ჩინურ SAIC-ს ”ინსინიას” პლატფორმის შეძენა სურს
25 ივნისი
ჩინური საავტომობილო გიგანტი ”შანხაი ოტომოტივ ინდასტრი კორპორეიშნი” (SAIC) მოლაპარაკებას აწარმოებს ”ჯენერალ მოტორსთან”, რისი მიზანიც ”ბიუიკ რეგალის”, იგივე ”ოპელ ინსინიას” (სურათზე) პლატფორმის შეძენა და მის ბაზაზე საკუთარი ავტომობილების წარმოებაა.
საინტერნეტო გამოცემა ”აუტო ჩენელის” ინფორმაციით, ჩინური კომპანია ”ინსინიას” პლატფორმის თავის პოპულარული მოდელ ”როევე 750-ს” გასაახლებლად გამოყენებას აპირებს. ამ საკითხთან დაკავშირებით, SAIC-ი მოლაპარაკებას ამერიკული კომპანიის აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონის გაყიდვების დეპარტამენტის პრეზიდენტ ჯოზეფ ლიუსთან აწარმოებს.
იმავე გამოცემის ინფორმაციით, ცოტა ხნის წინ, SAIC-ი ”ჯენერალ მოტორსისგან” მისი ევროპული ბრენდის, ”ოპელის” გამოსყიდვასაც ცდილობს. მართალია, ამ ეტაპზე, ამერიკელებმა და გერმანიის მთავრობამ, არჩევანი კანადურ ”მაგნაზე” შეაჩერეს, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არაა და გამორიცხული არაა, რომ ”ოპელისთვის” სხვა მყიდველი შეირჩეს.
აღსანიშნავია, რომ 2009 წლისთვის ჩინურ კომპანიას საკმაოდ ამბიციური მაზანი აქვს - 1.8 მილიონი ავტომობილის გაყიდვას გეგმავს. მაგრამ როგორც ჩანს, ხელმოცარული დარჩება, რადგან წლის პირველი კვარტალი უზარმაზარი ზარალით (რიცხვი არ ზუსტდება) დაასრულა. SAIC-სთვის ყველაზე დიდი ზარალი კორეულ კომპანია ”სან იონგს” მოაქვს, რომელიც მის ჯგუფში შედის.
No comments:
Post a Comment