Hyundai, Kia set annual sales records
5 იანვარი
„ჰიუნდაიმ“ და „კიამ“ გაყიდვების მორიგი რეკორდი დაამყარეს და ისევ ამერიკაში. ეს კი იმის ხარჯზე შეძლეს, რომ ყველაზე მოთხოვნად სეგმენტებში, ახალი ავტომობილები გამოუშვეს. რა თქმა უნდა, მათი აღმავლობა იაპონური კომპანიების პრობლემებმაც გამოიწვია – „ტოიოტა“ და „ჰონდა“ მიწისძვრამ და ცუნამიმ, შემდეგ კი ტაილანდში მომხდარმა არნახულმა წყალდიდობამ ძლიერ აზარალა. თანაც, იაპონურმა კომპანიებმა რამდენიმე თვე ვერ შეძლეს წარმოების ჩვეული რიტმის აღდგენა.
გასული წლის განმავლობაში, „ჰიუნდაიმ“ ამერიკის ბაზარზე 645 691 ავტომობილი გაჰყიდა, რაც წინა წლის მაჩვენებელზე 20 პროცენტით მეტია. ამასთან, დეკემბერში მისმა გაყიდვებმა 50 765 ავტომობილი შეადგინა, რაც წინა წლის დეკემბრის გაყიდვებზე 13 პროცენტით მეტია.
შარშან „კიამ“ 485 492 ავტომობილი გაჰყიდა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 36 პროცენტით მეტია. დეკემბრის გაყიდვებმა კი 43 390 ავტომობილს მიაღწია, რაც წინა წლის დეკემბრის მაჩვენებელზე 43 პროცენტით მეტია.
მოდელების მიხედვით, გაყიდვების ყველაზე მეტი ზრდა, საშუალო ზომის განახლებულ სედან „კია ოპტიმას“ აქვს, რომლის გაყიდვებიც თითქმის გასამმაგდა და 84 590–მდე გაიზარდა. „ჰიუნდაის“ გამაში კი ყველაზე პოპულარული კომპაქტური „ელანტრაა“, რომელსაც 186 361 მყიდველი ჰყავდა, ეს კი წინა წლის მაჩვენებელზე 41 პროცენტით მეტია.
გაყიდვების მაღალი ტემპით ზრდამ, ორივე კომპანიას, მოგებასთან ერთად, პრობლემებიც შეუქმნა – დილერებს მუდმივად არ ჰყოფნით მოთხოვნადი ავტომობილები, რაც იმის მანიშნებელია, რომ გაყიდვების მაჩვენებელი კიდევ უფრო შთამბეჭდავი იქნებოდა, კორეული კომპანიები საკმარისი რაოდენობით ავტომობილებს რომ აწარმოებდნენ.
„ჰიუნდაი“ და „კიას“ ამერიკული და კორეული საწარმოები მაქსიმალური დატვირთვით მუშაობენ, რაც იმას ნიშნავს, რომ მათ მოთხოვნის დროულად დაკმაყოფილების პრობლემები კვლავაც ექნებათ. მართალია, ორივე თავიანთი ქარხნების მოდერნიზებას და მათი საწარმოო სიმძლავრეების გაზრდას გეგმავს, მაგრამ ისინი აცნობიერებენ, რომ ამით, აღნიშნულ პრობლემას სრულად ვერ მოაგვარებენ. ამიტომ, ისინი გაყიდვების ზრდის ტემპის შენელებას ელიან.
No comments:
Post a Comment