ვატანენი FIA-ს პრეზიდენტობას აპირებს
Formula 1
7 ივლისი
მსოფლიოს 1981 წლის ჩემპიონი კლასიკურ რალიში, ფინელი არი ვატანენი (სურათზე) საერთაშორისო საავტომობილო ფედერაციის (FIA) პრეზიდენტის პოსტზე კენჭისყრას აპირებს.
ვატანენმა მსოფლიოს ჩემპიონის წოდება ”ფორდ ესკორტით” მოიპოვა და მაშინ მისი შტურმანი დევიდ რიჩარდსი იყო, ვინც შემდეგში ავტოსპორტში განთქმული გუნდი, ”პროდრაივი” ჩამოაყალიბა. კლასიკური რალიდან ფინელმა რალი-რეიდებზე გადაინაცვლა და იქ ოთხჯერ (1987, 1989-1990 წლებში) გახდა მარათონ პარიზი-დაკარის გამარჯვებული. შემდეგ, მრბოლის ჩაფხუტი ლურსმანზე დაკიდა და კარიერა პოლიტიკაში გააგრძელა, სადაც არანაკლბ წარმატებულია - ორჯერ, ფინეთის კვოტით, ევროპარლამენტის წევრი გახდა. პარალელურად, შიგადაშიგ, ცალკეულ რბოლებშიც ასპარეზობს ხოლმე.
ვატანენმა დაადასტურა რამდენიმე დღის წინ გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ის FIA-ს პრეზიდენტობისთვის კენჭისყრას აპირებს იმ შემთხვევაში, თუ პოსტზე დასარჩენად კვლავ იბრძოლებს ახლანდელი პრეზიდენტი მაქს მოსლი.
”ამ ეტაპზე, კონსულტაციებს გავდივარ საერთაშორისო ფედერაციის წევრ კლუბებთან, რომლებიც მხარდაჭერას აღმითქვამენ. ვფიქრობ, ცვლილებების დრო მოვიდა. მზად ვარ, ფედერაციის პრეზიდენტობისთვის ვიბრძოლო, თუნდაც გამარჯვებაში დარწმუნებული არ ვიყო”, - როიტერთან საუბრისას განაცხადა ვატანენმა.
შეგახსენებთ, რომ ორიოდ კვირის წინ, ფორმულა 1-ის გუნდებთან დაძაბული მოლაპარაკების შემდეგ, მოსლის დათმობაზე წასვლა მოუწია და მან ისიც განაცხადა, რომ პრეზიდენტის არჩევნებზე, რომელიც ოქტომბერში უნდა გაიმართოს, თავის კანდიდატურას აღარ წამოაყენებს. მაგრამ შემდეგ, ამ გადაწყვეტილების შეცვლით დაიმუქრა, ამის მიზეზად კი გუნდების ხელმძღვანელთა მხრიდან მისადმი გამოჩენილი უპატივცემულობა და უსაფუძვლო კრიტიკა დაასახელა.
მოსლის და ვატანენის გარდა, ამ ეტაპზე FIA-ს პრეზიდენტობაზე კიდევ ოთხი კანდიდატი განიხილება. მათ შორის არიან: ”ფერარის” ყოფილი ხელმძღვანელი ჟან ტოდტი, ინდოეთის ავტოსპორტული კლუბების ფედერაციის პრეზიდენტი ვიკი ჩანდოკი, ვისაც ახლო ურთიერთობა აქვს ფ1-ის ინდურ გუნდ ”ფორს ინდიას” შეფ ვიჯეი მალიასთან და სამხრეთ აღმოსავლეთ აზიის უმდიდრეს ბიზნესმენებთან, ასევე ამერიკელი ნიკ ქროუ და მონაკოელი მიშელ ბოერი. ეს უკანასკნელი პრეზიდენტობისთვის მაშინაც იბრძოდა, როცა მოსლისა და ბერნი ეკლსტოუნის მცდელობათა შედეგად, პრეზიდენტის პოსტის დატოვება ფრანგ ჟან-მარი ბალესტრს მოუხდა. მაშინ ბოერის ცოტა დააკლდა მოსლის დამარცხებამდე, მერე კი მის გუნდში შევიდა და დღემდე ფედერაციის ფუნქციონერია.
No comments:
Post a Comment