Mercedes-Benz developing E Superlight as its new carbon fiber halo sedan
5 იანვარი
ავტომწარმოებლებს ეგრეთ წოდბული „ჰელო ქარები“ იმისათვის სჭირდებათ, რომ თავიანთი დილერების შოურუმებში მყიდველი მიიზიდონ. როგორც წესი, „ჰელო ქარების“ როლს მცირესერიული სპორტული ავტომობილები ასრულებენ, მაგრამ “მერსედეს–ბენცმა“ სხვა გზით წასვლა გადაწყვიტა – გერმანული კომპანია თავის მომავალ „ჰელო ქარს“ ოთხკარიანი სედანის კაბაში გამოაწყობს.
დღეისათვის ამ ავტომობილს „E სუპერლაითად“ მოიხსენიებენ. ამ სახელით ადვილად მივხვდებით, რომ ავტომობილი E–კლასის სედანის პლატფორმაზე იქნება ბაზირებული. თუმცა, გავრცელებული ინფორმაციით, ზომებით ის ოთხკარიან სედან CLS–თან იქნება ახლოს, მისი ფასი კი S–კლასის სედანისას მიუახლოვდება. მაღალი ფასი კი ავტომობილის წარმოების ტექნოლოგიებით იქნება განპირობებული.
პირველ რიგში, მისი ძარა კარბონის კომპოზიტისგან დამზადდება, რისი წყალობითაც ის ძალიან მსუბუქი უნდა გამოვიდეს. სწორედ აქედან მოდის სახელი „სუპერლაით“. ამ ავტომობილის სტილის შემუშავებისას, ორი კონცეპტუალური მოდელის – F800–ის და F125–ის (ფოტოზე) ელემენტებს გამოიყენებენ. პირველი 2010 წლის ჟენევის გამოფენაზე, მეორე კი შარშან, ფრანკფურტში ვიხილეთ. კარბონის წყალობით, ძარა იმდენაად მტკიცე გამოვა, რომ მას არ ექნება შუა საყრდენები. ამასთან, ის ჩვეულებრივი E–კლასის სედანის ძარაზე დაახლოებით 350 კილოგრამით მსუბუქი იქნება.
„E სუპერლაითი“ მბიძგველ ძალას ელექტროძრავებისგან მიიღებს, რომლებსაც ენერგიით აკუმულატორი და წყალბადის ფიჭური ელემენტები მოამარაგებს. სწორედ კარბონი და წყალბადის ფიჭური ელემენტები განაპირობებს ავტომობილის სიძვირეს, თუმცა მომავალში ის ჩვეულებრივი (შიდაწვის და ჰიბრიდული) აგრეგატებითაც აღიჭურვება.
„E სუპერლაითის“ მცირესერიულ წარმოებას სამქიმიანები 2015 წელს დაიწყებენ, 2017 წელს კი წარმოების ყოველწლიური მოცულობა 20 000–ს მიაღწევს.
No comments:
Post a Comment