Fiat's 2012 sales forecast drops by 500,000 units
18 დეკემბერი
„ტოიოტას“ მსგავსად, მომავალი წლის გაყიდვების პროგნოზს „ფიატ–იც“ ამცირებს. პირვანდელი პროგნოზით, იტალიური კომპანია 2.7 მილიონი ავტომობილის გაყიდვას ვარაუდობდა, მაგრამ კორექტირების შემდეგ, ეს მაჩვენებელი ნახევარი მილონით შემცირდა. სამაგიეროდ, პირვანდელ პროგნოზს ინარჩუნებს „ფიატ–ის“ ამერიკელი თანაალიანსელი „კრაისლერი“, რომელიც 2.4 მილიონი ავტომობილის გაყიდვას ვარაუდობს.
ამგვარად, „ფიატ–კრაისლერის“ გაყიდვები მაინც 4.6 მილიონამდე გაიზრდება, რაც ალიანსის მთავარ აღმასრულებელ სერჯო მარკიონეს ოპტიმიზმის საფუძველს აძლევს და ის ვარაუდობს, რომ 2014 წელს გაყიდვები 5.9 მილიონამდე გაიზრდება. ამისათვის კი ალიანსმა 2013 და 2014 წლებში, გაყიდვები 1.3–1.3 მილიონით უნდა გაზარდოს.
„მედიობანკას“ ფინანსურ ანალიტიკოს მასიმო ვეკიოს თქმით, მარკიონეს მიზანი ნამდვილი გამოწვევაა და თუ „ფიატ–ის“ ძირითად ბაზრებზე სიტუაცია არ გამოსწორდა, ამ მიზნის მიღწევა ძალიან გაჭირდება. მართალია, დასავლეთ ევროპის ბაზარზე მოთხოვნის კლებაა მოსალოდნელი, მაგრამ „ფიატ–ი“ მომდევნო სამი წლის განმავლობაში, 35 ახალი, ან განახლებული ავტომობილის გამოშვებას აპირებს, რამაც მისი გაყიდვები უნდა გაზარდოს.
მარკიონემ „ფიატ–ის“ ხუთწლიანი გეგმა შარშან გამოაქვეყნა. ამ გეგმის მიხედვით, წელს იტალიურ კომპანიას 2.3 მილიონი, მერმისს კი 2.7 მილიონი ავტომობილი უნდა გაეყიდა. მაგრამ რეალურად, ეს მაჩვენებლები ორივე წლისთვის 2.2 მილიონამდე შემცირდა.
„ფიატ–ის“ პირვანდელი პროგნოზით, მერმისს ევროკავშირში, ისლანდიაში, ნორვეგიაში და შვეიცარიაში, 14.6 მილიონი ავტომობილის გაყიდვა იყო ნავარაუდები, რაც წლევანდელ პროგნოზზე 900 000–ით მეტია. მაგრამ ახლა ეს პროგნოზიც გადაიხედება. სავარაუდოდ, ახალი მაჩვენებელი 13.4 მილიონზე ნაკლები უნდა იყოს (ზოგიერთი ვარაუდით, 12.8 მილიონი). ამის მთავარი მიზეზი კი ევროკავშირში არსებული ფინანსური კრიზისია.
მაგრამ ზოგადი კრიზისის გარდა, „ფიატ–ის“ გაყიდვების შემცირებას, თავად კომპანიაში აქვს მიზეზები. მათგან მთავარი ისაა, რომ ტურინელთა სამოდელო გამა ძალიან მოძველდა და განახლებას საჭიროებს. სწორედ ესაა იმის მთავარი მიზეზი, რომ წელს „ფიატ–ის“ (კრაისლერთან და ჯიპთან ერთად) წილი ევროკავშირისა და ზემოთ დასახელებული ქვეყნების ბაზარზე 7.9–დან 7.0 პროცენტამდეა შემცირებული. იტალიურ კომპანიას ყველაზე მეტად ნოემბერში გაუჭირდა, როცა მისი წილი 6.3 პროცენტამდე შემცირდა (შარშან 6.9 პროცენტამდე).
ტურინული გიგანტისთვის მთავარი ბაზარი იტალიაა, რომლის 30 პროცენტიც ეკუთვნის. მაგრამ აქაც პროგნოზის შესრულება ვერ ხერხდება. კერძოდ, გაყიდვები 10 პროცენტით, 1.75 მილიონამდე მცირდება, რაც ბოლო 15 წლის ყველაზე უარესი მაჩვენებელია.
No comments:
Post a Comment