Eterniti Preparing Production Version of Hemera SUV as well as Two More Models
18 დეკემბერი
ბრიტანული კომპანია „ეტერნიტი“ საავტომობილო სამყაროში ახალი მოთამაშეა. მან პირველი ნაბიჯი ახლახანს, ფრანკფურტის მოტორ შოუზე გადადგა, რომელზეც პირველი მოდელი, უგზოობის კონცეპტუალური „ჰემერა“ გამოფინა. ეს ავტომობილი „პორშე კაიენ S–ზეა“ ბაზირებული, თუმცა როგორც ლონდონური კომპანიის (რომელშიც მხოლოდ 12 ადამიანი მუშაობს) მთავარი ინჟინერი ალესტერ მაკქუინი ამბობს, ეს ავტომობილი არაა უბრალო ტუნინგის ნაყოფი. ის სრულიად ახალი სუპერქარია.
მაკქუინი ამბობს, რომ „პორშე კაიენ S“ ბაზისად იმ მარტივი მიზეზის გამო აირჩია, რომ ის ბაზარზე არსებულ დიდი ზომის უგზოობის მოდელებს შორის საუკეთესოა. მაგრამ „ჰემერას“ მოდერნიზებული შასი, ინტერიერი და ძალური დანადგარი აქვს. ძარაზე უცვლელი დარჩა სახურავი და საყრდენები. დანარჩენი კი თითქმის ყველაფერი კარბონის კომპოზიტის ნაწარმია. სალონში მთავარი ცვლილება ისაა, რომ უკანა სავარძლები 120 მილიმეტრით უკან დასწიეს. ამგვარად, უკანა მგზავრებისთვის სივრცე მნიშვნელოვნად გაიზარდა, თუმცა ამით, საბარგულის მოცულობაც შემცირდა.
მაკქუინი თავის პირველ პროდუქტს, უგზოობის ავტომობილების M5–ს უწოდებს. ამის საფუძველს კი 600–ცხენისძალიანი V8 ტურბო ძრავი, დახვეწილი საკიდარი და შემცირებული სიმაღლე აძლევს.
ამ ავტომობილის სერიულ ვერსიას, პირველად პეკინის მოტორ შოუს (აპრილში ჩატარდება) დამთვალიერებლები იხილავენ. სავარაუდოდ, იქ ის სხვა სახელით წარსდგება. „ეტერნიტისთვის“ ჩინეთი მთავარი ბაზარი გახდება. პირველ სადილერო პუნქტებს კი კომპანია ჰონ კონგსა და ბრიტანეთში გახსნის. მერმისს მხოლოდ 80 ცალი „ჰემერას“ წარმოება იგეგმება. შემდგომში ეს წარმოების მოცულობა ჯერ 150–მდე, შემდგ კი 20–მდე გაიზრდება.
დაბოლოს, ყველაზე საინტერესო: „ეტერნიტი“ მხოლოდ უგზოობის ავტომობილების წარმოებით არ დაკმაყოფილდება. კომპანიამ უკვე გამოაცხადა, რომ უკვე დაწყებულია სუპერ ავტომობილის შემუშავება. ოღონდ, ჯერ უცნობია, თუ რომელ არსებულ ავტომობილზე იქნება ის ბაზირებული. მაკქუინი ამბობს, რომ ამ ავტომობილსაც მალე ვიხილავთ (სავარაუდოდ, ჟენევაში). ამასთან, კომპანია უკვე განიხილავს მესამე მოდელის წარმოების მიზანშეწონილებას, რომელიც ალბათ ისევ უგზოობისა იქნება...
No comments:
Post a Comment