Tuesday, August 2, 2011

„არინერა კონტენდერი“ - პოლონური სუპერ ავტომობილი

Arrinera Polish Supercar Contender Flexing Its Muscles
1 აგვისტო
ერთი თვის წინ, პოლონურმა კომპანია „არინერა ავტომოტივმა“ საზოგადოებას თავისი ქმნილება - სუპერ ავტომობილის პროტოტიპი წარუდგინა. ახლახანს კი ეს მანქანა გზაზეც გამოიყვანა და რა თქმა უნდა, საყოველთაო ყურადღება მიიპყრო. სუპერ ავტომობილს „კონტენდერი“ უწოდეს, თუმცა რისი, ან ვისი მეტოქე-კონკურენტია, ეს არ დაუზუსტებიათ.
„კონტენდერი“ ფოლადის მილებისგან შეკრულ ჩარჩოს ეყრდნობა, მასზე კი კარბონისა და კევლარის კომპოზიტისგან დამზადებული ძარა დგას. რაც შეეხება ძრავას, ესაა ავტომობილის ბაზაში განლაგებული 6.2-ლიტრიანი მექანიკურ დამჭირხნიანი LS9 V8, რომელიც „შევროლე კორვეტ ZR1-სგანაა“ აღებული. ძრავი 640 ცხენის ძალას და 819 ნიუტონმეტრს გამოიმუშავებს, რაც ამ მანქანას, იტალიური სუპერ ავტომობილების სერიოზულ კონკურენტად აქცევს.

და მაინც, პოლონური სუპერ ავტომობილი ყურს უშნოდ ხვდება? რა თქმა უნდა - ეს ქვეყანა ხომ სოფლის მეურნეობისთვის საჭირო ტექნიკის წარმოებითაა ცნობილი და არა ოთხბორბლიანი ჯიშიანი ბედაურებით. მაგრამ გაიხსენეთ, ერთ დროს სუპერ ავტომობილების ერთი ცნობილი (იტალიური) მწარმოებელიც ადრე ტრაქტორების წარმოებაზე იყო სპეციალიზებული. მერე კი, მისი მფლობელი ენცო ფერარიმ გააბრაზა და მანაც ოთხბორბლიანი გამძვინვარებული ხარების წარმოება დაიწყო...
არა მგონია, ვინმეს ამ კომპანიის სახელის შეხსენება დასჭირდეს - მას „ლამბორგინი“ ეწოდება. „კონტენდერი“ ერთი შეხედვით, სწორედ „ლამბოს“ სტილშია შესრულებული. სხვათა შორის, ამ იტალიური კომპანიის მოდელებიც ახლახანს ფოლადის მილებისგან შეკრულ ჩარჩოზე იწყობოდა. თანაც, პოლონური სუპერი წინიდან „ლამბოს“ „რევენტონს“ ჰგავს, წინიდან კი - „ლამბოსავე“ „მურსიელაგოს“...

No comments:

Post a Comment