იაპონიაში ხმაურიან ჰიბრიდებს გამოუშვებენ
7 ივლისი
იაპონიაში გახშირდა საგზაო შემთხვევები, რომლებშიც ჰიბრიდული ავტომობილებია გარეული. ამის მიზეზი კი ყველაზე ხშირად ის გარემოება ხდება, რომ ასეთი ავტომობილები პრაქტიკულად უხმაუროდ გადაადგილდებიან, რის გამოც, მათ მოახლოებას უსინათლო და შეზღუდული მხედველობის მქონე ფეხოსნები დაგვიანებით აფიქსირებენ.
ამ პრობლემის გადასაწყვეტად, იაპონიაში შეიქმნა ექსპერტთა ჯგუფი, რომელშიც, მთავრობის წარმომადგენელთა გარდა, მეცნიერები, ავტოინჟინრები, პოლიციელები და ავტომწარმოებელთა წარმომადგენლები გაერთიანდნენ. მათ შეიმუშავეს პროექტი, რომელიც ავტომწარმოებლებს ჰიბრიდულ და ელექტრომობილებზე სპეციალური, ხმაურის გამომცემი მოწყობილობის დაყენებას დაავალდებულებს. ამასთან, კომისია იმაზეც შეთანხმდა, რომ ამ საკითხის გადაწყვეტა კანონმდებლების პრეროგატივაა.
იაპონიის ტრანსპორტის მინისტრის თქმით, უსინათლო ადამიანები ბავშვობიდანვე ეჩვევიან ხმის შესაბამისად ორიენტირებას. მაგრამ დაბალი სიჩქარით გადაადგილებისას, ჰიბრიდული ავტომობილები და ელექტრომობილები ხმას პრაქტიკულად არ გამოსცემენ, რის გამოც, უსინათლო, ან შეზღუდული მხედველობის ადამიანები მათ მიახლოებას გვიან, ან საერთოდ ვერ გრძნობენ.
პარალელურად, ბოლო ხანებში, იაპონიაში მნიშვნელოვნად გაიზარდა ჰიბრიდული ავტომობილების გაყიდვები - მარტო ივნისში, ამ ქვეყანაში 22 292 ჰიბრიდული ”ტოიოტა პრიუსი” გაიყიდა, რაც შარშანდელი ივნისის მონაცემებზე 6 000-ით მეტია.
ჰიბრიდულ და ელექტრულ მოდელებთან დაკავშირებით, ანალოგიურ ღონისძიებათა გატარებას ამერიკაშიც აპირებენ, სადაც ასევე სწრაფი ტემპით იზრდება ჰიბრიდული ავტომობილების პოპულარობა.
სხვათა შორის, შარშან ბრიტანულმა კომპანია ”ლოტუსმა” შეიმუშავა მოწყობილობა, რომელიც ელექტრომობილებისთვისაა განკუთვნილი და მისი დანიშნულება ისაა, რომ შეზღუდული მხედველობის ადამიანებმა უხმაურო ავტომობილის მოახლოების დროულად გაგება შეძლონ. მოწყობილობის მთავარი ნაწილი დინამიკია, რომელიც ავტომობილის წინა ნაწილში თავსდება. აქსელერატორთან დაკავშირებული ელექტროსისტემის ბრძანებით, ის შიდაწვისძრავიანი ავტომობილის სიჩქარის, ან აჩქარების შესაბამის ხმას გამოსცემს.
No comments:
Post a Comment