Friday, September 16, 2011

”ეტერნიტი” - ახალი მარკა პრემიუმ სეგმენტში

ბრიტანული კომპანია პრემიუმ სეგმენტის ახალი მოთამაშეა და მისმა ხელმძღვანელობამ დებიუტისთვის ფრანკფურტის შოუ შეარჩია. თავისი პირველი ნაბიჯი კი უგზოობის ავტომობილ ”ჰემერათი” გადადგა, რომელსაც მალე, ”ასტონ მარტინის”, ”ბენტლის” და ”მაზერატის” შესაბამისი კლასის ავტომობილების სახით, სერიოზული კონკურენტები გამოუჩნდება.
”ჰემერას” ბაზისად ”პორშე კაიენი” გამოიყენეს, რომელსაც მართალია ძარა შეუცვალეს, თუმცა მოყვანილობით მაინც მიხვდებით, რომ გერმანული კომპანიის უგზოობის პირველი და მეტად წარმატებული მოდელის ნათესავთან გვაქვს საქმე. ძარის გარდა, შეიცვალა აგრეგატიც და უფრო დაიხვეწა ინტერიერიც. კაპოტქვეშ 4.8-ლიტრიანი V8 წყვილ ტურბოკომპრესორიანი ძრავი მოტავსდა, რომელიც 620 ცხენის ძალას იძლევა.
”ეტერნიტი” გვპირდება, რომ ”ჰემერას” წარმოებას მალე დაიწყებს, პირველი მყიდველები კი სასურველ მანქანას მერმისს, ზაფხულში მიიღებენ. ეს კი მათ ჯიბეს თითქმის 240 000 დოლარით შეუმსუბუქებს. ღირებულებაში შედის სამწლიანი გარანტია. თავის მხრივ, საგარანტიო მომსახურება ითვალისწინებს სერვისს უცნაური სახელით ”მფრინავი ექიმი” - საჭიროების შემთხვევაში, მანქანას კომპანიის წარმომადგენლები თავად წაიყვანენ სერვისის ცენტრში, შეაკეთებენ და თავადვე დაგიბრუნებენ. თუმცა, ”ეტერნიტიში” დარწმუნებულები არიან, რომ ასეთი სერვისი არავის დასჭირდეა.

No comments:

Post a Comment