მოსლი დათმობაზე მიდის
Formula 1
18 ივნისი
საერთაშორისო საავტომობილო ფედერაციის (FIA) პრეზიდენტმა მაქს მოსლიმ (სურათზე) გუნდებს მომავალი წლის სეზონის რეგლამენტის ახლებური ვარიანტი შესთავაზა, რის სანაცვლოდაც, ის ფორმულა ერთის გუნდების ასოციაციისგან (FOTA) შემხვედრ დათმობას ელის.
ბრიტანულ ყოველკვირეულ გამოცემა ”ავტოსპორტის” ცნობით, მოსლიმ FIA-ს საერთაშორისო სააპელაციო სასამართლოს სტატუსზე მსჯელობის მზადყოფნა გამოთქვა. ასევე ის მზადაა, გააუქმოს სპორტული რეგლამენტის მე-5 დანართი, რომლის მიხედვითაც, ფედერაციას ფ1-ის რეგლამენტში ნებისმიერი ცვლილების თავისი შეხედულებისამებრ, გუნდებთან წინასწარი შეთანხმების გარეშე შეტანა შეუძლია.
გარდა ამისა, მოსლიმ მომავალი სეზონის ტექნიკურ რეგლამენტში რამდენიმე ცვლილების შეტანის მზადყოფნა გამოთქვა. კერძოდ, იკრძალება სრულამძრავიანი ბოლიდების გამოყენება. სამაგიეროდ, კვლავ დაიშვება საბურავების თერმული შალითები, წინა ფრთების მოძრავი ელემენტები და მიმდინარე სეზონის ძრავების სპეციფიკაციები. გამონაკლისი დაიშვება მხოლოდ ძრავების მწარმოებელი კომპანია ”კოსუორტისთვის”, რომელიც რამდენიმეწლიანი პაუზის შემდეგ, ფ1-ს მერმის დაუბრუნდება. დამოუკიდებელი გუნდები კი ახლანდელი ძრავების ძველ ვერსიებს გამოიყენებენ. რეგლამენტის ის ნაწილი, რომელიც გადაცემათა კოლოფებს ეხება, უცვლელი რჩება, ტესტები კი კვლავ შეიზღუდება.
რაც მთავარია, მოსლი თანახმაა, რომ გუნდებისთვის სამერმისო სეზონის საბიუჯეტო ლიმიტი 100 მილიონ ევრომდე გაიზარდოს. ოღონდ, იმ პირობით, თუ 2011 წელს ეს ლიმიტი 45 მილიონ ევრომდე შემცირდება. ამასთან, მოსლი პირობას დებს, რომ საბიუჯეტო ჭერის გაკონტროლების უფლება მხოლოდ გუნდებს ექნებათ, რომლებიც თავად მოიწვევენ ავტორიტეტულ აუდიტორებს. საბიუჯეტო ჭერის დარღვევის შემთხვევაში, გუნდები მხოლოდ ფინანსური სანქციებით დაჯარიმდებიან.
No comments:
Post a Comment