ბეიძინ აუტოს საოპელო გეგმები
BAIC-Opel
7 ივლისი
”ოპელის” მომავალი ჯერაც გაურკვეველია. ზოგი ინფორმაციით, მაკომპლექტებლების მწარმოებელი კანადური კომპანია ”მაგნა ინტერნეიშნლი” მალე გაიფორმებს გერმანულ კომპანიას, რომლითაც პირველ რიგში, რუსულ ბაზარზე პოზიციების გამყარება იგეგმება.
მეორე მხრივ, პერიოდულად ”ფიატი” კვლავ გამოთქვამს იმედს, რომ ”ოპელი” საბოლოოდ” მას დარჩება. თუმცა, იტალიური კონცერნის მთავარი აღმასრულებელი სერჯო მარჯიონე იმასაც ხაზგასმით იმეორებს, რომ ”ოპელის” შეძენაზე თავისი განაცხადის პირობების გაუმჯობესებას არ აპირებს.
”ოპელის” მესამე მსურველია ბელგიური საინვესტიციო ჯგუფი ”RHJ ინტერნეიშნლი”, რომელსაც ერთი კვირის წინ, გამოცემა ”ფაინენშლ ტაიმსი” ფავორიტადაც კი ასახელებდა, მაგრამ ორი დღის შემდეგ გაირკვა, რომ გასულ წელს ”RHJ ინტერნეიშნლმა” მილიარდ ევროზე მეტი იზარალა და შესაბამისად, მის შანსებზე ლაპარაკიც შეწყდა.
რამდენიმე დღის წინ კი ”ოპელის” შეძენის სურვილი ოფიციალურად გამოთქვა ჩინურმა ”ბეიძინ აუტომოტივ ინდასტრი კორპორეიშნმა” (BAIC), რომელმაც ”ჯენერალ მოტორსს” და გერმანიის მთავრობას ”ოპელის” რეორგანიზაციის მისეული გეგმა წარუდგინა და გერმანული კომპანიის სანაცვლოდ, 660 მილიონი ევრო შესთავაზა.
BAIC-ის გეგმა, ჩინეთში ოპელის სადილერო ქსელის შექმნას ითვალისწინებს, რომელშიც 400 დილერი უნდა შევიდეს. მათი მეშვეობით კი, წლიურად 485 000 ათასი ”ოპელის” (კორსას, მერივას, ზაფირას, ანტარას, ასტრას და ძველი ვექტრას) რეალიზება იგეგმება. პარალელურად, BAIC-ს ჩინეთში ”ოპელის” ახალი ქარხნის აშენება სურს, რომლის საწყისი წლიური წარმადობა 200 000 ავტომობილი იქნება, თუმცა მოთხოვნის არსებობის შემთხვევაში, მისი ნახევარ მილიონამდე გაზრდა პრობლემა არ იქნება. საერთო ჯამში, ჩინეთში ”ოპელის” წარმოების ასაწყობად, BAIC-ს 2.25 მილიარდი დოლარის ინვესტირება აქვს დაგეგმილი.
მაგრამ BAIC-სთვის ხელისშემშლელი შეიძლება ის გარემოება გახდეს, რომ ჩინეთის ბაზარზე თავისი ინტერესი გააჩნია ”ბიუიკს” – იმ ოთხ ბრენდთაგანს, რომლებიც ”ჯენერალ მოტორს კომპანიმ” შეინარჩუნა. უფრო მეტიც, ის ფაქტი, რომ ”ბიუიკი” ჯერაც არსებობს, ეს ჩინეთში მისი პოპულარობის დამსახურებაა, თორემ ეს მარკაც რამდენიმე წლის წინ გაუქმებული ”ოლდსმობილის” ბედს გაიზიარებდა.
No comments:
Post a Comment