არავითარი კომპრომისი
Aston Martin Cygnet
7 ივლისი
რამდენიმე დღის წინ, საავტომობილო სამყარო ძლიერ გააოცა ცნობამ იმის შესახებ, რომ ”ასტონ მარტინი” მალე ”ტოიოტას” ჯუჯა iQ-ს ბაზაზე საკუთარი ბრენდით ამავე ზომის ავტომობილის გამოშვებას დაიწყებს. ინფორმაციის უტყუარობას, მისი თანმხლები ფოტოც ადასტურებდა, რომელზეც ჩანს, თუ როგორ მუშაობენ ინგლისური კომპანიის დიზაინერები თავიანთი ”სიგნიტის” (ანუ გედის ბარტყი - ასე ეწოდა ასტონის ჯუჯას) გარეგნობის შესაქმნელად.
დღეს კი, თავისი კომპანიის გეგმებზე კომენტარი თავად ”ასტონ მარტინის” მთავარმა აღმასრულებელმა ულრიხ ბეცმაც (სურათზე ბარტყთან ერთად) გააკეთა. მისი თქმით, ”ბარტყი” ისეთივე მდიდრული და ინდივიდუალური იქნება, როგორები ავტომობილების წარმოებითაც გაითქვა სახელი ”ასტონ მარტინმა”. ”არანაირი კომპრომისი, ჩვენ მდიდრულობაზე უარის თქმას არავითარ შემთხვევაში არ ვაპირებთ და ეს ამ პატარა ავტომობილსაც ეხება”, - აბობს ბეცი და დასძენს, რომ ამ წამოწყებით, მას ერთი სტერეოტიპის დამსხვრევა სურს, რომლის მიხედვითაც, პატარა ავტომობილებს მხოლოდ ის ადამიანები ყიდულობენ, რომლებიც მცირე შემოსავლების გამო, მუდამ მომჭირნეობაზე ზრუნავენ.
და, რა თქმა უნდა, ”სიგნიტი” იმის გამოხატულებაცაა, რომ ”ასტონ მარტინი” გარემოზე ზრუნავს. ”ეს ავტომობილი იმ ადამიანებისთვისაა განკუთვნილი, ვინც პრემიუმ კლასის ბრენდების ავტომობილებსაა მიჩვეული და იმავდროულად, გარემოს დაბინძურებაც არ სურს”, - ამბობს ბეცი.
მისი თქმით, ”სიგნიტის” ყველა მყიდველს თავისი გემოვნების მიხედვით შეუძლია როგორც ავტომობილის ფერის, ასევე სალონის გაფორმებისა და სხვადასხვა ოპციების შეკვეთა. მაგრამ მთავარი ისაა, რომ ავტომობილის პლატფორმა და მასთან ერთად, მისი ძირითადი აგრეგატი უცვლელი დარჩება. ესე იგი, ასტონის ჯუჯა iQ-სგან მემკვიდრეობით მიიღებს 1.0-ლიტრიან ბენზინის ძრავს, რომელიც 100 კილომეტრზე მხოლოდ 4.35 ლიტრ საწვავს მოიხმარს, ყოველი კილომეტრის გავლისას კი, ატმოსფეროში მხოლოდ 99 გრამ СО2-ს გამოჰყოფს.
”ასტონ მარტინი” წლიურად მხოლოდ 4 000 ცალი ”ბარტყის” წარმოებას გეგმავს. ბეცის თქმით, პრემიუმ სეგმენტის ჯუჯას შეძენის საშუალება მხოლოდ მათ მიეცემათ, ვისაც ფარეხში თუნდაც ერთი ”ასტონ მარტინი” უდგას. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მალე, ”ასტონ მარტინის” მიერ წარმოებული ავტომობილების გამონაბოლქვში ნახშირორჟანგის საშუალო შემცველობა საგრძნობლალ დაიკლებს. ამას კი მნიშვნელობა მაშინ მიენიჭება, როდესაც ევროპასა და წამყვან ბაზრებზე, გამონაბოლქვის სტანდარტები გამკაცრდება.
No comments:
Post a Comment