მოსლი ჭირვეულობს
Formula 1
26 ივნისი
ერთი დღე არ გასულა მას შემდეგ, რაც FIA-ს პრეზიდენტმა მაქს მოსლიმ (სურათზე პრესის გარემოცვაში) ფორმულა ერთის გუნდებთან კამათში დათმობა ამჯობინა და აი, გუშინ ღამით განაცხადა, რომ FOTA-ს და მის წევრ გუნდებს პრესა შეგნებულად შეჰყავთ შეცდომაში, რის გამოც, ის თავისი სამომავლო გეგმების გადახედვას აპირებს.
ჯერ კიდევ ოთხშაბათს, მოსლიმ და ფორმულა ერთის გუნდების ასოციაციამ (FOTA) ყველა საკითხზე მოილაპარაკეს და თითქოს, გუნდების მხრიდან ალტერნატიული ჩემპიონატის ორგანიზების მუქარაც გაქარწყლდა, მაგრამ გუშინ მოსლი მეტად გაღიზიანებული გამოეხმაურა გუნდების მიერ მის მიმართ გამოთქმულ კომენტარებს.
ინგლისურ ჟურნალ ”აუტოსპორტის” ცნობით, მოსლიმ FOTA-ს პრეზიდენტ ლუკა დი მონტეძემოლოს წერილი გაუგზავნა, რომელშიც მისგან და მისი პარტნიორებისგან საჯაროდ მობოდიშებას მოითხოვს. წინააღმდეგ შემთხვევაში, თავისი გადაწყვეტილების გადათქმით და ფედერაციის პოსტზე დარჩენით დაიმუქრა.
”რამდენადაც თქვენ და FOTA შეგნებულად ცდილობთ პრესის შეცდომაში შეყვანას, ამიერიდან მე ჩემი სამომავლო გეგმების რამდენიმე ვარიანტს განვიხილავ. სხვა თუ არაფერი, ოქტომბრამდე ჩემს პოსტზე ვრჩები და მთელს უფლებამოსილებას ვინარჩუნებ. პრეზიდენტის არჩევნების შემდეგ კი, მომავალი ხელმძღვანელის ბედს ავტოკლუბები გაარკვევენ და არა თქვენ და FOTA. გუშინ პარიზში, ჩვენ თანხმობას მივაღწიეთ, რათა წერტილი დაგვესვა იმ სიძნელეებისთვის, რომლებსაც ფორმულა 1 წააწყდა. ამ თანხმობის მნიშვნელოვანი ნაწილი იყო ის, რომ ორივე მხარეს პრესისთვის პოზიტიური ინფორმაცია უნდა მიეწოდებინა.
ამიტომ, უკიდურესად გაოცებული დავრჩი, როვა გავიგე, რომ FOTA-მ პრესას აცნობა, თითქოს, ბატონმა ბოერიმ (FIA-ს სენატის და მონაკოს ავტოკლუბის პრეზიდენტი) ფედერაციის ხელმძღვანელობაც ჩაიბარა. ეს კი სიმართლეს აბსოლუტურად არ შეესაბამება. ისიც ტყუილია, რომ თითქოს, პოსტის დატოვება მაიძულეს და რომ ახალი არჩევნების შემდეგ, ფედერაციაში არანაირი როლი აღარ მექნება. მაგრამ ეს სრული ნონსენსია.
უფრო მეტიც, თქვენ პრესას განუცხადეთ, რომ მე დიქტატორი ვიყავი. ეს ბრალდება მოტორსპორტის მსოფლიო საბჭოს 26-ვე წევრს შეურაცხყოფს, რომლებიც 80-იანი წლებიდან ფ1-ის ყველა წესის განხილვასა და მიღებაში მონაწილეობდნენ. აღარაფერს ვამბობ ფედერაციის წევრი 122 ქვეყნის წარმომადგენლებზე, რომლებიც დემოკრატიულად უჭერდნენ მხარს ყველაფერს, რასაც მე და მოტორსპორტის საბჭო ვაკეთებდით.
თუ თქვენ გსურთ, რომ ჩვენს შორის მიღწეულ შეთანხმებებს ძალაში დარჩენის მინიმალური შანსი მაინც დაუტოვოთ, თქვენც და FOTA-მაც დაუყოვნებლივ უნდა შეცვალოთ თქვენი ქცევა. უნდა უარყოთ მცდარი გამონათქვამები და მომავალშიც თავი შეიკავოთ მსგავსი განცხადებებისგან”!
აღსანიშნავია, რომ მოსლის FOTA-სთვის ეს წერილი გუშინ, ბოლონიის სხდომამდე გაუგზავნია და იმედოვნებდა, რომ ამ სხდომის შემდეგ, სასურველ პასუხს მოისმენდა, მაგრამ მსგავსი არაფერი მომხდარა...
No comments:
Post a Comment