოლისს” მდიდრული სედანის გარეგნობა აქვს. ამასთან, მათ აღჭურვილობაც განსხვავებული ექნებათ. სხვათა შორის, ”სარვოლტმა” ახლახანს მონაწილეობა მიიღო საჩვენებელ რბოლა ”ლე მანს კლასიკში”.

სიტროენ მეტროპოლისი
........................................

ეს ავტომობილი მოკრძალებული გაბარიტებით გამოირჩევა. ის ფოლადის მილებისგან შეკრულ მზიდ ჩარჩოს ეყრდნობა, ძარის პანელები კი კარბონის კომპოზიტისგანაა დამზადებული. მისი ზომებია: სიგრძე 3.85, სიგანე 1.87 და სიმაღლე 1.2 მეტრი. ავტომობილი1150 კილოგრამს იწონის.

”სიტროენ სარვოლტი” ორი ელექტროძრავითაა აღჭურვილი, რომელთა ჯამური სიმძლავრეც 300 ცხენის ძალას აღწევს. მათი მეშვეობით, სპორტული ელექტრომობილის მაქსიმალური სიჩქარე 260 კმ/სთ-ს აღწევს, ადგილიდან 100 კმ/სთ სიჩქარის ასკრეფად კი 5 წამზე ოდნავ მეტი ჰყოფნის. ლითიუმ-იონური აკუმულატორების ტევადობა საკმარისია იმსიათვის, რომ ”სარვოლტმა” 200 კილომეტრის გავლა შესძლოს.

სიტროენ GT

........................................

ეს კონცეპტუალური ავტომობილი ფრანგულმა კომპანიამ ჟენევის წლევანდელ საავტომობილო შოუზე გვიჩვენა, თუმცა მაშინ ითქვა, რომ მისი წარმოება არ იგეგმებოდა. ახლა კი მისი შეზღუდული ტირაჟით წარმოება გადაწყდა. შესაბამისად, მისი ფასიც ყველასათვის ხელმისაწვდომი არ იქნება. დაახლოებით იგივე მონაცემები აქვს GT-ს, რომლის წარმოება ჯერ კიდევ შარშან გადაწყდა, თუმცა სხვადასხვა მიზეზის გამო, მისი ტექნოლოგიური დამუშავების პროცესი გაჭიანურდა.

”მეტროპოლისის” კონცეპციის დებიუტი ასევე წელს, ოღონდ შანჰაის ავტო შოუზე შედგა. თავისი ზომებით, ეს სედანი წარმომადგენლობით კლასს განეკუთვნება. მისი სიგრძე 5.3, სიგანე 2.0 და სიმაღლე 1.4 მეტრია. ის აღჭურვილია ჰიბრიდული დანადგარით, რომლის სიმძლავრეც 460 ცხენის ძალას, მაქსიმალური მაბრუნი მომენტი კი 430 ნიუტონმეტრს აღწევს. ფრანგული კომპანიის მონაცემებით, დაბალი სიჩქარით მოძრაობისას, ”მეტროპოლისი” მხოლოდ ელექტროძრავების მეშვეობით გადაადგილდება.

ძრავთან 7-საფეხურიანი გადაცემათა კოლოფია შეწყვილებული, რომელიც ძრავის მაბრუნ მომენტს გადაბმულობის ორდისკოიანი ქუროს მეშვეობით ღებულობს. ტრანსმისია სრულამძრავიანია, ყველა ბორბალს კი შასისთან აქტიური საკიდარი ”ჰიდრაქტივი” აკავშირებს.

Thursday, July 22, 2010

”პეჟო” კონცეპტუალურ BB1-ს გამოუშვებს

Peugeot BB1 to Make It into Production

21 ივლისი

სკუტერია, თუ ავტომობილი? - ბევრი ახლაც დაობს, თუ რა უწოდოს კონცეპტუალურ მოდელს, სახელად BB1, რომელიც ”პეჟომ” ”ფრანკფურტის” შარშანდელ საავტომობილო გამოფენაზე წარმოადგინა. თუმცა, ამას რა მნიშვნლობა აქვს - გამოცემა ”უოთქარ?-ის” ინფორმაციით, ფრანგულ კომპანიას BB1-ის წარმოება აქვს გადაწყვეტილი. ჟურნალთან საუბრისას, ”პეჟოს” საინჟინრო შტაბის შეფმა ჟილ ვიდალმა განაცხადა, რომ BB1-ის გაყიდვები 2012, ან 2013 წელს დაიწყება.

ყველაზე საინტერესო ისაა, რომ ”ლომებმა” გადაწყვიტეს, რომ სერიულ მოდელს კონცეპტუალური ავტომობილის გარეგნობა შეუნარჩუნონ. ამის საფუძველი კი ”პეჟოს” ხელმძღვანელობას ფრანკფურტში მიღებულმა დადებითმა გამოხმაურებებმა მისცა. სამაგიეროდ, ჯერაც არ გარკვეულა მთავარი საკითხი - რა დაარქვან BB1-ის სერიულ ვერსიას და ავტომობილების კლასს მიაკუთვნონ ის, თუ სკუტერებისას.

ფრანკფურტში ნაჩვენები კონცეპცია ელექტრომობილია, რომელსაც ოთხი მგზავრის გადაყვანა შეუძლია. BB1-ს ორი ელექტროძრავი ემსახურება, რომლებიც უკანა ბორბლებთანაა მოთავსებული. ეს ბორბლები ”პეჟოსა” და ”მიშლენის” სპეციალისტებმა ერთობლივად შეიმუშავეს. თითოეული ძრავის მაქსიმალური სიმძლავრე სულ რაღაც 20 ცხენის ძალაა და მათი მეშვეობით, BB1-ს 0-30 კმ/სთ-მდე აჩქარება 2.8 წამში შეუძლია, 30-დან 60 კმ/სთ-მდე სიჩქარეს კი 4 წამში კრეფს.

ძრავებს ელექტროენერგიით ლითიუმ-იონური აკუმულატორების ბლოკი ამარაგებს, რომელთა ტევადობაც საკმარისია იმისათვის, რომ ავტომობილმა შეუჩერებლად 120 კილომეტრის გავლა შესძლოს. დამატებითი ენერგიის გამომუშავება მზის პანელებით ხდება, რომლებიც კომპანია ”ოუშენ ვიტალ-ის” მიერაა დამზადებული. ეს ენერგია საკმარისია იმისათვის, რომ მანქანის სხვადასხვა ელექტრულმა მოწყობილობამ გამართულად იმუშაოს.

ავტომობილის სიგრძე სულ რაღაც 2.5 მეტრია და ის მხოლოდ 600 კილოგრამს იწონის. სხვა მონაცემები მის შესახებ ჯერჯერობით უცნობია.

”ბეემვე მეგასიტი” პირველად ლონდონის ოლიმპიადაზე გამოჩნდება

BMW Megacity, on Display at the 2012 London Olympics

21 ივლისი

ინტერნეტით გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ”ბეემვე” თავისი სრულიად ახალი ავტომობილის, მიკროლიტრაჟიანი საქალაქო ”მეგასიტის” პრეზენტაციას, მისი წარმოების დაწყებამდე ერთი წლით ადრე, ლონდონის 2012 წლის ოლიმპიადაზე ჩაატარებს.

გამოცემა ”უოთქარ?-ის” ინფორმაციით, გერმანულმა კომპანიამ ეს გადაწყვეტილება იმის გამო მიიღო, რომ ის ლონდონური ოლიმპიადის ოფიციალური პარტნიორია და სრულიად ახალი ავტომობილის რეკლამირებისა და პოპულარიზაციისათვის იმაზე უკეთესი ადგილი სად იქნება, თუ არა ისეთ მასობრივ ღონისძიებაზე, როგორიც ოლიმპიური თამაშებია.

”მეგასიტის” შემუშავება მაღალი ტემპით მიმდინარეობს

........................................

ავტომობილს, რომელიც დღეს ”მეგასიტის” სახელითაა ცნობილი, ”ბეემვეს” ლაიპციგური ქარხანა გამოუშვებს. ტავიდან ლაპარაკი იყო იმაზე, რომ მისთვის ბავარიელები სუბ-ბრენდის შექმნას აპირებდნენ, თუმცა არაა გამორიცხული, რომ ეს ავტომობილი ან საკუთრივ ”ბეემვეს”, ან ”მინის” მარკით გამოუშვან.

”მეგასიტი” შემუშავების პროცესშია. მისი ერთ-ერთი მთავარი ნაწილი - სინქრონული ელექტროძრავი ბავარიელებმა პირველად თავიანთ კონცეპტუალურ ავტომობილ ”აქტივE-ზე” გამოიყენეს. ეს აგრეგატი 170 ცხენის ძალას და მაქსიმუმ 250 ნიუტონმეტრ მაბრუნ მომენტს გამოიმუშავებს. მისი წყალობით, ავტომობილის მაქსიმალური სიჩქარე 144 კმ/სთ-ს მიაღწევს, მისი სვლის სიშორე კი 200 კილომეტრი იქნება.

”მეგასიტიზე” აკუმულატორების ბლოკები ავტომობილის ძირზე მოთავსდება, რისი წყალობითაც, ავტომობილს სიმძიმის ცენტრი ჩვეულებრივზე დაბლა ექნება. ელექტროძრავი კი ავტომობილის უკან განლაგდება და ის, ერთსაფეხურიანი ტრანსმისიის გავლით, მაბრუნ ძალას უკან წამყვან ბორბლებს გადასცემს. მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ ავტომობილის შასი ალუმინისგან, მისი ძარის კომპონენტები კი კარბონის კომპოზიტისგან დამზადდება. ამ კომპონენტებს ბავარიელები აშშ-ში, პარტნიორ კომპანია ”SGL ავტომოტივთან” ერთად აწარმოებენ.

”შკოდა” იაფფასიან მცირელიტრაჟიან ავტომობილს გამოუშვებს

Skoda Joyster Gets the Green Light

21 ივლისი

ცოტა ხნის წინ, ცნობილი გახდა, რომ ”ფოლკსვაგენი” თავის კონცეპტუალურ მცირელიტრაჟიან მოდელ Up!-ის ბაზაზე ჰეჩბეკ ”ლუპოს” აღადგენს. ამ უნფორმაციის გავრცელებიდან რამდენიმე დღეში კი ”შკოდამ”, რომელიც გერმანული კომპანიის ჯგუფში შედის, გამოაცხადა, რომ მალე დაიწყებს მცირელიტრაჟიანი ავტომობილის წარმოებას, რომელიც მის ავტომობილებს შორის ყველაზე იაფი ეღირება.

ბუნებრივია, ”შკოდას” ავტომობილიც Up!-ის ბაზაზე დამზადდება. თუმცა ჩეხურ კომპანიას შესაბამისი კონცეპტუალური მოდელი, სახელად ”ჯოისტერი”, Up!-ზე ადრე, 2006 წელს ჰქონდა წარმოდგენილი. ახალი ავტომობილის მსოფლიო პრემიერა 2012 წლის პირველ ნახევარშია მოსალოდნელი. ის 9 000 ევროზე იაფი ეღირება და ისევე როგორც ”ფოლკსვაგენ ლუპო”, კონკურენციას ”პეჟო 107-ს” და ”ტოიოტა აიგოს” გაუწევს.

”შკოდა ჯოისტერის” შესახებ, ჯერჯერობით ცნობილია მხოლოდ ის, რომ ძრავი მის წინა ნაწილში განთავსდება. ამ ეტაპზე გადაწყვეტილი არაა, რომელი ძრავებით აღიჭურვება ახალი ავტომობილი. სავარაუდოდ, ეს იქნება ბენზინის სამცილინდრიანი ძრავი 1.0 ლიტრი მუშა მოცულობით და ასევე სამცილინდრიანი, ოღონდ 1.2-ლიტრიანი დიზელი. იგივე ძრავებით ალბათ ”ლუპოც” აღიჭურვება.

სავარაუდოდ, ახალი ავტომობილი ეკონომიურიც იქნება და გარემოსადმი მეგობრულიც - მისი დიზელისძრავიანი ვერსია ყოველი კილომეტრის გავლისას, ატმოსფეროს მხოლოდ 80 გრამი ნახშირორჟანგით დააბინძურებს, ბენზინისძრავიანის შესაბამისი მაჩვენებელი კი 100 გრ/კმ იქნება.

ცნობისათვის, ”შკოდას” გარდა, Up!-ის ბაზაზე ამავე კლასის ავტომობილს, გერმანული კომპანიის ჯგუფში შემავალი კიდევ ერთი კომპანია - ესპანური ”სეატი” აპირებს. ”ჯოისტერს” ალბათ ”შკოდას” ალოვაკური საწარმო გამოუშვებს, რომელიც ქვეყნის დედაქალაქ ბრატისლავაში მდებარეობს.

ცნობილია, რომ ”ფოლკსვაგენი” ”ლუპოს” ელექტრონულ ვერსიასაც გამოუშვებს. მაგრამ ჯერჯერობით გადაწყვეტილი არაა, იმავე ელექტრომობილის წარმოებას ”შკოდა” და ”სეატიც” თუ აითვისებენ.

Wednesday, July 21, 2010

”სივრცულად ეფექტური ავტომობილი” - მომავალი ”იზეტა”?

iSetta Based SEV Concept Vehicle

20 ივლისი

იმას, რაც ფოტოზე ჩანს, ავტომობილს ძნელად თუ უწოდებ, მაგრამ მისი ავტორი, ჰოლანდიელი საავტომობილო ინჟინერი და დიზაინრეი რალფ პანჰუიზენი სხვაგვარად ფიქრობს და თავის მორიგ კონცეპტუალურ ქმნილებას ”სივრცულად ეფექტურ ავტომობილს” (SEV) უწოდებს. და მაინც, ეს უფრო გარდამავალი რამაა ავტომობილსა და სამბორბლიან მოტოციკლს შორის, რომელიც 130-180 კილომეტრს, ერთი გალონი საწვავით გადის, ან სულაც, მამოძრავებელ ძალას ელექტროძრავებისგან ღებულობს.

პროექტის ავტორი ამბობს, რომ 100-დან 1-მა მყიდველმა მაინც რომ ამ ავტომობილის შეძენა გადაწყვიტოს, ამით ათასობით ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება. თუმცა, ის არაფერს ამბობს იმაზე, რომ ამდენივე სამუშაო ადგილის შეკვეცა იმ მწარმოებლებს მოუწევთ, რომლებსაც მისი ავტომობილი მყიდველს წაართმევს.

ეგ კიდევ არაფერი, პანჰუიზენი თავის ქმნილებას ”მსოფლიოს საუკეთესოს” უწოდებს, თუმცა რა არის, ეს ”მსოფლიოში საუკეთესო”, ამას თავად არ განმარტავს. მის მანქანას წინა ნაწილი ავტომობილის მსგავსი - ორბორბლიანი აქვს, უკან კი მხოლოდ ერთი ბორბალია და ამ ნაწილით ის დიდი ზომის მოტოციკლს მოგაგონებთ. ამ კონცეპტუალური სატრანსპორტო საშუალების დასამზადებლად შესაძლებელია როგორც სამბორბლიანი, ასევე მისაბმელიანი მოტოციკლის პლატფორმის გამოყენება.

რატომ ვახსენთ ”იზეტა”? ბევრმა ალბათ არ იცის, რომ თავის დროზე, იტალიაში შექმნილმა ჯუჯა ”იზეტამ” დიდი როლი ითამაშა კრიზისიდან ”ბეემვეს” გამოყვანაში. ბავარიული კომპანია აჯამად კრიზისისგან შორსაა, თუმცა ცნობილია, რომ მისი კონსტრუქტორები სუბკომპაქტური ავტომობილის შექმნაზე მუშაობენ. ჰოდა, პანჰუიზენმაც თავისი ხედვა გვიჩვენა იმისა, თუ როგორი შეიძლება იყოს თანამედროვეობის ”იზეტა”.

და ვინ იცის, იქნებ მისი კონცეპცია რომელიმე დიდმა, ან ამბიციური და ერთი შეხედვით, ავანტიურისტული ქმედებისადმი მიდრეკილმა რომელიმე ახალმა კომპანიამ შეიძინოს, რომელიც დიდ ბაზარზე დამკვიდრებას ახლა ცდილობს? გაიხსენეთ თუნდაც სახელოვან ბრიტანელ კონსტრუქტორ გორდნ მარის ჯუჯა T25, რომელსაც ის სხვა კომპანიებს სთავაზობს...

”რემბო ლამბო” ”ფოლკსვაგენ ტუარეგის” ბაზაზე დამზადდება

Rambo Lambo revived by the Touareg

20 ივლისი

სუპერ ავტომობილების ბაზარი თანდათან სულ უფრო მრავალფეროვანი ხდება, რისკენაც მწარმოებლებს ამ მცირე სეგმენტის გაჯერება, კონკურენტების რაოდენობის არნახული ზრდა უბიძგებს. ამის დასტურია თუნდაც ის ცნობა, რომ ”ლამბორგინის” უგზოობის ავტომობილების წარმოება აქვს განზრახული, რისთვისაც ბაზისად ”ფოლკსვაგენ ტუარეგის” პლატფორმას გამოიყენებს.

რა თქმა უნდა, უგზოობის სუპერ ავტომობილების წარმოებაში ”ლამბორგინი” პიონერი ვეღარ გახდება - ის რომ 1980-იან წლებში ასეთი რამდენიმე ავტომობილი დაამზადა, ახალი სეგმენტის გასახსნელად საკმარისი არ აღმოჩნდა, რადგან მაშინ მსოფლიო ავტოინდუსტრია ამისთვის მზად არ იყო და სუპერ ავტომობილების მწარმოებლებსაც ასეთ სიახლეებზე ფულის ხარჯვა არ სურდათ.

მაგრამ რამდენიმე წლის წინ ”პორშეს” მიერ მოდელ ”კაიენის” გამოშვებას, ადრე თუ გვიან, ვინმე უნდა გამოპასუხებოდა. ჰოდა, ამ მხრივ, პირველი ”ლამბორგინი” გახდება, რომელსაც, როგორც ”ფოლკსვაგენის” დიდი ოჯახის წევრს, უგზოობის ავტომობილების წარმობის დასაწყებად, ”ფოლკსვაგენ ტუარეგის” სახით, შესანიშნავი ბაზისი აქვს. შეგახსენბთ, რომ ”კაიენიც” სწორედ ”ტუარეგის” პლატფორმაზეა აგებული.

ცნობისათვის, უგზოობის მოდლ LM002-ს ”ლამბორგინი” 1986-1993 წლებში უშვებდა. ეს ავტომობილი განსაკუთრებული პოპულარობით არაბ შეიხებს შორის სარგებლობდა. ამასთან, რამდენიმე ქვეყნის არმიამ, იტალიურ კომპანიას მისი გასამხედროებული ვერსიაც შეუკვეთა.

”ლამბორგინი” აცხადებს, რომ უგზოობის ახალი ავტომობილის წარმოების დაწყება, LM002-ს პოპულარობამ გადააწყვეტინა. ამასთან, დიდი მნიშვნელობა აქვს იმ ფაქტს, რომ ახალი პლატფორმის შემუშავება საჭირო არ იქნება და ასე, სოლიდური თანხა დაიზოგება.

რა თქმა უნდა, ძნელი სათქმელია, როგორი იქნება ”ლამბოს” ახალი უგზოობის ავტომობილი და რა აღჭურვილობას მიიღებს ის. შეგახსენბთ, რომ LM002-ს კაპოტქვეშ 5.2-ლიტრიანი V12 ედგა. თუმცა, ახლანდელი საავტომობილო ტრენდიდან გამომდინარე, რომლის შესაბამისადაც, მწარმოებლები ცდილობენ, რომ მათმა ავტომობილებმა გარემო ნაკლებად დააბინძურონ, არაა გამორიცხული, რომ ახალი ”რემბო ლამბო” უფრო მოკრძალებული ძრავებითაც აღიჭურვოს. მითუმეტეს, რომ მალე იტალიური კომპანია V8 კონფიგურაციის ძრავების წარმოებას დაიწყებს...

Tuesday, July 20, 2010

”ფერარიმ” მოდელ ”458 იტალია” სპორტული ვერსია დაამზადა

Ferrari 458 Challenge Official Specs and Image

19 ივლისი

”ფერარიმ” საზოგადოებას თავის სუპერ ავტომობილ ”458 იტალიას” სარბოლი ვერსია - ”ჩელენჯი” წარუდგინა. ეს ავტომობილი მომავალი სეზონიდან, ”ფერარი ჩელენჯ ტროფეო პირელის” მონოსერიის რბოლებში მიიღებს მონაწილეობას, მისი პრეზენტაცია კი იტალიური კომპანიის მისი დილერების ტრადიციულ ყოველწლიურ შეხვედრაზე ჩატარდა.

გასპორტულებული ”იტალია” 30 მილიმეტრით დადაბლებულ საკიდარზე დგას. ამასთან, ზამბარებიც უფრო ხისტია, მათი რხევების ჩაქრობას კი უფრო მძლავრი ამორტიზატორები ემსახურება. ავტომობილის ეფექტურ, სარბოლ რეჟიმში დამუხრუჭებას კომპანია ”ბრემბოს” წარმოების კარბონის კომპოზიტ-კერამიკული დისკოები უზრუნველყოფს, ძრავთან კი 7-საფეხურიანი კოლოფია შეწყვილებული, რომელზეც საფეხურების გადაცემათა რიცხვებია შეცვლილი. ამის მიზანი კი ის იყო, რომ ძრავის დაბალ ბრუნთა რიცხვზე, მაქსიმალურად გამოეყენებინათ მისი მაბრუნი მომენტი.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სტანდარტული 458 იტალიას” შემსუბუქებას. ამ მიზნით, ჯერ ერთი, ძარის ზოგიერთი ელემენტი შეთხელდა, შუშები კი პოლიკარბონმა შეცვალა. რა თქმა უნდა, სადაც შესაძლებელი იყო, შასის კონსტრუქციაში ლითონის ელემენტები კარბონის კომპოზიტისგან დამზადებულმა ნაწილებმა შეცვალა.

გასპორტულებულ ავტომობილზე ფორმულა 1-ის ტექნოლოგიებიც გამოიყენეს. მაგალითად, თრექშნ კონტროლი და ავტომობილის ორი ტიპის მომართვის კომპლექტი - სველი და მშრალი ტრასებისთვის. ყველა დამხმარე სისტემის მართვა და კონტროლი საჭის რგოლზე გადატანილი პულტიდან ხდება (როგორც ფორმულა 1-ში), ეს კი იმისთვის გაკეთდა, რომ პილოტს რბოლისას მზერის გზიდანა გადატან არ უხდეოდე.

დაბოლოს ძრავი. ის პრაქტიკულად იგივეა, რაც სტანდარტულ 458 იტალიაზე” იყო. ესაა 4.5-ლიტრიანი V8, რომელიც 570 ცხენის ძალას იძლევა. კომპანიის განცხადებით, ამ აგრეგატის და ზემოთ ჩამოთვლილი სიახლეების დახმარებით, სარბოლი ”იტალია” ფიორანოს ტრეკის ერთ წრეს წუთსა და 16.5 წამში გადის. ეს კი, ამ ავტომობილის წინამორბედ ” F430 ჩელენჯის” საუკეთესო შედეგზე თითქმის ორი წამით უკეთესი დროა.

Monday, July 19, 2010

”ფოლკსვაგენი” სახელ ”ლუპოს” აღადგენს

Volkswagen Up To Become New Lupo

19 ივლისი

”ფოლკსვაგენს” თავის ისტორიაში ყველაზე პატარა ავტომობილის სახელის, ”ლუპოს” აღდგენა აქვს გადაწყვეტილი და მას იმ ახალ ავტომობილს დაარქმევს, რომლის კონცეპტუალურ ვერსიებსაც (სახელად Up!) ბოლო წელიწადნახევრის განმავლობაში, სხვადასხვა საავტომობილო გამოფენებზე გვიჩვენებდა.

ბრიტანულ გამოცემა ”ავტოქარის” ინფორმაციით, ანალოგიურ ავტომობილს ვოლფსბურგელები თავიანთ ჯგუფში შემავალი სხვა ბრენდების - ”აუდის”, ”სეატის” და ”შკოდას” ემბლემებითაც გამოუშვებენ. ამგვარად, შეიქმნება მიკროლიტრაჟიანი ავტომობილების მთელი ოჯახი, რომელმაც ”ფოლკსვაგენის” ამბიციურ გეგმებში სოლიდური როლი უნდა შეასრულოს. ამ გეგმების მიხედვით კი, გერმანული კომპანია, რომელიც დღეისათვის უდიდესია ევროპაში და მსოფლიოს მოწინავე სამეულში შედის (წარმოების მოცულობის მხრივ), 2018 წელს მსოფლიოს უდიდესი ავტომწარმოებელი უნდა გახდეს.

კონცეპტუალურ Up!-ს ძრავი უკან ჰქონდა განლაგებული და თავიდან გადაწყვეტილი იყო, რომ სერიულ ავტომობილსაც იგივე შეთანწყობა ჰქონოდა, თუმცა შემუშავების პროცესში, ბევრმა საინჟინრო პრობლემამ იჩინა თავი, რის გამოც გადაწყდა, რომ ძრავი წინ გადმოეტანათ.

”ავტოქარის” ინფორმაციით, ახალი ”ლუპო”, გერმანული კომაპნიის ახლანდელ ყველაზე პატარა ავტომობილზე, სამკარიან ”პოლოზე” 0.525 მეტრით მოკლე, 0.054 მეტრით ვიწრო და 0.033 მეტრით მაღალი იქნება. ”ლუპოს” სავარაუდო გაბარიტებია: სიგრძე 3.445 მეტრი, სიგანე 1.628 მეტრი და სიმაღლე - 1.495 მეტრი.

მერმისს, ფრანკფურტის საავტომობილო შოუზე შედგება სამკარიანი ”ლუპოს” პრემიერა და ევროპულ ბაზარზე მისი გაყიდვებიც მაშინვე დაიწყება. ამ ავტომობილისთვის მხოლოდ ორი ძრავი იქნება გათვალისწინებული. ესენია ბენზინის 1.0-ლიტრიანი სამცილინდრიანი აგრეგატი, რომლის მაქსიმალური სიმძლავრეც 65 ცხენის ძალაა და ოთხცილინდრიანი დიზელი, რომლის მუშა მოცულობა 1.2 ლიტრი, მაქსიმალური სიმძლავრე კი 75 ცხენის ძალაა.

მოგვიანებით, ბაზარზე ხუთკარიანი ”ლუპოც” გამოჩნდება და პარალელურად, ძრავების გამასაც ერთი აგრეგატი დაემეტება. ეს იქნება 1.0-ლიტრიანი ტურბოძრავი, რომლის სიმძლავრეც 85 ცხენის ძალა იქნება. გარდა ამისა, ავტომობილს აუცილებლად ექნება ელექტრული ვერსია, რომლის კონცეპტუალური პროტოტიპებიც, მათ შორის, მილანისა და ბერლინის ტაქსის ფორმაში გამოწყობილები, ვოლფსბურგელებმა რამდენჯერმე გვიჩვენეს.

ახალი ”ფოლკსვაგენ ლუპო” კონკურენციას გაუწევს ევროპაში ისეთ პოპულარულ ავტომობილებს, როგორებიცაა ”სიტროენის” С1, ”პეჟოს” 107 და მათი იაპონელი ნათესავი ”ტოიოტა აიგო”. გერმანული ჯუჯა ”პოლოზე” იაფი ეღირება.

Monday, July 12, 2010

”მაკლარენის” ახალი სუპერ ქარი ორ წელიწადში გამოჩნდება

New McLaren F1 in 2012

12 ივლისი

ბრიტანული კომპანია ”მაკლარენ ავტომოტივი” თავის ლეგენდარულ სუპერ ავტომობილ F1-ის შთამომავალ ავტომობილს წარმოებისთვის ამზადებს და როგორც ბრიტანული გამოცემა ”ავტოქარი” გვატყობინებს, მას ექსკლუზიურ მყიდველს 2012 წელს შესთავაზებენ. ეს ავტომობილი, ბაზარზე დაგეგმილზე ორი წლით ადრე მოხვდება და ”მაკლარენის” საწარმოო გამაში ის მეორე მოდელი გახდება MP4-12C-ის შემდეგ.

”ავტოქარისვე” ინფორმაციით, ავტომობილს ძრავი ბაზაში ექნება განლაგებული, შასის კარბონის კომპოზიტისგან დაამზადებენ და ის ეგრეთ წოდებული მონოკოკური სისტემა იქნება. გარდა ამისა, მისი შემუშავებისას, არაერთ ტექნოლოგიურ და საკონსტრუქტორო გადაწყვეტას გამოიყენებენ, რომელთა წყალობითაც, ამ ავტომობილს თავისუფლად შეიძლება ”რევოლუციური” ეწოდოს.

ჯერჯერობით უცნბია, რა ძრავითა და გადაცემათა კოლოფით აღიჭურვება ახალი სუპერ ავტომობილი. თუმცა, სავარაუდოა, რომ მყიდველს ასევე შესთავაზებენ მის ეკოლოგიურ ვერსიას, რომელიც ატმოსფეროს მცირე რაოდენობით CO2-ით დააბინძურებს.

ბრიტანული კომპანიის შეფ რონ დენისს ნათქვამი აქვს, რომ ახალი სუპერ ავტომობილი, მისი კომპანიის საწარმოო პროგრამაში ყველაზე ძვირადღირებული იქნება. თუმცა, F1-ისგან განსხვავებით, რომელიც ”მაკლარენმა” სულ 107 ცალი გამოუშვა, ახალს გაცილებით მეტს დაამზადებენ. ზუსტად რამდენს, ეს ჯერ გადაწყვეტილი არაა.

ყველაზე ხელმისაწვდომი კი გახდება მესამე სპორტული ავტომობილი, რომლმაც, ”ავტოქარის” მონაცემებით, შეიძლება კონკურენცია ”ნისანის” 370Z-ს, ან ”პორშე კაიმანს” გაუწიოს. ამ ავტომობილის ფასის შესამცირებლად, მისი შასი და ძარის ელემენტები, შესაბამისად, ფოლადისა და ალუმუნისგან დამზადდება და არა კარბონის კომპოზიტისგან.

რაც შეეხება მოდელ MP4-12C-ს, ის 3.8-ლიტრიანი V8 ძრავითაა აღჭურვილი, რომელიც 600 ცხენის ძალას იძლევა. მასთან გადაბმის წყვილი ქუროთი, 7-საფეხურიანი რობოტიზებული კოლოფია დაკავშირებული. ამ აგრეგატების მეშვეობით, ავტომობილს 100 კმ/სთ სიჩქარის აკრეფა 3 წამზე ნაკლებში შეუძლია, 200 კმ/სთ-ს 10 წამს ანდომებს, მისი მაქსიმალური სიჩქარე კი 320 კმ/სთ-ს აღწევს.

”მაზერატი” იაფფასიან სედანს 2014 წელს გამოუშვებს

New Maserati Saloon Coming in 2014

12 ივლისი

”მაზერატის” პრემიუმ კლასის საშუალო ზომის სედანის გამოშვება აქვს გადაწყვეტილი, რომელიც თავისი ფასის მხრივ, გერმანულ ანალოგებს გაეჯიბრება, იტალიური კომპანიის საწარმოო პროგრამაში კი ”კავტროპორტეს” შემდეგი თაობის მოდელზე დაბლა დადგება.

სავარაუდოდ, ახალი ავტომობილი, რომელსაც ჯერ სახელიც არ აქვს, კონკურენციას ”აუდის” A7-ს, ”მერსედეს ბენცის” CLS-ს, ”იაგუარის” XF-ს, ”ბეემვეს” მე-5 სერიას და ”კადილაკის” CTS-ს გაუწევს კონკურენციას. ამასთან, ბაზარზე ავტომობილი 2014 წელს გამოჩნდეა.

ახალ სედანს მყიდვენს ორი ვერსიის სახით შესთავაზებენ. მათგან საბაზო ვერსიის ღირებულება დაახლოებით 68 000 დოლარი იქნება. ამ ფასით, ის კონკურენციას V8 ძრავებით აღჭურვილ ბიზნეს კლასის სედანებს გაუწევს. ტოპ ვერსიის ფასი კი საბაზოსაზე დაახლოებით 20 პროცენტით ძვირი იქნება და ის ამავე კლასის სპორტული ყაიდის გერმანული, ბრიტანული და ამერიკული ავტომობილების კონკურენტი გახდება.

რა თქმა უნდა, ახალი ავტომობილი შეინარჩუნებს ”მაზერატისთვის” დამახასიათებელ საუკეთესო თვისებებს, როგორებიცაა კარგი მართვადობა, განსაკუთრებული სტილი, პრემიუმ ინტერიერი და რა ტქმა უნდა, ბოხხმიანი ძრავები.

ამერიკულ ჟურნალ ”მოტორ ტრენდის” ინფორმაციით, ახალი ავტომობილი შემუშავების პირველ სტადიაზე იმყოფება. მართალია, დღეისათვის ”მაზერატი” ავტომობილებს ძალიან მცირე რაოდენობით აწარმოებს, თუმცა კომპანიას ამ სიტუაციის რადიკალურად შეცვლა სურს. კერძოდ, ”გვირგვინოსნების” შეფი ჰაროლდ ვესტერი იმედოვნებს, რომ მისი კომპანია მალე პრემიუმ სეგმენტის მსოფლიო ბაზრის 10 პრიცენტიან წილს დაიკავებს, რაც ფენომენური შედეგი იქნება.

Sunday, July 11, 2010

”ფოლკსვაგენი” როდსტერ ”ბლიუსპორტს” გამოუშვებს

Volkswagen BlueSport Roadster Approved for Production

11 ივლისი

ბრიტანულმა გამოცემა ”ავტოექსპრესმა” მოიპოვა ინფორმაცია, რომლის შესაბამისადაც, ”ფოლკსვაგენს” დეტროიტის საავტომობილო შოუზე ნაჩვენებ კონცეპტუალურ მოდელ ”ბლიუსპორტ როდსტერის” სერიული წარმოება აქვს გადაწყვეტილი. თუმცა, იმავე წყაროს ცნობით, ეს ავტომობილი კონვეიერზე 2013 წელზე ადრე არ დადგება. მისი ფასი კი სავარაუდოდ, 30 000 დოლარიდან დაიწყება.

ჯურნალის ინფორმაციით, ავტომობილს ძრავი შუაში ექნება მოთავსებული, რისი წყალობითაც, მისი წონა უფრო თანაბრად გადანაწილდება ღერძებს შორის. ამასთან, გამოთავისუფლდება ადგილები ავტომობილის წინა და უკანა ნაწილებში. ავტომობილის წონის შესამცირებლად, მისი შასის დასამზადებლად, ”ფოლკსვაგენი” ალუმინის გამოყენებას აპირებს. ამით კი გაუმჯობესდება ავტომობილის დინამიკური მახასიათებლები, საწვავის ხარჯი და გამონაბოლქვი კი - შემცირდება. წინასწარი მონაცემებით, ავტომობილის წონა სულ რაღაც, 1 200 კილოგრამი იქნება.

საბაზო შესრულებით, როდსტერს მამოძრავებელ ძალას 2.0-ლიტრიანი დიზელის ძრავი მიანიჭებს. გარდა ამისა, მყიდველს 1.4-ლიტრიანი TFSI და 2.0-ლიტრიანი ტურბოძრავით აღჭურვილი მოდელების შეძენის საშუალებაც ექნება. ამ ძრავებს, ”ბლიუსპორტი” გერმანული კომპანიის ორი პოპულარული მოდელის - ”გოლფის” და ”პოლოს” GTI ვერსიებისგან მიიღებს. ყველა ძრავთან შესაწყვილებლად განკუთვნილია 6-საფეხურიანი მექანიკური გადაცემათა კოლოფი, თუმცა შეკვეთით ასევე შესაძლებელი იქნება DSG ტრანსმისიის დაყენება.

გარდა ამისა, 2.0-ლიტრიანი დიზელი აღჭურვილი ვარიანტი გარემოსადმი მეგობრულ ისეთ სისტემებს მიიღებს, როგორებიცაა მუხრუჭების ენერგიის რეგენერაციისა და სტოპ-სტარტის სისტემები. მათი დახმარებით, ავტომობილი 100 კილომეტრის გასავლელად, სულ რაღაც, 5.2 ლიტრ საწვავს იმყოფინებს.