Saturday, March 10, 2012

„პეჟო 208“ - ლომის ბოკვერი ჟენევაში

Peugeot brings the 208 party to Geneva
10 მარტი
208
როგორც იქნა, „პეჟომ“ თავის პოპულარულ სუბკომპაქტურ ჰეჩბეკ 207-ის შემცვლელი, ჰეჩბეკი 208 გვიჩვენა. მართალია, ჟენევაში წარდგენილ მანქანას ფრანგული კომპანია კონცეპტუალურ მოდელს უწოდებს, მაგრამ რეალურად, ის უკვე წარმოებისთვის სრულიად მომზადებული ავტომობილია.

208 GTi
ამ ავტომობილს, მყიდველს სამ და ხუთკარიანი ძარებით შესთავაზებენ. ერთი რამ ფაქტია - ის წინამორბედთან შედარებით, შემცირებული გაბარიტებით გამოირჩევა, თუმცა როგორც მისი შემქმნელები ირწმუნებიან, სალონი უფრო ფართო და კომფორტული აქვს. რაც მთავარია, შემცირებულია ამ ავტომობილის ძრავების გამაში შემავალი აგრეგატების ლიტრაჟი. შესაბამისად, ისინი ნაკლებ საწვავს მოიხმარენ და გარემოსაც ნაკლებად აბინძურებენ.
208 GTi
„პეჟო 208-ს“ დზაინი, ფრანგული კომპანიის ახალი კორპორატიული სტილის შესაბამისადაა შემუშავებული. მთლიანობაში, ის წინამორბედზე ნაკლებად აგრესიულად გამოიყურება. ამ ავტომობილის დიზაინის ჯგუფის ხელმძღვანელი პიერ ოტიე გვპირდება, რომ მოდელი 208, „პეჟოს“ დიზაინის ისტორიაში ახალ ეპოქას იწყებს. ის ამბობს, რომ 208 საკმაოდ ელეგანტური გამოვიდა, რაც ასეთი მცირეგაბარიტიანი ავტომობილებისთვის დიდი მიღწევაა.
 208 Xy
ძრავების გამაში გამოჩნდა 1.0-ლიტრიანი, ძალიან ეკონომიური აგრეგატი, რომლის სიმძლავრეც 75 ცხენის ძალას აღწევს. ვისთვისაც ეს ცოტაა, მათ შეუძლიათ 1.2-ლიტრიან, ასევე ეკონომიურ და ოდნავ მძლავრ (100 ცხ.ძ) მოტორზე შეაჩერონ არჩევანი. მაგრამ გამა ამით არ მთავრდება. მასში რა თქმა უნდა, დზელის აგრეგატებიც შედის.
 208 Xy
საბაზო სამკარიანი 208-ს გარდა, „ლომებმა“ ჟენევაში ამ ავტომობილის კიდევ ორი ვერსია - GTi და XY წარადგინეს. პირველი სპორტული ვერსიაა, მეორე კი - ლუქსი. მეორეს შემთხვევაში, აქცენტი კომფორტზე და ინტერიერის დახვეწილ გაფორმებაზე გაკეთდა. აქ ნახავთ მაღალი კლასის მულტიმედიურ სისტემას, რომელიც სენსორული მონიტორით იმართება. ავტომობილი აღჭურვილია ბენზინის 1.6-ლიტრიანი ძრავით, რომლის სიმძლავრეც 115 ცხენის ძალას აღწევს. ძრავთან კი 6-საფეხურიანი მექანიკური კოლოფია შეწყვილებული.
 208 Xy
რაც შეეხება GTi-ს, მას გარეგნულად განსხვავებული აეროდინამიკური პაკეტი და 18-დუიმიანი ბორბლები გამოარჩევს. გარდა ამისა, სპორტულად მომართული საკიდარით და მძლავრი მუხრუჭებითაცაა აღჭურვილი. რაც მთავარია, 208-ს ოჯახში, ის ყველაზე მძლავრია. მის კაპოტქვეშ განლაგებულია 1.6-ლიტრიანი ძრავი, რომლის სიმძლავრეც 200 ცხენის ძალას აღწევს. ამ შემთხვევაშიც, ძრავთან წყვილში 6-საფეხურიანი მექანიკური კოლოფი მუშაობს. GTi-ს ადგილიდან ასის აკრეფა 7 წამში შეუძლია, მისი მაქსიმალური სიჩქარე კი 225 კმ/სთ-ს აღწევს.

No comments:

Post a Comment