Vettel aims to join trio of F1 greats
10 მარტი
ფეტელი |
დღესდღეობით, ფორმულა ერთს სულ ორი ისეთი ჩემპიონი ჰყავს, რომლებსაც სამი ტიტული ერთმანეთის მიყოლებით აქვთ მოპოვებული - ხუან მანუელ ფანხიო და მიხაელ შუმახერი. სებასტიან ფეტელს კი სურს, ამ ექსკლუზიურ კლუბში შეაღწიოს, რაც მას დღესვე მოაპოვებინებს გრანდის წოდებას.
მაგრამ მისი ეს მიზანი ძალიან ძნელად მისაღწევი იქნება და აი, რატომ: ჯერ ერთი ფ1-ის ისტორიაში პირველად, ჩემპიონატში ერთდროულად ექვსი ჩემპიონი - შუმახერი, ფეტელი, ფერნანდო ალონსო, კიმი რაიკონენი, ლუის ჰამილტონი და ჯენსონ ბატონი იასპარეზებს. მეორეც, მოსალოდნელია, რომ პელოტონი არნახულად შემჭიდროვდება. ანუ, ლიდერებსა და მდევრებს შორის სხვაობა შემცირდება. დაკიდევ, წინ ძალიან რთული, 20-რბოლიანი სეზონია, რომელშიც ხუთწლიანი პაუზის შემდეგ, კვლავ გამოჩნდა ამერიკული ეტაპი.
24 წლის ფეტელი ფ1-ის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა ორგზის ჩემპიონია. მან გასული სეზონის 19-დან 11 ეტაპი მოიგო. რა თქმა უნდა, ამაში ხელი „რედ ბულ რეისინგის“ შესანიშნავმა ავტომობილმაც შეუწყო ხელი. რა ტქმა უნდა, გერმანელი კვლავ გამარჯვებისთვის ბრძოლას აპირებს, მაგრამ თავადაც დარწმუნებულია, რომ ამჯერად გამარჯვება გაცილებით ძნელი იქნება.
ბატონი |
სეზონის დაწყებამდე ძნელია იმაზე ლაპარაკი, თუ ვინ რამდენად კარგადაა მომზადებული. თუმცა, თითქმის ყველა უკვე დარწმუნებულია, რომ „რედ ბულს“ ძველებურად დიდი უპირატესობა აღარ ექნება. შესაძლოა, „ფერარის“ ამ ეტაპზე უჭირს მანქანისგან მაქსიმუმის მიღება, მაგრამ ეჭვიც არავის უნდა შეეპაროს იმაში, რომ იტალიური გუნდი მალე ისევ ანგარიშგასაწევი ძალა გახდება. სამაგიეროდ, შესანიშნავად გამოიყურებიან „მაკლარენი“, „ლოტუსი“ და „მერსედესი“.
„ჩემი აზრით, ბოლო წლებში, სეზონის ყველაზე ძნელი დასაწყისი გვექნება. ფორმულა ერთისთვის შესანიშნავია, რომ მისი ამდენი ჩემპიონი დადგება სტარტზე. თანაც, ისე ჩანს, რომ მანქანების შესაძლებლობებიც გათანაბრებულია. ეს ფაქტორები კი იმედს გვაძლევს, რომ ძალიან საინტერესო სეზონი გველის. ეს ერთ-ერთი საუკეტესო სეზონი შეიძლება გახდეს“, - ამბობს „მერსედეს GP-ს“ შეფი როს ბრაუნი.
შეგახსენებთ, რომ შუმახერს თავისი შვიდი ტიტულიდან ხუთი (2000-2004 წლებში) ზედიზედ აქვს მოგებული. არგენტინელ ფანხიოს კი თავისი ხუთიდან ოთხი ტიტული (1954-1957 წლებში) ზედიზედ აქვს მოპოვებული.
შუმახერი |
ამ ეპატზე ძნელი სათქმელია, თუ ვინ გაუწევს ყველაზე სერიოზულ კონკურენციას ფეტელს. შარშანდელ სეზონში, (სხვა) ჩემპიონებს შორის საუკეთესო ბატონი გამოდგა, რომელმაც ჩემპიონატი მეორე ადგილზე დაასრულა. თან ის პირველი მრბოლია, ვინც ლუის ჰამილტონს თანაგუნდელის რანგში აჯობა. „რედ ბულის“ შეფი ქრისტიან ჰორნერი სწორედ ბატონს მიიჩნევს ფეტელის უმთავრეს მეტოქედ. ბატონს და მარკ უებერს. ავსტრალიელმა გასული სეზონი ცუდად დაიწყო, რისი მიზეზიც ის იყო, რომ „პირელის“ საბურავებთან შეგუება გაუჭიანურდა. მაგრამ სეზონის ბოლოს, როგორც იქნა, გამარჯვებაც მოიპოვა...
გუნდებს შორის, „წითელი ხარების“ ყველაზე სერიოზული მეტოქე „მაკლარენი“ უნდა იყოს. თუ გასული სეზონის დასაწყისში ამ გუნდს მდევრის როლში ყოფნა უწევდა, ახლა სიტუაცია შეიცვალა. ყოველ შემთხვევაში, ბატონი ამბობს, რომ მანქანა გაცილებით უკეთაა მომზადებული, ვიდრე გასული სეზონის დასაწყისში, მისი წინამორბედი იყო. კარგად არიან მომზადებულნი „ლოტუსი“ და „მერსედესიც“.
შემჭიდროება შეინიშნება პელოტონის შუა წელშიც. „ფორს ინდია“, „ზაუბერი“ და „ტორო როსო“ ტესტებზე შესანიშნავად გამოიყურებოდნენ. და არაა გამორიცხული, რომ მათგან რომელიმემ, მელბურნშიც ასევე გააგრძელოს. ან უფრო მეტსაც მიაღწიოს. ოპტიმისტურად არიან განწყობილნი „უილიამსშიც“. ამ გუნდმა გასული სეზონი ხუთი ქულით დაასრულა, რაც მის ისტორიაში ყველაზე ცუდი შედეგია. „კატერჰემი“ კი თავისი პირველი ქულების მოსაპოვებლად იბრძოლებს...
ფორმულა ერთი დატოვეს (დაატოვინეს) ბრაზილიელმა რუბენს ბარიკელომ და იტალიელმა იარნო ტრულიმ. ორივე შემთხვევაში, მათი გაშვების (შესაბამისად, უილიამსიდან და კატერჰემიდან) მიზეზი ფული გახდა. ორივეს ნაცვლად, გუნდებში სპონსორიანი ბიჭები მიიყვანეს. ბარიკელო მისმა თანამემამულემ და მეგობარმა, ბრუნო სენამ შეცვალა, ტრული კი - რუსმა ვიტალი პეტროვმა.
ახალ სეზონში, პელოტონში სამი ფრანგი მრბოლი იქნება. არადა, გასული სეზონი ფრანგების გარეშე ჩატარდა. ამ სამიდან, მხოლოდ რომენ გროჟანი არაა ახალბედა. თუმცა, „ლოტუსის“ მრბოლი სრულ სეზონს პირველად ჩაატარებს. რაც შეეხებათ ჟან-ერიკ ვერნს (ტორო როსო) და შარლ პიკს (მარუსია), მათ სტარტზე პირველად ვიხილავთ.
და კიდევ ერთი საინტერესო და არცთუ სასიამოვნო ფაქტი - პელოტონში არ იქნებიან იტალიელები. ასეთი რამ, 1970 წლის შემდეგ, პირველად ხდება. თუმცა იტალიელებისთვის ეს დიდი ტრაგედია არ არის. მათთვის გაცილებით სამწუხარო ისაა, რომ „ფერარი“ კვლავ მდევრის როლშია. თუმცა ვინ იცის...
No comments:
Post a Comment