Friday, May 13, 2011

ახალი „კორვეტი“ შეიძლება შუაძრავიანი გახდეს

Corvette C7 to Be Much Sharper

12 მაისი

მართალია, უკვე დიდი ხანია, რაც „ჯენერალ მოტორსი“ უარყოფს, რომ მისი ახალი „კორვეტი“, რომელსაც სახელად C7 დაერქმევა, ისევ კლასიკური შეთანწყობით მომზადდება, მაგრამ ინტერნეტში ამ დღეებში ისევ გავრცელდა ხმები იმის შესახებ, რომ ამერიკულმა გიგანტმა გადაიფიქრა და რომ ახალი „კორვეტი“ სუპერ ავტომობილებისათვის შესაფერის შეთანწყობას მიიღებს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ C7-ს ძრავი ბაზაში ექნება.

მეექვსე თაობის „ვეტემ“ ევროპულ სუპერ ავტომობილებს სერიოზული კონკურენცია გაუწია. პირველ რიგში ეს მისმა გარეგნობამ და ტექნიკურმა მახასიათებლებმა განაპირობა. და ახლა გენერლებისგან კიდევ ერთი ნაბიჯის წინ გადადგმას ელიან, რაც სწორედ ის იქნება, რომ C7-ს ძრავი ბაზაში ჩაუდგან.

ჰოდა, ინტერნეტით გავრცელებული ინფორმაცია, რომელიც „ჯენერალ მოტორსის“ უცნობ წყაროს იმოწმებს, ამერიკული კომპანიის ხელმძღვანელობა ახლა სწორედ ამ საკითხს განიხილავს. ახალ „კორვეტთან“ დაკავშირებით, გენერლებს დიდი გეგმები აქვთ, რაზეც თუნდაც ის ფაქტი მეტყველებს, რომ 131 მილიონი დოლარი მოხმარდება ბოულინგ გრინის ქარხანას, რომელიც სწორედ „კორვეტის“ წარმოებაზეა სპეციალიზებული.

„შევროლე“ ახალი „კორვეტის“ წარმოებას 2013 წელს დაიწყებს. და „ჯენერალ მოტორსს“ სურს, რომ ამ ავტომობილმა ღირსეული კონკურენცია გაუწიოს სუპერ ავტომობილების ისეთ ლიდერებს, როგორებიც „ფერარი“ და „ლამბორგინია“. ამის შემდეგ, ეს ავტომობილი გლობალური ბაზრის სერიოზული მოთამაშე გახდება.

არსებობს ერთი პრობლემა, რომელიც სასწრაფო გადაწყვეტას საჭიროებს იმ შემთხვევაში, თუ შუაძრავიანი „კორვეტის“ წარმოება გადაწყდება. ეს პრობლემა ძრავს უკავშირდება - ამ ეტაპზე, მსოფლიო ავტოინდუსტრიის მთავარი მიზანი, ცილინდრების რაოდენობის და ლიტრაჟის შემცირებაა. მაგრამ თუ „კორვეტზე“ V6 აგრეგატს დააყენებენ, ამით მისი, როგორც სუპერ ავტომობილის რეპუტაცია შეილახება. ეს კი გენერლებს არაფრად სჭირდებათ. ამიტომ, მათ ახალი V8 ძრავის შემუშავება მოუწევთ, რომელსაც საკმარისი ცხენის ძალები და შედარებით მოკრძალებული აპეტიტი ექნება.

No comments:

Post a Comment