Citroën Previews Ford Focus ST Contender in Geneva with DS4 Racing Concept
10 მარტი
სულ რამდენიმე დღეა, რაც „ჯენერალ მოტორსმა“ და „PSA პეჟო სიტროენმა“ ალიანსი ჩამოაყალიბეს, თუმცა ბაზარზე მათი არაერთი პროდუქტი ერთმანეთთან კონკურენციას კვლავაც გააგრძელებს. უფრო მეტიც, მათ ჟენევაში ერთდროულად წარმოადგინეს მომავალი მეტოქეები - ამერიკული კომპანიის ევროპულმა შტო „ოპელმა“ თავის ისტორიაში ყველაზე მძლავრი და სწრაფი „ასტრა“ (OPC) გვიჩვენა, „სიტროენმა“ კი, რალის მსოფლიო ჩემპიონატებზე დაგროვილი გამოცდილება, „DS4 რეისინგში“ ჩააქსოვა და ის „ფორდ ფოკუს ST-ს“ და „რენ სპორტ მეგანის“ კონკურენტად წარმოგვიდგინა.
„DS4 რეისინგი“ ხუთკარიან ჰეჩბეკ DS4-ის ბაზაზეა შექმნილი, თუმცა მისგან აგრესიული გარეგნობით განსხვავდება. ამას კი კარბონისგან დამზადებული აეროდინამიკური ელემენტები განაპირობებს. აგრესიას აძლიერებს მქრქალი ნაცრისფერიც, რომელიც კარგად ეწყობა კარბონის ფაქტურას. კარბონი ავტომობილს ვიწრო ზოლად უვლის გარს. მისგანაა დამზადებული საბორბლე თაღები, უკანა დიფუზორი და წინა სპლიტერი. „DS4 რეისინგი“ 19-დუიმიან ბორბლებზე დგას, რომლებიც 235/40 ზომის საბურავებითაა შემოსილი.
ავტომობილი აღჭურვილია ოთხცილინდრიანი 1.6-ლიტრიანი ტურბოძრავით, რომელსაც „სიტროენ რეისინგი“ „მინის“ „ჯონ კუპერ უორკსის“ ვერსიებისთვის ამზადებს. ამ აგრეგატის სიმძლავრე 256 ცხენის ძალაა, რაც საკმარისია იმისათვის, რომ „DS4 რეისინგმა“ ადგილიდან 100 კმ/სთ სიჩქარე 6 წამზე ნაკლებში განავითაროს.
ამ ავტომობილს წამყვანი წინა ბორბლები აქვს. ის სპორტულ საკიდარზე დააყენეს, რისი წყალობითაც, კლირენსი 35 მილიმეტრით შეუმცირდა. გარდა ამისა, 55 და 75 მილიმეტრით გაიზარდა წინა და უკანა ბორბლების კვალები. დამუხრუჭებას კი უფრო ეფექტური სისტემა უზრუნველყოფს. მის წინა ნაწილში 380 მილიმეტრი დიამეტრის დისკოები დგას, რომლებსაც ოთხცილინდრიანი დამჭერები ემსახურება.
ორმაგი შევრონი „DS4 რეისინგი“ სერიულ ვერსიას პარიზის მოტორ შოუზე წარადგენს.
No comments:
Post a Comment