”ტოიოტას” რბოლების მოყვარული პრეზიდენტი
Akio Toyoda
7 ივლისი
”ტოიოტას” ახალი პრეზიდენტი, კომპანიის დამაარსებლის 53 წლის შთამომავალი აკიო ტოიოდა სიჩქარის და სწრაფი ავტომობილების დიდი მოყვარული ყოფილა, მაგრამ საბედნიეროდ, თავის მოთხოვნილებას მხოლოდ სარბოლ ტრასებზე იკმაყოფილებს ხოლმე.
მისი ერთ-ერთი ბოლო განავარდება გერმანიაში, ნურბურგრინგის ავტოდრომზე , 24-საათიანი რბოლის დროს დაფიქსირდა, რომელზეც ის ”ლექსუს LF-A-ს” სატესტო პროტოტიპით ღებულობდა მონაწილეობას. რამდენადაც, მას პროფესიონალი ავტომრბოლის გამოცდილება არ აქვს, ”ტოიოტას” ხელმძღვანელობა შეშფოთებით ადევნებდა თვალს თავისი შეფის სახიფათო გასეირნებას. თუმცა, საბედნიეროდ, ყველაფერი მშვიდობიანად დასრულდა.
”ხალხი მირჩევდა, გავჩერებულიყავი, მაგრამ არსებობს მიზეზები, რომელთა გამოც, აქაურ რბოლაში მონაწილეობაზე უარის თქმა არ შემეძლო. ჯერ ერთი, ეს ნურბურგრინგია, ლეგენდარული ტრასა, სადაც გამოსვლა ჩემნაირებისთვის საოცნებოა. მეორეც, როგორ ვიტყოდი უარს 24-საათიან რბოლაზე? და მესამე - მანქანის სრულყოფისთვის ბევრი სამუშაოა შესასრულებელი და მე ამ სამუშაოში მონაწილეობა მსურდა. სხვანაირად რომ ვთქვათ, ყველაფერს ვიზამ იმისათვის, რომ ბაზარზე სრულყოფილი ავტომობილი გამოვიყვანოთ”, - განაცხადა ტოიოდამ (სურათზე), ვინც მსოფლიოს უდიდესი ავტომწარმოებლის პოსტზე სულ ორი კვირის წინ დაინიშნა.
ახალ პრეზიდენტს სურს, რომ ”ტოიოტამ” თავის მომხმარებელს ისეთი ავტომობილები მიაწოდოს, რომლებიც მათში დადებით ემოციებს აღძრავენ. თავის დროზე, ასეთები ”სელიკა” და ”კოროლა”, ასევე MR2 და ”სუპრა” იყო. მაგრამ ახლა სხვა დროა, და ამათგან ზოგი წარმოებიდან მოხსნილია, ზოგზე კი ემოციურობა პრაგმატულობამ შეცვალა.
ტოიოდა კი სპორტული, სწრაფი ავტომობილების ტრფიალია და ყველაფერს იღონებს იმისათვის, რომ მის კომპანიას სპორტული ავტომობილების მწარმოებლის იმიჯი დაუბრუნდეს. სწორედ მისი დამსახურებაა ის ფაქტი, რომ მალე ბაზარზე სუპერავტომობილი ”ლექსუს LF-A” გამოჩნდება და ის ამაყობს ამით. ამასთან, ზემოთ ნახსენები სპორტული მოდელების ბაზარზე დაბრუნების პირობასაც იძლევა...
No comments:
Post a Comment