New Stratos DOA, neo Alpine possible?
5 იანვარი
ახალი „ლანჩა სტრატოსი“ კერძო შეკვეთით შეიქმნა და ის ამავე სახელწოდების მქონე ძველი, ლეგენდარული მოდელის შესანიშნავი გადამღერებაა. თანაც „ფერარის“ გული და „პინინფარინას“ მიერ შექმნილი ტანი აქვს და შესაშური დინამიკური მაჩვენებლებითაც გამოირჩევა. მაგრამ ალბათ სწორედ ამიტომ, მის წარმოებას, თუნდაც მცირესერიულს, ან ექსლ;უზიურს, ყველაზე მეტი წინააღმდეგობა „ფერარიმ“ და მისმა შეფმა ლუკა დი მონტეძემოლომ გაუწია. წინააღმდეგობა კი არა, მას წითელი შუქი მარანელოში აუნთეს...
არადა, მისმა გამოჩენამ საავტომობილო სამყაროს დიდი ინტერესი და მოწონება გამოიწვია. თქმა არ უნდა, რომ ამ ავტომობილს საკმაო მყიდველიც ეყოლება, მაგრამ ამის მიუხედავად, მას იტალიაში ვერ გამოუშვებენ. „ფერარის“ არ სურს, თავისი პირდაპირი კონკურენტის წარმოებას შეუწყოს ხელი. მარანელოელთა, განსაკუთრებით დი მონტეძემოლოს სიტყვა კი ტურინში, „ფიატის“ შტაბ–ბინაში კარგად ჭრის. სწორედ დი მონტეძემოლოა ის კაცი, ვინც „მოჭიხვინე კვიცების“ ბიზნესი ააყვავა და ძლიერ მომგებიან საქმედ აქცია. არადა, „ლანჩაც“ ტურინული გიგანტის ოჯახის წევრია...
მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ახალ „სტრატოსს“ მომავალი არ აქვს. ამ პროექტის ინიციატორი ჯგუფი (რალის ყოფილი მრბოლის, გერმანელ ბიზნესმენ მიხაელ სტოშეკის ხელმძღვანელობით) ახლა იტალიის ფარგლებს გარეთ ეძებს ამ ავტომობილის წარმოებით დაინტერესებულ მხარეს და როგორც ინტერნეტ გამოცემა „ავტობლოგი“ გვამცნობს, ასეთი მხარე საფრანგეთში გამოჩნდა.
ამავე ცნობით, ეს დაინტერესებული მხარე, არც მეტი, არც ნაკლები, ფრანგული ავტოგიგანტი „რენოა“, რომელიც ბრენდ „ალპინის“ აღდგენას ცდილობს. ამ საქმეში კი „სტრატოსი“ ძალიან გამოადგება. რა თქმა უნდა, თუ გარიგება შედგა, ამით „რენო“ მოიგებს, „ფიატი“ და მასთან ერთად, მის ჯგუფში შემავალი „ლანჩა“ და „ფერარი“ კი ხელცარიელები დარჩებიან. რა თქმა უნდა, მოგებულები ის მყიდველებიც დარჩებიან, ვისაც „სტრატოსის“ ბაზაზე დამზადებული ავტომობილის შეძენის საშუალებას ჯიბე მისცემს.
No comments:
Post a Comment