Friday, September 16, 2011

”ინფინიტი FX-ის” ვერსია ”სებასტიან ფეტელ”

”ნისანის” ლუქს შტო პრემიუმ ქროსოვერების სეგმენტის ერთ-ერთი პიონერია. უგზოობის კუპე კი პირველმა გამოუშვა ბაზარზე. დღეს ეს კომპანია ფორმულა 1-ის ჩემპიონ ”რედ ბულ რეისინგის” პარტნიორია და ბუნებრივია, ამ რესურსის თავის სასარგებლოდ გამოყენება სცადა. და რას უნდა ჰქონდეს იმაზე მეტი სამარკეტინგო ეფექტი, ვიდრე ავტომობილის სახელწოდებაში მსოფლიო ჩემპიონის სახელის დამატებაა? მითუმეტეს, თუ ამ ავტომობილის სრულყოფაში თავად გვირგვინსანიც მონაწილეობდა...

FX50-ის გაუმჯობესებაზე, ინჟინრები ფეტელთან ერთად მუშაობდნენ. მათ 20 მილიმეტრით შეამცირეს კლირენსი და ავტომობილი აეროდინამიკური პაკეტით აღჭურვეს, რისი წყალობითაც, აეროდინამიკური წინააღმდეგობის კოეფიციენტი დაახლოებით 30 პროცენტით შემცირდა. ერთი შეხედვით, რა საჭირო იყო ქროსოვერისთვის კლირენსის შემცირება, მაგრამ რეალობა ისაა, რომ ეს ფეტელის მოთხოვნით მოხდა - ჩემპიონს სურდა, რომ მისი სახელის მატარებელი მანქანა სწრაფი და მანევრირებადი ყოფილიყო. ყოველივეს შედეგი ისაა, რომ ამ ავტომობილის მაქსიმალური სიჩქარე, თითქმის 300 კმ/სთ-ია.
რა თქმა უნდა, ამისათვის საკმარისი არ იყო მხოლოდ აეროდინამიკის დახვეწა. ინჟინრების მცდელობით, 5.0-ლიტრიანი V8 ძრავის სიმძლავრე 30 ცხენის ძალით, 414 ცხენის ძალამდე გაიზარდა. ძრავის გასაძლიერებლად, შეიცვალა მისი კომპიუტერის პროგრამა და დაიხვეწა გამომშვები სისტემა.
ჯერჯერობით, ”FX სებასტიან ფეტელ” კონცეპტუალური ავტომობილია, თუმცა დდ ალბათობაა იმისა, რომ ”ინფინიტი” მის მცირესერიულ წარმოებას დაიწყებს. ამასთან, მალე იაპონური კომპანია ანალოგიურ ვერსიებს თავისი სხვა მოდელების ბაზაზეც დაამზადებს.

No comments:

Post a Comment