დი მონტეძემოლო გამარჯვებას ზეიმობს
Formula 1
25 ივნისი
მართალია, წელს ”ფერარის” თავი ვერაფრით გამოუჩენია, მაგრამ მისმა პრეზიდენტმა და ფორმულა ერთის გუნდების ასოციაციის (FOTA) თავმჯდომარე ლუკა დი მონტეძემოლომ ერთ დიდ გამარჯვებას მაინც მიაღწია - მან და ასოციაციიდან მისმა პარტნიორებმა, საერთაშორისო საავტომობილო ფედერაციის (FIA) პრეზიდენტ მაქს მოსლისთან დავაში გაიმარჯვეს და ის გზიდანაც სამუდამოდ ჩამოიშორეს.
დღეს, ფედერაციის მსოფლიო მოტორ სპორტის საბჭოს სხდომის შემდეგ, დი მონტეძემოლომ განაცხადა, რომ ოქტომბერში, როდესაც მოსლის პრეზიდენტობის ვადა ამოეწურება, ფორმულა 1 საბოლოოდ განთავისუფლდება დიქტატურული მმართველობისგან.
ფედერაციის მსოფლიო მოტორ სპორტის საბჭოზე, მოსლიმ ოფიციალურად დაადასტურა წინა დღით მის მიერვე ნათქვამი იმის შესახებ, რომ პრეზიდენტის პოსტზე კენჭისყრას აღარ აპირებს. უფრო მეტიც, ის ფორმულა ერთის საქმეებს დაუყოვნებლივ გადააბარებს მონაკოს საავტომობილო კლუბის პრეზიდენტ მიშელ ბოერის, ვინც იმავდროულად, ფედერაციის სენატის პრეზიდენტი და მსოფლიო მოტორ სპორტის საბჭოს ვიცე პრეზიდენტია.
”კმაყოფილები ვართ, რადგან ჩვენი ყველა მოთხოვნა შესრულებულია. არსებობს სამი ძირითადი მომენტი: ფორმულა 1-ს აღარ ემუქრება ფორმულა სამად გადაქცევა და ფორმულა ერთად დარჩება; აღარ იქნება დიქტატურა და სპორტს იმ კანონებით ვუხელმძღვანელებთ, რომელსაც ჩვენვე შევიმუშავებთ და არა იმით, რომელსაც ვინმე ზემოდან თავს მოგვახვევს; და, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, მოსლიმ გამოაცხადა, რომ პრეზიდენტის პოსტზე კენჭს აღარ იყრის. დღეიდან კი მას ფორმულა 1-თან შეხება აღარ ექნება. ბოლოსდაბოლოს, მივიღებთ წესებს, რომლებიც 2013 წლამდე აღარ შეიცვლება. მინდა, ჩვენს ყველა ქომაგს მადლობა გადავუხადო, რადგან მათი მხარდაჭერის გარეშე, ჩვენ მიზანს ვერ მივაღწევდით”, - იტალიურ პრესასთან საუბრისას განაცხადა დი მონტეძემოლომ (სურათზე).
”ფერარის” შეფი ამბობს, რომ მთელი ამ ისტორიიდან, მოსლიმ და ფორმულა 1-ის კომერციულ უფლებათა მფლობელმა ბერნი ეკლსტოუნმა სასარგებლო გაკვეთილი მიიღეს - ამიერიდან მათ ეცოდინებათ, რომ გუნდების ასოციაციასთან სერიოზული მიდგომაა საჭირო.
”ალბათ გაგიჩნდათ კითხვა, შეუძლია თუ არა მოსლის თავისი გადაწყვეტილების შეცვლა? შეუძლია, მაგრამ ამას არ იზამს. მთავარია, რომ გუნდებმა და ავტოკონცერნებმა ერთობა გამოავლინეს. არადა, სულ ცოტა ხნის წინ ეკლსტოუნი ამბობდა, რომ FOTA-ს მონაწილეთა სავიზიტოებს ძაღლებს აჭმევდა, მოსლი კი ირწმუნებოდა, რომ FOTA-ს შესახებ არაფერი სმენია. მაგრამ როგორც ჩანს, დღეს ორივე სხვანაირად ლაპარაკობს”, - დასძენს დი მონტეძემოლო.
No comments:
Post a Comment