Saturday, March 10, 2012

სტუდენტური „ცისიტალია“ ლეგენდის ნაკვალევზე (ვიდეო)

IED Presents the New Cisitalia 202 E Sports Coupe Concept
10 მარტი
ავტომობილზე, რომელიც ტურინის დიზაინის ევროპული ინსტიტუტის (IED) სტუდენტებმა, საკურსო პროექტზე მუშაობისას, შთაგონების წყაროდ გამოიყენეს, თავის დროზე ჰენრი ფორდ მეორეს უთქვამს, რომ ესაა ყველაზე ლამაზი იტალიური ავტომობილი, რაც კი ცხოვრებაში უნახავს. ლაპარაკია „ცისიტალია 202-ზე“. და როგორი გამოვიდა ტურინელი სტუდენტების მიერ მომზადებული კონცეპტუალური „ცისიტალია 202 E“, ეს ჟენევის მოტორ შოუს დამთვალიერებელთა შესაფასებელი გახდა.
პროექტზე სულ 11 სტუდენტი მუშაობდა, მათს გარჯას კი კოორდინაციას ორი გამოცდილი სპეციალისტი - „პინინფარინას“ წამყვანი დიზაინერი ლუკა ბორგონიო და „მაზერატის“ დიზაინერი ლუიჯი ჯამპაოლო უწევდა. საკურსო პროექტად „ცისიტალია 202 E-ს“ შექმნის იდეა ტაივანელ ჩენ ჩინ-ჰსუანს ეკუთვნის. მას კი პარტნიორობას უწევდნენ: შააზ აბასი ბინ საიდი (ინდოეთი), იაროსლავ ჩუმაჩენკო (უკრაინა), იო კობაიაში (იაპონია), ვასილი კურკოვი (რუსეთი), ანდრეა ლეონჩინი, დანიელა სპინა და პასკუალე მელი (იტალია), სუვან პარკი, იუნ კი და სუჰან იუნი კორეიდან.
„ცისიტალია 202 E“ ორადგილიანი კუპეა, რომლის გაბარიტებია: სიგრძე 4270 მილიმეტრი, სიგანე 1850 მილიმეტრი, სიმაღლე 1240 მილიმეტრი და ბორბლებს შორის ბაზა 2650 მილიმეტრი. ის აღჭურვილია უცნბი V8 ძრავით, რომლის სიმძლავრე 450 ცხენის ძალაა. ის ავტომობილის წინ მდებარეობს და უკანა წამყვან ბორბლებს ატრიალებს.
შედარებისთვის, 1947 წელს შექმნილი „ცისიტალია“ პატარა, 1.1-ლიტრიანი ოთხცილინდრიანი ძრავით იყო აღჭურვილი, რომელიც სულ რაღაც, 55 ცხენის ძალას (5500 ბრ/წთ-ზე) იძლეოდა. ავტომობილი მსუბუქი (780 კილოგრამი) იყო და მცირე სიმძლავრის მიუხედავად, მაქსიმუმ 165 კმ/სთ სიჩქარეს მაინც ავითარებდა.
„იმისათვის, რომ სტუდენტებს საკუთარი შესაძლებლობების ზღვარის გადალახვის შანსი გაუჩნდეთ, მათ ძალიან ამბიციურ პროექტებში მონაწილეობის საშუალება უნდა მივცეთ. და რა იქნება უფრო საინტერესო, ვიდრე მსოფლიოში ერთ-ერთი უმშვენიერესი ავტომობილის თანამედროვე ინტერპრეტაციის შექმნა? ეს არაჩვეულებრივი შესაძლებლობაა. ჩვენ ვისარგებლეთ ამ გარემოებით და „ცისიტალიას“ და ჩვენი ლექტორების დახმარებით, შესანიშნავი შედეგები მივიღეთ. მათ შორის საუკეთესო კი ჯენევაში წარმოვადგინეთ“, - ამბობს IED-ის დრექტორი სესარ მენდოსა.


ვიდეო

No comments:

Post a Comment