Friday, May 13, 2011

„ჰიუნდაი“ ინდოეთში აქტიურდება

Hyundai Planning 1,000 Outlets in Rural India, New Affordable Model

12 მაისი

წელიწადში გაყიდული ავტომობილების რაოდენობით, „ჰიუნდაის“ ინდურ ბაზარზე მეორე ადგლი უკავია. თუმცა კორეული კომპანია ამას არ სჯერდება და ამ ქვეყნის პროვინციებში კიდევ 1 000 ახალი სადილერო პუნქტის გახსნას და სრულიად ახალი, იაფფასიანი ავტომობილის გამოშვებას აპირებს. ყველაფრის მიზეზი კი ისაა, რომ ინდურ ბაზარზე, გაცილებით მაღალი ტემპით, „ფოლკსვაგენი“ და „ფორდი“ ვითარდებიან.

სააგენტო ბლუმბერგთან საუბრისას, „ჰიუნდაის“ ინდური შტოს დირექტორმა ერვინდ საქსენამ განაცხადა, რომ აზიაში და კონკრეტულად ინდოეთში, მისი კომპანია აქცენტს სწორედ სადილერო ქსელის გაფართოებაზე აკეთებს. ამის მიზეზი ისაა, რომ ინდოეთის პროვინციებში მყიდველუნარიანი მოსახლეობის რაოდენობა იზრდება და საჭიროა, მათთვის ავტომობილების და სერვისის ადგილზევე შეთავაზება.

საქსენას თქმით, აქამდე „ჰიუნდაი“ რეგიონებში მუშაობას დიდ მნიშვნელობას არ ანიჭებდა, თუმცა ახლა, როცა ინდური ეკონომიკა სწრაფად ვითარდება, ავტომობილების შეძენის საშუალება რეგიონების მოსახლეობასაც გაუჩნდა. ამასთან, ქალაქებში გაყიდვების მოცულობის გაზრდა, იქაური ბაზრების გადაჯერების გამო, სულ უფრო რთულდება.

გასული წლის განმავლობაში, „ჰიუნდაიმ“ მსოფლიოს მეორე უდიდეს ქვეყანაში (მოსახლეობის რაოდენობით) გაყიდვები მნიშვნელოვნად გაზარდა, თუმცა ეს ზრდა, „ფორდის“, „ფოლკსვაგენის“ და „ტოიოტას“ გაყიდვების ზრდაზე თითქმის ორჯერ ნაკლებია.

საქსენა ასევე ამბობს, რომ „ჰიუნდაი“ ინდური ბაზრისთვის იაფფასიან მოდელს შეიმუშავებს, რომლითაც კონკურენციას „მარუტი სუძუკის“ სუბკომპაქტურ ჰეჩბეკ „ალტოს“ გაუწევს. ამ ავტომობილის ფასი დაახლოებით 290 ათასი ინდური რუპიაა (დაახლოებით 6 500 დოლარი) და „ჰიუნდაის“ ახალი ავტომობილის ფასის ორიენტირიც სწორედ ესაა.

გარდა ამისა, კორეული კომპანია ინდოეთში ყოველწლიურად ორ ახალ ავტომობილს წარადგენს. თუმცა, მის გეგმებში, მსოფლიოს უიაფესი ავტომობილის - „ტატა ნანოს“ კონკურენტის გამოშვება არ შედის. ახლახანს, „ჰიუნდაიმ“ ინდურ ბაზარზე თავის პოპულარულ სედან „ვერნას“ (ფოტოზე) ახალი ვერსია წარადგინა.

2010 ფისკალური წლის განმავლობაში, „ჰიუნდაიმ“ ინდოეთში 358 904 ავტომობილი გაჰყიდა, წელს კი გაყიდვების 14 პროცენტით გაზრდას და დაახლოებით, 400 000 ავტომობილის რეალიზებას გეგმავს.

No comments:

Post a Comment