Thursday, June 18, 2009

ამერიკაში ახალი ავტოკომპანია იქმნება

18 ივნისი

შტატ ლუიზიანას ქალაქ მონროს მახლობლად, საავტომობილო ქარხნის ბაზაზე, რომელიც ადრე ”ჯენერალ მოტორსს” ეკუთვნოდა, ახალი საავტომობილო კომპანია ყალიბდება. პროექტის ერთ-ერთი მოთავე და მთავარი დამფინანსებელი ტექსასელი მილიარდერი ინვესტორი თომას ბუნ პიკენსია, რომელმაც საქმის გასაძღოლად, ”მაზდას” ყოფილი მთავარი დიზაინერი ტომ მატანო მიიწვია.

ახალ კომპანიას ”V-ვიჰაიკლ კომპანი” (VVC) ეწოდება და პიკენსის თქმით, ის გარემოსადმი მეგობრული ავტომობილების წარმოებას გგმავს. ახალი კომპანიის სათავო ოფისი ქალაქ სან დიეგოში განლაგდება, მონროს ქარხანაში კი დაახლოებით 1 400 ადამიანი დასაქმდება. პროექტით, ქარხანაში დასაქმებულთა საშუალო წლიური ხელფასი 40 000 იქნება. კომპანიის მთავარი აღმასრულებელი და თანადამფუძნებელი ფრენკ ვარაზანო აცხადებს, რომ ქარხანა აშშ-ის ბაზრისთვის განკუთვნილი ავტომობილის წარმოებას 15 თვეში შეუდგება.

VVC უმაღლესი ხარისხის, გარემოსადმი მეგობრულ და ეკონომიურ ავტომობილებს გამოუშვებს, რომლებიც აშშ-ში გაიყიდება. ჩვენი კომპანიის მიზანი, ამერიკელი მყიდველისთვის ფასის შესაფერისი, ხარისხიანი, უსაფრთხო და კომფორტული ავტომობილის მიწოდებაა”, - ნათქვამია ახალი კომპანიის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.

ახალი ქარხნის მხარდასაჭერად, შტატისა და ქალაქის ხელისუფლებმა შეღავათების სპეციალური პაკეტი შეიმუშავეს, რომლის საერთო ღირებულება დაახლობით 67 მილიონ დოლარს აღწევს. მთავრობის გარდა, ახალი წამოწყებით კერძო ინვესტორებიც არიან დაინტერესებულნი. მათ შორისაა მონროს ქარხნის ახლანდელი მფლობელი ჯეიმს დევისონი. საავტომობილო კომპანიის ენერგეტიკულად უზრუნველსაყოფად კი, პიკენსს შემუშავებული აქვს სპეციალური გეგმა, რომელიც ქარის ენერგიის გამოყენებას და ბიოგაზის გამომუშავებას ითვალისწინებს.

მატანო, ვინც ამჟამად 61 წლისაა, ცნობილია იმით, რომ ”მაზდაში” მუშაობისას, აქტიურად მონაწილეობდა პოპულარულ მინი როდსტერ ”მიატას” პირველი ორი თაობის შემუშავებაში. 2002 წელს მან იაპონური კომპანია მიატოვა და მუშაობა სან ფრანცისკოს ხელოვნების აკადემიურ უნივერსიტეტში გააგრძელა, რომელსაც პიკენსის მიერ ახალ კომპანიაში მიწვევამდე ხელმძღვანელობდა.

სურათზე: თომას ბუნ პიკენსი ეკოლოგიურ პროექტებში გაწაფული ინვესტორია

No comments:

Post a Comment