Friday, May 13, 2011

პუტინს რუსული ჯართი აჩვენეს

12 მაისი

ჩვენი ჩრდილოელი მეზობლის პრემიერ მინისტრი პუტინი, თავისი ქვეყნის მანქანათმშენებლების კავშირის ყრილობას დაესწრო, რომელიც ქალაქ ტოლიატიში გაიმართა. ყრილობის შემდეგ, მან ახალი იაფფასიანი სედანის, „ლადა გრანტას“ ნახვა და მისი ტესტირება მოისურვა, თუმცა ძნელი წარმოსადგენია, ამით კმაყოფილი დარჩენილიყო.

რატომღაც, მანქანის დათვალიერება მან საბარგულით დაიწყო. მისი გახსნა პირველ ცდაზე ვერც მოახერხა... თანმხლებთა დახმარების შემდეგ, ის გახსნეს. პრემიერმა იხტიბარი არ გაიტეხა და საბარგულის მოცულობა მოიწონა - ორ ტომარა „კარტოშკას“ იოლად დაიტევსო (ესე იგი, თვითონაც ჩაეტევა).

შემდეგ ის საჭეს მიუჯდა და რა თქმა უნდა, დაქოქვა მოინდომა, მაგრამ მანქანა გაჯიუტდა. რამდენჯერმე გადაატრიალა გასაღები, მაგრამ „გრანტას“ ხმა არ ამოუღია. მერე ქარხნის წარმომადგენლებმა მანქანას ჯადოსნური სიტყვები უთხრეს და ისიც დაიქოქა. გახარებულმა პუტინმა გონს მოსული ოთხბორბალა ქარხნის სატესტო ტრეკზე გააგელვა.

უკან მობრუნებულს ჰკითხეს, ასეთი მანქანით შორეულ მოგზაურობას თუ გარისკავდა, რაზეც უპასუხა, რომ ეს მანქანა აგარაკზე გასვლებისთვისაა კარგიო. „კალინა“ კი უფრო ძლიერიაო (აბა, ხომ არ იტყოდა, ისიც კარგი ნაგავიაო). ვინც არ იცით: ორი წლის წინ, პუტინმა „ლადა კალინათი“ ციმბირში საჩვენებელი განავარდება მოაწყო. მის კორტეჟს, დაცვასთან ერთად, სატვირთო ავტომობილი მიჰყვებოდა, რომელსაც კიდევ ორი „კალინა“ მიჰქონდა. სამივე „კალინა“ ყვითლად იყო შეღებილი და როგორც ამბობენ, „ძლევამოსილმა“ პრემიერმა „ბედაური“ რამდენჯერმე გამოიცვალა. რატომ? იმიტომ, რომ „კალინა“ ხშირად ფუჭდებოდა...

რა თქმა უნდა, „გრანტას“ სიჯიუტის გამო, ქარხნის მესვეურებს თავის მართლებამ მოუწია. მათ განმარტეს, რომ მანქანას გაზის ელექტრონული სატერფული აქვს. დაქოქვისას, პრემიერი გაზს აწვებოდა, რაც არ უნდა ექნაო...

ცნობისათვის, „კალინა“ და „გრანტა“ მართლა ერთი ნაგავია. მეორე პირველის ბაზაზეა შექმნილი და მისი იაფფასიანი ვერსიაა. მისი წარმოება ოქტომბერში უნდა დაიწყოს...

No comments:

Post a Comment