Ferrari World Design Contest Finalist Samir Sadikhov’s Xezri Supercar Concept
30 ივლისი
„ფერარის“ მსოფლიო დიზაინის ახლახანს დასრულებულ კონკურსში, რომელიც კორეელმა სტუდენტმა მოიგო, მეორე ადგილი, აზერბაიჯანელ სამირ სადიკოვის (ფოტოზე თავის ნამუშევართან ერთად) კონცეპტუალურმა ნამუშევარმა დაიკავა. „ხეზრი“ არის ტურინის ევროპის დიზაინის ინსტიტუტის კურსდამთავრებულ სადიკოვის ხედვა იმისა, თუ როგორი შეიძლება იყოს „ფერარის“ ერთ-ერთი სუპერავტომობილი 2025 წელს.
ჯერ სახელით დავიწყოთ: ხეზრი არის ზღვის ბრიზი, რომელიც კასპიის ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროს გასწვრივ, მათ შორის ბაქოშიც, ყოველდღიურად უბერავს. კონცეპციის განმარტებით ნაწილში აღნიშნულია, რომ „ფერარი ხეზრი“ უნდა იყოს ინოვაციური, მაღალტექნოლოგიური გადაწყვეტა ავტომობილისა, რომელიც ერთდროულად, გამოსადეგი იქნება როგორც ყოველდღიური მოხმარებისთვის, ასევე რბოლებისთვისაც.
კონცეპციის ავტორის თქმით, ეს არის „მოწინავე ტექნოლოგიისა და სპორტული გამოცდილების სინთეზი, ავტომობილი, რომელშიც „ფერარის“ წარსული და აწმყოა შერწყმული და რომელიც კომპანიის მომავალს ასახავს“.
თავისი კონცეპციის შემუშავებისას, მიზანს აეროდინამიკური წინააღმდეგობის შემცირება, ძარაზე აეროდინამიკური დატვირთვის გაზრდა და ამგვარად, ბორბლების გზასთან ჩაჭიდების გაუმჯობესება იყო. ამის მისაღწევად, მან ავტომობილის ძარას ბევრი ზედმეტი დეტალი, მათ შორის, გარე სარკეები მოაშორა, ავტომობილის ძირი აბსოლუტურად ბრტყელი დაამზადა და ძარა დეფორმირებადი ფრთოვანებით (უინგლეტ) აღჭურვა.
აზერბაიჯანელმა დიზაინერმა ავტომობილის წონის შესამცირებლად, მისი შასის, ძარის და ინტერიერის ძირითადი ელემენტების დასამზადებლად, კარბონის ბოჭკოსა და პოლიეთერული ფისის კომპოზიცია აირჩია. მისი თქმით, კონცეპციაზე მუშაობისას სურდა, რომ „ავტომობილი ორიგინალური, ელეგანტური, გლუვი, თანამედროვე და მარტივი, ასევე დინამიური, მსუბუქი და მტაცებლური გარეგნობისა ყოფილიყო“.
„ხეზრის“ თავისებურებათა შორის, მისი კოკპიტია, რომელიც სალონის ცენტრშია მოთავსებული და მხოლოდ ერთ ადგილს იტევს. სალონში ყველაფერი იმ დროის ტექნოლოგიებით გაეწყობა, რომლებიც მომავალში ფართოდ დაინერგება. მაგალითად, თაჩ-სქრინ მონიტორები და ანალოგური ღილაკები და გადამრთველები.
ავტომობილის სახურავში, ქარის ორი ჰორიზონტალური ტურბინა მოთავსდა, რომლებიც „ხეზრის“ მოძრაობისას, ელექტროენერგიას გამოიმუშავებენ. ეს ენერგია კი ავტომობილის მართვის სისტემებს და ინტერიერს მოხმარდება. თუ უკანა საყრდენს დააკვირდებით, უცნაური მოყვანილობის აეროდინამიკურ ელემენტს შენიშნავთ, რომელიც ძრავისთვის ჰაერის შეგროვებასაც ემსახურება და რეგულირებადი სპოილერის დანიშნულებასაც ასრულებს.
თავად ავტორი აღიარებს, რომ „ხეზრი“ მისი საუკეთესო ნამუშევარია. ვერაფერს იტყვით, შესაფერისი აღიარებაც დაიმსახურა...
No comments:
Post a Comment