Tuesday, July 7, 2009

”ენვილი” - გოლფ-კარი საერთო სარგებლობის გზებისთვის

Tomberlin Anvil

7 ივლისი



ამერიკული კომპანია ”ტომბერლინი” გოლფის მოყვარულებს შორის იმითაა ცნობილი, რომ გოლფის გზაზე გადასაადგილებლად, ელექტროკარებს ამზადებს. წლების განმავლობაში, ”ტომბერლინს” მეტის პრეტენზია არც ჰქონია. მაგრამ დრო შეიცვალა და მასთან ერთად, ბაზრის კონიუნქტურაც იცვლება.

ადრე თუ საწვავის ეკონომიასა და მითუმეტეს, გარემოზე არავინ ზრუნავდა, ახლა ყველას პირზე სწორედ ეს ორი ასპექტი აკერია. ვერ ვიტყვით, რომ მოდაა, მაგრამ ფაქტია, რომ ევროპაში, იაპონიასა და ამერიკაშიც კი, თანდათან მკაცრდება მოთხოვნები ავტომობილების გამონაბოლქვში სათბურის ეფექტის მქონე გაზების, პირველ რიგში კი, ნახშირორჟანგის შემცველობის შემცირებაზე.

ამ მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, კომპანიები ეკოლოგიურად სუფთა, პირველ რიგში, ჰიბრიდული ტექნოლოგიების მასობრივად დანერგვას ცდილობენ, ოდნავ მოგვიანებით კი, მათი უმრავლესობა ელექტრომობილების წარმოების დაწყებასაც აპირებს.

”ტომბერლინს” კი ელექტრომობილების წარმოება, რომ იტყვიან, ”სისხლში აქვს”. ჰოდა, თავისი მდიდარი გამოცდილების პრაქტიკულ გამოყენებაზე დაიწყო ზრუნვა. კომპანიის ინჟინრებმა გოლფ-კარი მოზრდილ ბორბლრბზე დააყენეს, წინ ზორბა ბამპერი და ფსევდორადიატორის ბადე მიადგეს, რომელიც რაღაცით კომპანია ”ჯიპის” ანალოგიურ დეტალს მოგვაგონებს. ამიერიდან ელექტროურიკას სრულფასოვანი სახურავიც აქვს, რომელიც ორ საყრდენზეა ბაზირებული. სალონს კი შემხვედრი ჰაერისგან საქარე მინა იცავს. ჰო, ახალ მანქანას კარებები არ აქვს, მისი სალონი კი ორ ნაწილადაა გაყოფილი. მათგან წინა, მძღოლის სეგმენტი სახურავის ქვეშაა შეფარებული, უკანა კი აივანივითაა - არც კარი აქვს და არც სახურავი.

რა თქმა უნდა, ავტომობილზე უსაფრთხოების პასიური სისტემებიც დააყენეს. მას წინა და უკანა ფარები, ასევე უკანა ხედვის სარკეები გაუჩნდა, ბორბლებს კი ნახევართაღები ნაწილობრივ ფარავს - ამ მანქანით უამინდობაში სიარული სასიამოვნო ნამდვილად არ იქნება და შესაბამისად, ბორბლიდან ასხლეტილი წვეთების, ან ტალახის დამჭერის აუცილბლობაც არ არსებობს. ჰოდა, ბორბლების ნახევართაღებს მხოლოდ დეკორატიული დანიშნულება აქვს.

სპეციფიკური გარეგნობის გამო, ”ტომბერლინში” თავიანთ ახალ ქმნილებას ”ენვილი” (გრდემლი) შეარქვეს. ავტომობილი, რომლის სიგრძე მხოლოდ 2.75 მეტრია და 815 კილოგრამს იწონის, მისთვის საკმაოდ მძლავრი, 50-ცხენისძალიანი ელექტრომოტორითაა აღჭურვილი, რომელიც 12-ვოლტიანი აკუმულატორების ბლოკისგან იკვებება. მათი ტევადობა საკმარისია იმისათვის, რომ ”ენვილმა” გაუჩერებლად 64 კილომეტრი განვლოს. რაც შეეხება მაქსიმალურ სიჩქარეს, ის ხელოვნურადაა შეზღუდული (უსაფრთხოებისთვის) და 40 კმ/სთ-ია.

სამაგიეროდ, იმ ადამიანებს, რომლებსაც ავტომობილი მხოლოდ ქალაქში, მცირე მანძილებზე გადასაადგილებლად სჭირდებათ, ”ენვილის” შეძენა არცთუ ძვირი (სხვა ელექტრომობილებთან შედარებით) 16 400 დოლარი დაუჯდებათ. უფრო მეტიც, ამერიკაში ელექტროტრანსპორტზე მოქმედი შეღავათებით, ფასი 14 760 დოლარამდე მცირდება. შედარებისთვის, ახალი კალიფორნიული კომპანია ”კოდას” ელექტროსედანი დაახლოებით 45 000 დოლარი ღირს.

No comments:

Post a Comment