ფორმულა 1 უფრო სანახაობრივი გახდება
Formula 1
26 ივნისი
საერთაშორისო საავტომობილო ფედერაციის (FIA) პრეზიდენტ მაქს მოსლისთან მოგებული ბრძოლის შემდეგ, ფორმულა 1-ის გუნდების ასოციაციამ (FOTA) გამოაცხადა, რომ დაუყოვნებლივ შეუდგება იმაზე ზრუნვას, რომ ფორმულა ერთის სამომავლო სახე ჩამოაყალიბოს. რაც იმას ნიშნავს, რომ რბოლები უფრო საინტერესო საყურებელი უნდა გახდეს და მაყურებლისთვისაც და ახალი გუნდებისთვისაც უფრო ხელმისაწვდომი უნდა იყოს.
”რენოს” შეფ ფლავიო ბრიატორეს ფ1-ის კომერციულ ბოს ბერნი ეკლსტოუნთან მჭიდრო თანამშრომლობა დაევალა, რომლის უპირველესი მიზანიც, თანხმობის ახალი ხელშეკრულების მომზადებაა. უფრო შორეულ მომავალში კი ასოციაცია კომერციულ უფლებათა უფრო მეტ წილს მოითხოვს.
ბოლონიაში (იტალია) გამართულ სპეციალურ პრესკონფერენციაზე, ”ფერარის” შეფმა ლუკა დი მონტეძემოლომ შემდეგი განაცხადა: ”ჩვენ თავიდანვე ვამბობდით, რომ პრიორიტეტების გარკვევა გვსურდა. დღეს მინდა, FIA-ს მსოფლიო მოტორ სპორტის საბჭოს მადლობა გადავუხადო იმისათვის, რომ ფ1-ის ინტერესებისადმი ძალიან კონსტრუქციული მიდგომა გამოავლინა. წელს მოქმედი წესები სამერმისოდაც ძალაში დარჩება და ეს მეტად მნიშვნელოვანი მომენტია, რადგან ამით, 2012 წლამდე გარანტირებულ სტაბილურობას მივაღწიეთ. ესე იგი, ზედმეტი ხარჯების გაღებაც არ მოგვიწევს.
სპორტს იმავე პრინციპებით ვუხელმძღვანელებთ, როგორც წინა წლებში, როცა ახალი რეგლამენტის შედგენით ფორმულა 1-ის კომისია იყო დაკავებული და ის შესაბამის პროცედურებს ეყრდნობოდა. გუნდები და ავტოკონცერნები ხარჯების შესამცირებლად კვლავაც იმუშავებენ, როგორც ეს წინა წლებში იყო ძრავებთან და გადაცემათა კოლოფებთან დაკავშირებით. ფლავიო ბრიატორე კი ბერნი ეკლსტოუნთან ერთად იმუშავებს, რათა გაუმჯობესდეს რბოლების სანახაობრივი მხარე და მაყურებელს ჩვენი სპორტისადმი მეტი ინტერესი გაუჩნდეს”.
”მაკლარენის” შეფ მარტინ უიტმარშის თქმით, ფორმულა ერთმა უნდა გაითვალისწინოს მაყურებელთა სურვილები: ”ალბათ იცით, რომ FOTA-მ ჩაატარა გამოკითხვა, რომლის მიზანიც იმის გაგება იყო, თუ რა სურთ მაყურებლებს. გამოკითხვის შედეგების შეჯამების შემდეგ, FIA-ს რეკომენდაციები წარვუდგინეთ. სამწუხაროდ, ისინი არ მიიღეს და ახლა, ამ რეკომენდაციებზე დაყრდნობით, ახალი მიდგომის შემუშავება მოგვიწევს. ჩვენ ვალდებულნი ვართ, მოვუსმინოთ იმ აუდიტორიას, რომლის განწყობაზეც სპორტის კეთილდღეობაა დამოკიდებული”.
”ფერარის” გუნდის შეფი სტეფანო დომენიკალი ამბობს, რომ FIA-სთან მოგებული ბრძოლის შემდეგ, ყველა მოქმედმა გუნდმა და მათმა პარტნიორებმა ჩემპიონატში გამოსვლის სურვილი გამოთქვეს. იმავდროულად, აუცილებელია ახალი გუნდების მიზიდვა. თუმცა, უნდა არსებობდეს იმის გარანტია, რომ ისინი რამდენიმე სეზონით დარჩებიან. ესე იგი, ფინანსურად საკმარისად უზრუნველყოფილნი იქნებიან.
”ახალბედებს მივესალმებით, მაგრამ უნდა დავრწმუნდეთ, რომ ისინი ამ მკაცრი ბიზნსისთვის მზად არიან. მომავალი სეზონის განაცხადში უკვე სამი ახალი გუნდი ფიგურირებს, მაგრამ სანამ ისინი საბოლოო თანხმობას მიიღებენ, თავიანთი სამომავლო გეგმები უნდა გაგვაცნონ - მომავალ სეზონში ბიუჯეტები არ შეიზღუდება, მათ კი ნაწილობრივ ამის იმედი ჰქონდათ. ჰოდა, ახლა უნდა გაირკვეს, რამდენად შეუძლიათ შეუზღუდავი ბიუჯეტების პირობებში ასპარეზობა”, - ამბობს დომენიკალი.
FOTA-ს ვიცე პრეზიდენტმა და ”ტოიოტა მოტორსპორტის” შეფმა ჯონ ჰაუეტმა კი განაცხადა, რომ ასოციაციაში ახალ გუნდებს სიხარულით მიიღებენ. ოღონდ, სანამ ეს მოხდებოდეს, აუცილებლად უნდა გაირკვეს მათი დამოკიდებულება ახალი რეგლამენტისადმი. ”ბრაუნ GP-ს” აღმასრულებელი დირექტორი ნიკ ფრაი კი არც უფრო მეტი გუნდის მიღებას გამორიცხავს. ოღონდ, ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ სამი ახალი გუნდიდან რომელიმე თავის განაცხადს უკან გაიხმობს.
სურათზე: FOTA-ს წევრი გუნდების ხელმძღვანელები მორიგ შეკრებაზე
No comments:
Post a Comment