Renault Twizy
21 თებერვალი
„რენომ“ საფრანგეთში თავის ყველაზე პატარა ელექტრომობილ „ტვიზის“ გაყიდვა დაიწყო. საბაზო მოდიფიკაციის „ტვიზის“ ფასი 6 990 ევროა, რასაც ეკოლოგიური ავტომობილებისთვის დაწესებული საგადასახადო შეღავათი (სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვა თანხაა) გამოაკლდება. ამასთან მყიდველს თვეში 45 ევროს გადახდა ელემენტების ბლოკის იჯარისთვის მოუწევს. როგორც „რენო“ აცხადებს, იმ ანგარიშით, რომ წელიწადში საშუალო ფრანგი დაახლოებით 7 500 კილომეტრს გადის, „ტვიზის“ შენახვა სამადგილიან სკუტერზე დაახლოებით 15 პროცენტით იაფი დაჯდება.
ამ პატარა ორადგილიანი ავტომობილის გაბარიტები (სიგრძე 2 338 მილიმეტრი, სიგანე 1 237 მილიმეტრი, სიმაღლე კი 1 454 მილიმეტრია, წონა კი - 450 კილოგრამი) იდეალურად შეესაბამება ქალაქის პირობებს. ფრანგული კომპანიის მარკეტოლოგები თვლიან, რომ „ტვიზის“ ბევრი ისეთი ადამიანი შეიძენს, ვისაც ქალაქში მოძრაობისთვის, მეორე, ეკონომიური ავტომობილი ესაჭიროება. ამასთან, ეს ელექტრული მიკროავტომობილი მისწრებაა ახალბედა მძღოლებისთვის, რომლებსაც ქალაქის გადატვირთულ ქუჩებში მოძრაობასთან შეჩვევა სჭირდებათ.
მართალია, მცირე გაბარიტების გამო, „ტვიზის“ ხშირად სკუტერებს ადარებენ, მაგრამ მას აქვს ყველა მონაცემი იმისათვის, რომ ავტომობილად იწოდებოდეს: ესაა ოთხი ბორბალი, საჭის რგოლი, სატერფულები, ძარა და სალონი ორი სავარძლით, რომლებსაც ეგრეთ წოდებული ტანდემური (ერთი მეორის უკან) განლაგება აქვს.
„ტვიზის“ საბაზო ვერსია 5-ცხენისძალიანი ელექტროძრავითაა აღჭურვილი, რომელიც ავტომობილს მაქსიმუმ 45 კმ/სთ სიჩქარემდე აჩქარებს. ევროპის ბევრ ქვეყანაში, ასეთი ავტომობილის მართვა 16 წლის მოზარდებსაც შეუძლიათ. უფრო ძვირი ვერსია 18-ცხენისძალიანი ელექტროძრავითაა აღჭურვილი და მის მართვას ჩვეულებრივი ლიცენზია ესაჭიროება. ასეთი ძრავით, ავტომობილის მაქსიმალური სიჩქარე 80 კმ/სთ-ს აღწევს, მისი ფასი კი 7 690 ევროა.
საბაზო „ტვიზის“ კარები არ გააჩნია, თუმცა მყიდველის სურვილის შემთხვევაში, მანქანას გვერდებზე ნახევარკარს დაუყენებენ, რაც დამატებით 590 ევრო დაჯდება.
No comments:
Post a Comment