Honda Teases European 2012 Civic Hatchback
30 ივლისი
„ჰონდა სივიკის“ მეცხრე თაობის ჰეჩბეკის ევროპული ვერსიის მსოფლიო პრემიერა ფრანკფურტის მოტორ შოუზე ჩატარდება, მანამდე კი იაპონური კომპანია ამ ავტომობილის ფოტო და ვიდეო ტიზერებს და მის შესახებ მწირ ინფორმაციას ავრცელებს. თუმცა, ამ ფოტოებზე ავტომობილი სატესტო ნიღაბშია გამოწყობილი. ამასთან, ვიდეო ტიზერებზე, ახალი „სივიკის“ კონსტრუქციული სიახლეებია აღწერილი.
ახალი ხუთკარიანი „სივიკი“ მხოლოდ ევროპული ბაზრისთვის შემუშავდა და ის ჩრდილოამერიკული ოთხკარიანი სედანისა და ორკარიანი კუპესგან საკმაოდ განსხვავებული იქნება. თუმცა ამის მიუხედავად, მათ საერთო სახელი კვლავაც დარჩებათ.
შენიღბული ავტომობილის მიხედვით შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ახალი ავტომობილი, ახლანდელი „სივიკის“ მკვეთრ სტილს შეინარჩუნებს. თუმცა, მასზე გრძელი ბაზა ექნება, რითაც გაიზრდება სალონის მოცულობა. მნიშვნელოვნადაა შეცვლილი ავტომობილის საკიდარი, რისი წყალობითაც, „სივიკი“ კიდევ უფრო ადვილად სამართავი, კომფორტული და მდგრადი გახდება.
არადა, „ჰონდა“ აცხადებს, რომ „სივიკზე“ შენარჩუნდება უკანა საკიდარის ტორსიონული სისტემა, თუმცა ამის მიუხედავად, ავტომობილის უკანა ნაწილი მაინც ადვილად დაემორჩილება მძღოლის მითითებებს. ამას კი ჰიდრომექანიკური სახსრული გადაცემებით მიაღწიეს, რაც სვლის სიმდოვრეს და კარგ მართვადობას უზრუნველყოფს.
ჯერჯერობით, იაპონური კომპანია ძრავის შესახებ არაფერს გვაუწყებს. თუმცა, ინტერნეტით გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ძრავების გამაში სიახლე იქნება მცირელიტრაჟიანი ტურბოდიზელის სახით, რომელიც მაღალი სიმძლავრითა და ეკონომიურობითაც გამოირჩევა.
„ახალი „სივიკი“ წინა მოდელის უბრალო ევოლუცია არაა. სვლის ხარისხის ასპექტში, ჩვენ ახალ, უფრო მაღალ დონეს მივაღწიეთ, რაც განვითარების ორი თაობის ტოლფასია“, - ამბობს ახალი „სივიკის“ შასის მთავარი ინჟინერი კაძუო სუნაოში.
ევროპისთვის განკუთვნილ ახალ „ჰონდა სივიკს“ იაპონური კომპანიის ბრიტანული (ქალაქ სუინდონში მდებარე) ქარხანა გამოუშვებს. მოგვიანებით, ამავე ქარხანაში იგივე ავტომობილს სედანის ძარითაც გამოუშვებენ.
No comments:
Post a Comment