Sunday, March 4, 2012

„აუდი R18 e-ტრონ კვატრო“ ლე მანის რბოლისთვის (ვიდეო)

Audi unveils hybrid R18 e-tron quattro in Munich
4 მარტი
ლე მანის 24-საათიანი რბოლის ათგზის გამარჯვებული „აუდი“ ამ სეზონის რბოლაში, ორი ტიპის სარბოლი პროტოტიპით იასპარეზებს. მათგან ერთია ჩვეულებრივი, დიზელისძრავიანი ავტომობილი, რომელსაც ბოლო წლებში სარტეს ავტოდრომზე ბადალი არ ჰყავს, მეორე კი ჰიბრიდული „R18 e-ტრონ კვატრო“, რომელსაც ოთხივე წამყვანი ბორბალი აქვს. ამ უკანასკნელის პრეზენტაცია მიუნხენის აეროპორტის მახლობლად, „აუდის“ სავარჯიშო ცენტრში გაიმართა.
ამ ავტომობილში, უკანა ბორბლებს 3.7-ლიტრიანი დიზელის აგრეგატი ამოძრავებს, რომლის სიმძლავრეც 510 ცხენის ძალაა. ამასთან, ავტომობილი კინეტიკური ენერგიის რეკუპერაციის სისტემითაცაა (კერს-ით) აღჭურვილი, რომელიც დამუხრუჭებისას, ენერგიას წინა ბორბლებისგან აგროვებს და მქნევარა-აკუმულატორს აწვდის. ეს სისტემა დაგროვილ ენერგიას წინა ბორბლებისთვის მაშინ იყენებს, როდესაც მანქანის სიჩქარე 120 კმ/სთ-ზე მეტია.
„აუდის“ მოტორსპორტის შეფი, დოქტორი ვოლფგანგ ულრიხი ამბობს, რომ ავტოსპორტში გამოყენებულ სიახლეებს, მისი კომპანია სერიულ წარმოებაში ნერგავს. სწორედ ამ მიზნით შეიქმნა „R18 e-ტრონ კვატრო“, რომელიც მომავალი ტექნოლოგიური სიახლეების ერთგვარი ლაბორატორიაა. ამ სიახლეების დიდი ნაწილი კი, რბოლებში გამოცდის შემდეგ, მალე სერიულ ავტომობილებზეც გადაინაცვლებს.
გამძლეობაზე რბოლებისთვის განკუთვნილი სპორტული პროტოტიპის შემუშავება ინგოლშტადტელებმა ორი წლის წინ დაიწყეს. „აუდი შპორტის“ ტექნოლოგიების დირექტორი, დოქტორი მარტინ მულმაიერი ამბობს, რომ ორწლიანი პერიოდი ძალიან მცირე დროა იმ ტექნოლოგიის დასახვეწად, რომელიც წარმოებაში ჯერ არ დანერგილა. თუმცა, ისიც ფაქტია, რომ მსგავს მქნევარა-აკუმულატორის სისტემას ერთ დროს ფორმულა ერთის გუნდი „უილიამსიც“ იყენებდა.
აქ ისიც უნდა ითქვას, რომ „R18 e-ტრონ კვატროზე“ გამოყენებული მექანიკური კერს-ი სწორედ „უილიამსის“ მიერაა შემუშავებული. ამავე სისტემას „პორშე“ თავის „911 GT3-R ჰაიბრიდზე“ იყენებს. ამასთან, ცუფენჰაუზენელებმა ეს სისტემა თავიანთ სუპერ ავტომობილ „918 RSR ჰაიბრიდზეც“ დააყენეს.
მინიმალური სიჩქარის გარდა, გამძლეობაზე რბოლების რეგლამენტში, ჰიბრიდული სისტემების გამოყენების სხვა შეზღუდვებიც არსებობს. კერძოდ, რეგენერირებული ენერგიის გამოყენება მხოლოდ ერთ ღერძზეა ნებადართული. „აუდიმ“ წინა ღერძი იმის გამო აირჩია, რომ დამუხრუჭებისას, უფრო მეტად სწორედ წინა ბორბლები იტვირთება და ამდენად, მათგან უფრო მეტი ენერგიის მიღებაა შესაძლებელი. მეორეც, ეს ენერგია ისევ ამ ბორბლებს უბრუნდება, რისი წყალობითაც, უმჯობესდება ჩაჭიდება და მანქანა სრულამძრავიანი ხდება.
რაც შეეხება მქნევარა-აკუმულატორს, ის იმ მარტივი მიზეზის გამო აირჩიეს, რომ ასეთი სისტემა კინეტიკურ ენერგიას უფრო სწრაფად აგროვებს და შესაბამისად, უფრო ეფექტურიცაა. სხვათა შორის, „ტოიოტა“ ტავის პროტოტიპზე კონდენსატორიან დამგროვებელს იყენებს. „აუდი“ გვამცნობს, რომ მქნევარას სისტემა აკუმულატორებზე მსუბუქია და უფრო დატვირთულ რეჟიმს უძლებს. კერძოდ, დაგროვება-გაცემის 3600 ციკლს იტანს, რაც ერთი 24-საათიანი რბოლის დროს, წრეზე მის ათჯერ გამოყენების საშუალებას იძლევა.
„R18 e-ტრონ კვატროს“ გარდა, „აუდიმ“ საზოგადოებას დიზელისძრავიანი „R18 ულტრაც“ წარუდგინა, რომელიც შარშანდელი ჩემპიონი პროტოტიპის გაუმჯობესებული ვერსიაა და ტავისი სიმსუბუქით გამოირჩევა. ამ ავტომობილს აქვს ახალი გადაცემათა კოლოფი, რომლის კორპუსიც კარბონის ბოჭკოს კომპოზიტისგანაა დამზადებული, რაც გამძლეობის მანქანებისთვის სიახლეა.
ამ ორ ავტომობილს „აუდი“ პირველად სპა-ფრანკორშანის 6-საათიან რბოლაში გამოიყვანს. ამასთან იქ ორივე ტიპის ორ-ორი მანქანა იასპარეზებს და ეს მათთვის სატესტო რბოლა იქნება. ორივე ტიპის ორ-ორი მანქანით წარსდგება გერმანული კომპანია ლე მანის რბოლაშიც, გამძლეობის ჩემპიონატის დანარჩენ ეტაპებზე კი ამ მანქანებით თითო ეკიპაჟს გამოიყვანს.


ვიდეო

No comments:

Post a Comment