Thursday, June 18, 2009

ჯესი ჯეიმსის ახალი სარეკორდო თავგადასავალი

18 ივნისი

ამერიკელმა ინჟინერმა, ტრიუკების ოსტატმა და თავგადასავლების მაძიებელმა, ჰოლივუდის ვარსკვლავ სანდრა ბალოკის მეუღლე ჯესი ჯეიმსმა, წყალბადზე მომუშავე ავტომობილების სიჩქარის ახალი რეკორდი დაამყარა. რეკორდული გარბენი იყო ნაწილი ჯეიმსის საავტორო სატელევიზიო შოუსი, სახელად ”ჯესი ჯეიმსი - მკვდარი კაცი”. ეს შოუ მთელს მსოფლიოშია ცნობილი იმით, რომ მასში ჯეიმსი ყოველთვის სხვადასხვა ურთულეს ტრიუკებს ასრულებს, რომელთა დროსაც, დაღუპვის საშიშროების წინაშე დგას.

თავისი სარეკორდო გარბენი ჯეიმსმა მოხავეს უდაბნოში შეასრულა. მისი სარეკორდო საშუალო სიჩქარეა 321 კმ/სთ (199.7 მლ/სთ) და ეს შედეგი სამხრეთ კალიფორნიის დროის ათვლის ასოციაციამ ოფიციალურად დააფიქსირა. ღსანიშნავია, რომ წყალბადზე მომუშავე ავტომობილებისთვის სიჩქარის წინა რეკორდი 298 კმ/სთ (185 მლ/სთ) იყო და ის ”ბეემვეს” ექსპერიმენტულ მოდელ BMW H2R-ს ეკუთვნოდა.

შასი, რომელიც ჯეიმსმა თავისი სარეკორდო გარბენისთვის გამოიყენა, 1960-იანი წლების სარბოლი ბოლიდისა იყო, რომლითაც თავის დროზე, ჩვეულებრივი შიდაწვისძრავიანი ავტომობილებისთვის მსოფლიო რეკორდის დამყარება არაერთხელ უცდიათ.

ჯეიმსმა ძველი ავტომობილი საფუძვლიანად გადააკეთა. ”კრაისლერის” ძრავი, რომელიც მასზე ადრე ეყენა, ”შევროლეს” წარმოების, მოდიფიცირებული 9.8-ლიტრიანი V8 აგრეგატით შეცვალა. საწვავად კი მან თხევადის ნაცვლად, აიროვანი წყალბადი გამოიყენა. ასანიშნავია, რომ ძველი ავტომობილის საუკეთესო შედეგი (1960-იან წლებში) 381 კმ/სთ იყო. ასე რომ, ჯეიმსის სარეკორდო გარბენი ამ მანქანისთვის უბრალო გასეირნება გამოვიდა.

რეკორდის დამყარების შემდეგ, ჯეიმსმა განაცხადა, რომ მას იმდენად ძველი მანქანით რბოლისა არ ეშინოდა, რამდენადაც იმ გარემოებისა, რომ სავარძლის უკან, 10 000 პასკალი წნევით შეკუმშული წყალბადით სავსე ორი ავზი ეგულებოდა. უდაბნოს არცთუ იდეალურად სწორ გზაზე უმნიშვნელო დეფექტიც კი საკმარისი იქნებოდა იმისათვის, რომ ავტომობილს მართვა დაეკარგა და მაშინ, მას ისეთივე განსაცდელი ელოდა, როგორიც ახალაფრენილ ”შატლს”, რომელსაც წყალბადის ავზი აქვს დაზიანებული.

გარბენის ორგანიზატორებმა ჯეიმსის რეკორდი ვიდეოფირზე დააფიქსირეს და ახლა გადაცემას ამონტაჟებენ, რომლის ტელეჩვენებასაც ტელეარხი ”სპაიკ TV” 9 აგვისტოს გეგმავს.

No comments:

Post a Comment