Volkswagen Cross Coupé Concept Take Two at the Geneva Motor Show
4 მარტი
ვოლფსბურგელებმა ეს ავტომობილი პირველად შარშან, ტოკიოს მოტორ შოუზე გამოფინეს და ახლა მის პირველ ევროპულ ჩვენებას ჟენევაში აწყობენ. თანაც, გერმანულმა კომპანიამ ის შეცვლილი სახით მოამზადა.
ჯერ ერთი, ავტომობილის გარეგნობაში მცირე ცვლილება შეინიშნება. ოღონდ ცვლილება მხოლოდ ავტომობილის ფერთა გამას ეხება. კერძოდ, წითლის გარდა, მის გაფორმებაში ვერცხლისფერიც გაურიეს. სწორედ ამ ფერადაა შეღებილი „ქროს კუპეს“ ქვედა ნაწილი, რომელიც ავტომობილს ზოლად მთელს პერიმეტრზე გაუყვება.
მთავარი ცვლილება კი მის პლაგ-ინ ჰიბრიდულ ძალურ სისტემაში განხორციელდა. კერძოდ, თუ ტოკიოში წარდგენილი ავტომობილის ჰიბრიდულ სისტემაში, ბენზინის TSI ძრავი შედიოდა, ჟენევურ ვარიანტზე, ეს ძრავი ევროპელებისთვის უფრო მისაღები დიზელით შეიცვალა, რომელსაც საწვავის უშუალო შეფრქვევის სისტემა ემსახურება.
ჰიბრიდულ დანადგარში ისევ ორი ელექტროძრავია გაერთიანებული. მათგან ერთი წინაა განლაგებული, მეორე კი - უკან. რაც მთავარია, ავტომობილს 100 კილომეტრის გასავლელად 1.8 ლიტრი საწვავი ჰყოფნის, ყოველი კილომეტრის გავლისას კი ის ატმოსფეროს მხოლოდ 46 გრამი ნახშირორჟანგით აბინძურებს.
ჰიბრიდული სისტემის ძალური სიმძლავრე 261-დან 302 ცხენის ძალამდეა (ელექტროძრავების დატვირთვის შესაბამისად), რაც საკმარისია იმსიათვის, რომ 1858-კილოგრამიანი „ქროს კუპეს“ მაქსიმალური სიჩქარე 220 კმ/სთ იყოს. ამ ავტომობილზე უფრო მეტ ინფორმაციას ჟენევაში გამოაქვეყნებენ.
No comments:
Post a Comment