Thursday, June 25, 2009

ყველაზე ეკონომიური მე-3 სერიის ბეემვე

25 ივნისი

კომპანია ”ბეემვე” წარმოებისთვის მე-3 სერიის სედანის ახალ, ეკონომიურ ვერსიას ამზადებს, რომელიც დიზელის ძრავით აღიჭურვება. ბავარიელები აცხადებენ, რომ ეს ამ სერიის მოდელებს შორის, ეკოლოგიურად ყველაზე სუფთა და მოკრძალებული აპეტიტის მქონე ავტომობილი იქნება.

ახალი 316d დეფორსირებული 2.0-ლიტრიანი, ოთხცილინდრიანი დიზელის აგრეგატით აღიჭურვება, რომლის სიმძლავრეც 116 ცხენის ძალა, მაქსიმალური მაბრუნი მომენტი კი 260 ნიუტონმეტრი იქნება (1750 ბრ/წთ-ზე). ძრავს 6-საფეხურიანი მექანიკური გადაცემათა კოლოფი შეუწყვილდება.

რაც შეეხება ეკონომიურობას, ახალი 316d 100 კილომეტრს 4.5 ლიტრი საწვავით გაგატარებთ, ყოველი კილომეტრის გავლისას კი ის ატმოსფეროში მხოლოდ 118 გრამ ნახშირორჟანგს გამოჰყოფს. კომპანიის წარმომადგენლები ირწმუნებიან, რომ სავსე ავზით, ამ ავტომობილს 1290 კილომეტრის გავლა შეუძლია. სამაგიეროდ, მას ”ბეემვესთვის” საკმაოდ დუნე ტემპერამენტი აქვს - ადგილიდან 100 კმ/სთ-ის აკრეფას 10.9 წამს ანდომებს.

ეკონომიური ”ბეემვეს” მსოფლიო პრემიერა სექტემბერში, ფრანკფურტის საავტომობილო შოუზე იგეგმება, რის შემდეგაც მას ევროპელი დილერები მიიღებენ. ევროპაში 316d-ს საბაზო ღირებულება 38 000 დოლარის ექვივალენტური იქნება.

No comments:

Post a Comment