წლის საუკეთესო კონცეპტუალური ავტომობილები
25 ივნისი
კონცეპტუალური ავტომობილები კომპანიების მოქმედ სამოდელო გამას არ განასახიერებენ, მაგრამ მათ მიხედვით შეგვიძლია ვივარაუდოთ, თუ რა მიმართულება ექნება ამათუიმ კომპანიას მომავალი ხუთი-ათი წლის შემდეგ. ამდენად, ყოველთვის დიდ ინტერესს იწვევს ავტომწარმოებელთა მიერ დიდ ავტოგამოფენებზე წარმოდგენილი კონცეპტუალური ნამუშევრები.
აქედან გამომდინარე, საინტერესო ისიც უნდა იყოს, თუ კომპეტენტური სპეციალისტები რა შეფასებას აძლევენ ამ ნამუშევრებს. შესაბამისად, კონცეპციებთან დაკავშირებული კონკურსების შედეგებიც დიდ ინტერესს იწვევს.
ახლახანს, აშშ-ის სამხრეთ აღმოსავლეთის საავტომობილო მედიის ორგანიზაციამ (SEAMO) ჩაატარა ტრადიციული კონკურსი, რომლის შედეგადაც, შესაბამის კლასებში, წლის საუკეთესო კონცეპტუალურ ავტომობილებად ”კადილაკ კონვერჯი”, ”ფისკერ კარმა სანსეტი” და ”ფოლკსვაგენ ბლიუსპორტ როდსტერი” გამოცხადდა.
ყველანაირ კონცეპტუალურ ავტომობილებს შორის, საუკეთესოდ ვოლფსბურგული ავტომობილი დასახელდა, რომელსაც ჟიურიმ ეფექტურობა, მოხდენილი გარეგნობა და აღჭურვილობა მოუწონა.
წინასაწარმოო მოდელებს შორის საუკეთესოს წოდება ”ფისკერის” სუპერავტომობილს ერგო. ჟიურის თავმჯდომარე მაიკლ ბეტანკურმა, განსაკუთრებით სახელოვან დიზაინერ ჰენრიკ ფისკერის ბოლო შედევრის ესთეტიკურობა, უზადო სტილი დააფასა. ასეთი დონის დიზაინერის კომპანიას სწორედ ასეთი მშვენიერი ავტომობილები შეეფერებაო - განაცხადა ჟიურის უფროსმა.
რაც შეეხება ”კადილაკ კონვერჯს”, ის სპეციალურ კონცეპტუალურ მოდელებს შორის აღიარეს. ჟიურის განსაკუთრებით ამ ავტომობილის აღჭურვილობა მოეწონა, რომელიც მას ნათესავი ”შევროლე ვოლტისგან” აქვს ნასესხები, თუმცა მასზე მეტი სვლის მარაგი გააჩნია.
SEAMO მთელს მსოფლიოში ნაჩვენებ კონცეპტუალურ მოდელებს შორის საუკეთესოებს უკვე რვა წელია ირჩევს და მისი აღიარება ყველა ავტომწარმოებლისთვის პრესტიჟი და დამატებითი რეკლამაა.
No comments:
Post a Comment