Tri-turbo for Porsche 911 Turbo
27 იანვარი
უკვე 38 წელია, „პორშე 911–ის“ ყოველი თაობის მოდელის ბაზაზე, მინიმუმ ერთი ტურბო ვერსიაც მზადდება. გამონაკლისი არც ახალი 911 იქნება, რომლის საცდელი პროტოტიპიც ინტენსიურ საგზაო გამოცდებს გადის. ამ ავტომობილის თავისებურება ისაა, რომ ის სამი ტურბოკომპრესორითაა აღჭურვილი (წინა ვერსიას წყვილი ტურბოკომპრესორი აქვს).
მისი წინამორბედის მსგავსად, ახალი „911 ტურბო“ სრულამძრავიანი ტრანსმისიითაა აღჭურვილი. მამოძრავებელ ძალას კი მას 3.8–ლიტრიანი, ჰორიზონტალურად ოპოზიტური 6–ცილინდრიანი ძრავი მიანიჭებს. რაც შეეხება ტურბინებს, სამივეს დიზელის ტიპის ცვალებად გეომეტრიის კონსტრუქცია აქვს. მათი წყალობით, ძრავის სიმძლავრე 520 ცხენის ძალას მიაღწევს.
სამიდან ორი ტურბინა დიდი ზომისაა, ერთი კი – პატარა. ამ პატარა ტურბინის სანიშნულება ისაა, რომ ძრავმა აქსელერატორზე მყისიერი რეაგირება შეძლოს. ამგვარად, აჩქარების მომენტში, ძრავს ტურბოაგრეგატებისთვის დამახასიათებელი ჩავარდნები არ ექნება. სამტურბოიანი სისტემა „პორშემ“ ახლახანს დააპატენტა. გერმანული კომპანის ირწმუნება, რომ ასეთი სისტემის დახმარებით, სიმძლავრის ზრდის გარდა, საწვავის ხარჯიც მნიშვნელოვნად შემცირებასაც მიაღწია. ამასთან, სავარაუდოდ, ყოველი კილომეტრის გავლისას, ძრავი ატმოსფეროს 272 გრამი ნახშირორჟანგით დააბინძურებს.
ძრავს ან 7–საფეხურიანი ავტომატური კოლოფი (PDK) შეუწყვილდბა, რომელსაც ძრავთან ორდისკოიანი ქური დააკავშირებს, ან სრულიად ახალი 7–საფეხურიანი მექანიკური კოლოფი, რომელიც „პორშემ“ დამოუკიდებლად შეიმუშავა. გარდა ამისა, ავტომობილი სხვადასხვა დამხმარე ელექტრონული სისტემებითაც აღიჭურვება. ესენია: აქტიური საკიდარი, სტაბილურობის სისტემა, მომენტის გამანაწილებელი და გზასთან ჩაჭიდების მარეგულირებელი სისტემები.
სტანდარტული 911–სგან, მისი ტურბო ვერსია გარეგნულად განიერი უკანა ნაწილით, უდრო დიდი უკანა ფრთით, შეცვლილი ბამპერებით, გვერდითა ჰაერის ამღები „ლაყუჩებით“ და 20–დუიმიანი ბორბლებით იქნება განსხვავებული.
No comments:
Post a Comment