Friday, May 13, 2011

ამერიკული „ლამბო“ 2000 ცხენის ძალით

Lamborghi Indomable Going Into Production as Mostro Di-Potenza SF22

12 მაისი

კონცეპტუალური სუპერ ავტომობილი, სახელად „ლამბორგინი ინდომეიბლ“, არის დიზაინის მექსიკელი სტუდენტების - დანიელ ჩინჩინელა ოჩოასა და ალბერტო ფერნანდეს ალბილარესის ნამუშევარი, რომელიც მათ „ლამბორგინის“ სპონსორობით 2009 წელს დაამზადეს. მაშინ ბევრს ეგონა, რომ იტალიური კომპანია, მექსიკელების ნამუშევარს ფრთებს შეასხამდა და მწვანე შუქს აუნთებდა. მაგრამ ასე არ მოხდა.

სანტ’აგატა ბოლონეზელებს თავისი გეგმები აქვთ და მათ შესანიშნავად ახორციელებენ. მათი სპონსორობით ჩატარებული სამუშაოთი კი ამერიკული კომპანია „215 რეისინგი“ ისარგებლებს, რომელმაც კონცეპტუალური ავტომობილის შექმნის ლიცენზია შეიძინა და ახლა სწორედ მის რეალიზებაზე ზრუნავს. ოღონდ, რეალურ ავტომობილს სხვა სახელი ექნება - SF22 და მისთვის სპეციალურად, ახალი ბრენდი შეიქმნება, სახელად „მოსტრო დი-პოტენცა“ (იტალიურად ეს ძალის მონსტრს ნიშნავს). მანქანის სახელი ამერიკულ უახლეს სამხედრო თვითმფრინავ F22-თან ასოცირდება. თუმცა, ამ შემთხვევაში, აბრევიატურა სტრიტ ფაიტერს, ანუ ქუჩის მებრძოლს ნიშნავს.

პროექტის შესაბამისად, ავტომობილი კარბონის კომპოზიტით დამზადებულ მონოკოკზე უნდა აიწყოს. ძარაც კარბონის და კევლარის კომპოზიტისგან დამზადდება. სუპერ ავტომობილის გაბარიტებია: სიგრძე 4 460 მილიმეტრი, სიგანე 1 905 მილიმეტრი, სიმაღლე 1 230 მილიმეტრი და ბორბლებს შორის ბაზა - 2 650 მილიმეტრი. რა თქმა უნდა, ძრავი ბაზაში მოთავსდება და ის მამოძრავებელ ძალას უკანა წამყვან ბორბლებს მიაწვდის.

რაც შეეხება ძრავს, ის არის „ჯენერალ მოტორსის“ წარმოების 9.4-ლიტრიანი (!) წყვილ ტურბოკომპრესორიანი V8, რომლის სიმძლავრე 2 000 ცხენის ძალას, მაქსიმალური მაბრუნი მომენტი კი 2 700 ნიუტონმეტრს მიაღწევს. ამ მართლაც მონსტრ ძრავს, რომელსაც მშრალი კარტერი ექნება, 6-საფეხურიანი სეკვენტალური გადაცემათა კოლოფი შეუწყვილდება.

ასეთი ტანდემის დახმარებით, „მოსტრო დი-პოტენცას“ SF22 ადგილიდან 100 კმ/სთ სიჩქარეს 2.5 წამში აკრეფს, დრეგსტერების დისტანციას კი (400 მეტრს) 9,5 წამში დაფარავს. ავტომობილის მაქსიმალური სიჩქარე 426 კმ/სთ-ს მიაღწევს.

„215 რეისინგი“ აცხადებს, რომ ამ ავტომობილს მხოლოდ 50 ცალს დაამზადებს. მასზე შეკვეთების მიღება მერმისს უნდა დაიწყოს. ამასთან, შემკვეთს წინასწარი შესატანის სახით, მხოლოდ 1 000 დოლარის გადახდა მოუწევს. სულ კი, სასურველი ავტომობილის შესაძენად, 950 000 დოლარი იქნება საჭირო.

No comments:

Post a Comment