Friday, May 13, 2011

„დელტა E-4“ - ბრიტანული სპორტული ელექტრომობილი

Electric 150mph Delta E-4 Coupe Launched

12 მაისი

სანამ დიდი ავტოკომპანიები ელექტრომობილების მასობრივად წარმოებისთვის ემზადებიან, საავტომობილო ბაზარზე არაერთი ისეთი, მანამდე უცნობი კომპანია გამოჩნდა, რომლებმაც მყიდველს საკუთარი ელექტრომობილი შესთავაზა. ახლახანს კიმათს რიგებს ბრიტანული საინჟინრო კომპანია „დელტა მოტორსპორტი“ შეუერთდა, რომელმაც სილვერსტოუნის ავტოდრომზე თავისი პირმშო - „E-4 კუპე“ წარადგინა.

სპორტული ელექტრომობილის შექმნაში მონაწილეობა ოქსფორდის უნივერსიტეტის სპეციალისტებმაც მიიღეს. თავიდანვე, მიზნად იქნა დასახული, რომ ავტომობილის შასი მაქსიმალურად მსუბუქი გამოსულიყო, რათა აკუმულატორების ჭარბი წონა დაბალანსებულიყო. შასი „დელტამ“ შეიმუშავა და მისი შეკვეთით, „KS კომპოზიტსმა“ დაამზადა. კარბონის კომპოზიტის წყალობით, მისი წონა მხოლოდ 85 კილოგრამია, რაც იმავე გაბარიტების მქონე ფოლადის შასიზე დაახლოებით 66 პროცენტით მსუბუქია. რაც მთავარია, შასი სრულად შეესაბამება უსაფრთხოებაზე ევროპულ მოთხოვნებს.

ოქსფორდელებმა მონაწილეობა ელექტროძრავების შემუშავებაში მიიღეს. მათი გარჯის შედეგად, ძრავი მხოლოდ 23 კილოგრამს იწონის. ის 120 ცხენის ძალას და 600 ნიუტონმეტრს იძლევა. მათ ლითიუმ-იონური ელემენტების ბლოკი კვებავს, რომელიც ავტომობილის ძირშია მოთავსებული.

„დელტა“ თავის ელექტრომობილს ორი ვერსიის სახით დაამზადებს. ერთია „ეკო“, მეორე კი - „სპორტი“. „ეკო“ ვერსია ორი ელექტროძრავით აღიჭურვება, აკუმულატორების ტევადობა კი 32 კილოვატსაათი იქნება. ამ შემთხვევაში, ავტომობილი ადგილიდან 100 კმ/სთ სიჩქარეს 6.5 წამში განავითარებს, მისი მაქსიმალური სიჩქარე 185 კმ/სთ-ს მიაღწევს, სვლის სიშორე კი - 224 კილომეტრს.

მეორე შემთხვევაში, ყოველ ბორბალს თითო ეექტროძრავი მოემსახურება. მათ შორის კავშირი უსაფეხურო იქნება. აკუმულატორების ტევადბა ამ შემთხვევაში 48 კილოვატსაათამდე გაიზრდება. სპორტული „E-4 კუპე“ ადგილიდან ასს 4 წამში აკრეფს, მისი მაქსიმალური სიჩქარე 241 კმ/სთ-ს მიაღწევს, სვლის სიშორე კი 320 კილომეტრამდე გაიზრდება.

„დელტას“ ელექტრომობილი პირველად საზოგადოების წინაშე 5 ნოემბერს წარსდგება, მეორე დღეს კი მონაწილეობას მიიღებს მომავლის ავტომობილების გარბენში, რომელიც სტარტს ლონდონში აიღებს და 100 კილომეტრის შემდეგ, ბრაიტონში დასრულდება.

„დელტა“ ჯერჯერობით თავისი ელექტრომობილის ფასს არ აქვეყნებს. მის წარმოებას კი, სავარაუდოდ, მერმისს დაიწყებს.

No comments:

Post a Comment