Tuesday, December 6, 2011

„სტრადა მოტორსმა“ „ფიატ–ის“ ახალი შოურუმი გახსნა

Strada Motors-Fiat
6 დეკემბერი

„ფიატ–ის“ ავტომობილების ოფიციალურმა დისტრიბუტორმა საქართველოში, კომპანია „სტრადა მოტორსმა“, რომელიც იტალიური კომპანიის ავტომობილებს 2010 წლიდან ჰყიდის, თავისი ახალი შოურუმის, „ფიატ ცენტრი თბილისის“ პრეზენტაცია ჩაატარა, რასაც „მედია საღამო“ მიუძღვნა.

პრეზენტაციაზე, სხვა ავტომობილებთან ერთად, ტურინული კომპანიის ბესტსელერი, „ფიატ 500–ის“ ორი მოდიფიკაციაც (ერთი ღია – 500C) იყო წარმოდგენილი. ღინისძიებას საპატიო სტუმრებიც ჰყავდა: მსხვილი მულტიბრენდული სადილერო ქსელის მქონე კომპანია „მარტორელის“ პრეზიდენტი ფილიპო მარტორელი, აღმოსავლეთ ევროპისა და დსთ–ის ქვეყნების ბაზრებზე „ფიატ–ის“ წარმომადგენელი კაჯილ კან ლგასი და „სტრადა მოტორსის“ წარმომადგენელი იური იპატი.
სიტყვით გამოსვლისას, კან ლგასმა განაცხადა, რომ დღეისათვის „ფიატ–ი“ მეტწილად ევროპის, ყველაზე მეტად კი სამხრეთ ევროპის ქვეყნებშია წარმოდგენილი, თუმცა ტურინული კომპანიის გეგმებში სწრაფი გლობალიზაციაა და ამ გეგმაში საქართველოს ბაზარიც მოიაზრება.
მანვე განაცხადა, რომ „ფიატ–ის“ საქართველოში შემოსვლა, აქაური საავტომობილო ბაზრის განვითარების საწყის ეტაპს ემთხვევა, რაც იტალიურ კომპანიას გაყიდვების ზრდის ხელსაყრელ პირობებს უქმნის. ქართულ ბაზარზე ტურინელთა მთავარი მოდელი „ჩინკვეჩენტოა“, ამავე სახელის მქონე ლეგენდარული მინიქარის თანამედროვე ვერსია, რომელსაც ევროპის 2008 წლის საუკეთესო ავტომობილის წოდება აქვს მოპოვებული. სხვათა შორის, შოურუმის პრეზენტაციაზევე შედგა ამ ავტომობილის ღია ვერსიის – „ფიატ 500C–ს“ დებიუტი ქართულ ბაზარზე. გარდა ამისა, საქართველოში კარგი პერსპექტივები აქვს მრავალმხრივი დანიშნულების მქონე მოდელ „დობლოს“, რომელიც შეიძლება იყოს როგორც სამგზავრო, ასევე კომერციული დანიშნულების. ეს ავტომობილი ფართე სალონით, დაბალი ფასით და საწვავის მცირე ხარჯით გამოირჩევა.
კან ლგასის თქმით, ქართული ბაზრის განვითარებასთან ერთად, „ფიატ ცენტრი თბილისი“ იტალიურ ჯგუფში შემავალი სხვა ბრენდების – „ლანჩას“ და „ალფა რომეოს“ ავტომობილებსაც შემოიყვანს.
„ფიატ ცენტრი თბილისის“ დამფუძნბელმა დავით ზაუტაშვილმა სიტყვით გამოსვლისას, მადლობა გადაუხადა კომპანია „თეგეტა მოტორსს“, რომელმაც ცენტრის მშენებლობაში მიიღო მონაწილეობა და ის თანამედროვე დანადგარებით აღჭურვა. შოურუმის გარდა, ცენტრს სერვისის სეგმენტიც აქვს, რომელიც კლიენტს უმაღლესი დონის მომსახურებას შესთავაზებენ.
დაბოლოს, ორი სიტყვით, ქართული საავტომობილო ბაზრის დებიუტანტ „ფიატ 500C–ს“ შესახებ: ის მცირე გაბარიტებით გამოირჩევა: სიგრძე 3550 მილიმეტრი, სიგანე 1650 მმ, სიმაღლე 1490 მმ, ბორბლებს შორის ბაზა კი – 2300 მილიმეტრი. ავტომობილი 940 კილოგრამს იწონის. მას აქვს რბილი ტენტი, რომელიც ავტომატურად იხსნება და იკეცება. 500C აღჭურვილია ბენზინის ოთხცილინდრიანი 1.4–ლიტრიანი ძრავით, რომლის სიმძლავრე 100 ცხენის ძალა, მაქსიმალური მაბრუნი მომენტი კი (4250 ბრ/წთ–ზე) 131 ნიუტონმეტრია. შერეული ციკლით მოძრაობისას, 100 კილომეტრზე საწვავის ხარჯი 6.1 ლიტრი, მაგისტრალზე 5.1 ლიტრი, ქალაქში კი 7.1 ლიტრია.


No comments:

Post a Comment