Tuesday, December 6, 2011

„მერსედეს GP–მ“ სახელი შეიცვალა

Silver Arrows works team to race as Mercedes AMG Petronas F1 Team
6 დეკემბერი
ახალი სეზონიდან „მერსედეს GP“ ახალი სახელით იასპარეზებს – სამქიმიანებმა გადაწყვიტეს, რომ ამიერიდან, რეკლამა გაუკეთონ თავიანთ სპორტულ შტო AMG–ს, რომელიც მათი ავტომობილების საქარხნო ტუნინგით და სუპერ ავტომობილების წარმოებითაა დაკავებული. ამიერიდან, გუნდის სრული სახელწოდება იქნება „მერსედეს AMG პეტრონას ფორმულა 1 ტიმ“.

აღსანიშნავია, რომ ბრეკლიში ბაზირებულმა გუნდმა საერთაშორისო საავტომობილო ფედერაციაში (FIA) უკვე გააგზავნა განაცხადი, რომელშიც ძველი სახელითაა მოხსენიებული. თუმცა სავარაუდოდ, ეს პრობლემას არ შექმნის.
„ჩვენი გუნდის ახალი სახელი, ფორმულა ერთში AMG–ს და მერსედეს ბენცის ვერცხლისფერი ისრების სახელოვან ტრადიციებს აერთიანებს. იმ 24 მრბოლიდან, რომლებმაც გასული სეზონის ბოლო ეტაპზე, ბრაზილიაში იასპარეზეს, 16–ს მერსედეს ბენცთან შეხება აქვთ, ან ჰქონდათ. ჩვენი კომპანია ფორმულა ერთისადმი ერთგულებას ინარჩუნებს. ჩვენ არამხოლოდ კლიენტების ძრავებით მომარაგებას ვაგრძელებთ, არამედ მსოფლიო ჩემპიონატს უსაფრთხოების და სამედცინო მანქანებსაც ვაწვდით“, – ამბობს „მერსედეს მოტორშპორტის“ შეფი ნორბერტ ჰაუგი.
გერმანული კომპანიის საქარხნო გუნდი ფ1–ში პირველად 1954 წელს გამოჩნდა და ორ სეზონში ორ ტიტულს დაეუფლა (ხუან მანუელ ფანხიოსთან ერთად), მაგრამ 1955 წლის ლე მანის ტრაგედიის (რომელმაც 86 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა) შემდეგ, დიდი პრიზების ცირკი დიდი ხნით დატოვეს. მაგრამ 2010 წელს სამქიმიანებმა ჩემპიონი „ბრაუნი“ გამოისყიდეს და საკუთარი სახელით, ორ სეზონში იასპარეზეს.
რაც შეეხება AMG–ს, ეს კომპანია ფ1–თან არანაირად დაკავშირებული არაა. საჯინიბო თავის სარბოლ მანქანებს გერმანიასა და ბრიტანეთში ამზადებს. გუნდის სახელში AMG–ს გამოჩენა კი მხოლოდ სარეკლამო მიზნებს ემსახურება.
იმავდროულად, ცნობილი გახდა, რომ სამქიმიანები თავიანთ ახალ მანქანას (W03) პირველად სეზონისწინა ტესტების მეორე სერიაზე, ბარსელონაში გამოიყვანენ. პირველ სესიაზე კი, რომელსაც ხერესი უმასპინძლებს, გასული სეზონის მანქანით ივარჯიშებენ.

No comments:

Post a Comment