Nico Rosberg declares Mercedes quick enough to "annoy" top Formula 1 teams in early 2012 races
4 მარტი
ნიკო როსბერგი დარწმუნებულია, რომ ახალი სეზონის დასაწყისიდანვე, „მერსედესი“ „რედ ბულის“ და „მაკლარენის“ შევიწროებას შეძლებს. მან უკვე დაასრულა წინასასეზონო ტესტები და მანქანა თავის ტიტულოვან თანაგუნდელ მიხაელ შუმახერს დაუთმო. გერმანელი დარწმუნებულია, რომ მისი გუნდი ახლა იმაზე გაცილებით უკეთეს ფორმაშია, ვიდრე გასული სეზონის დასაწყისში იყო. ამიტომ, სრულიად რეალურად თვლის, რომ სამქიმიანები სამეულისთვის ბრძოლას შეძლებენ.
„ვფიქრობ, სეზონისთვის მზად ვართ. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გასულ სეზონზე უკეთესი შედეგი გვქონდეს. რაც მთავარია, მანქანა ამისათვის მზადაა. ამ თვალსაზრისით, კმაყოფილი ვარ და იმედია, მალე ჩვენზე მითქმა-მოთქმასაც დაესმევა წერტილი. ჩემი აზრით, ამ სეზონშიც ისევ ისინი დარჩებიან მოწინავეებად, ვისაც წინ შარშან ვხედავდით. მაგრამ მჯერა, რომ სეზონის დასაწყისში, მათ რამდენჯერმე გავაოცებთ“, - ამბობს როსბერგი.
სხვათა შორის, ტესტებმა აჩვენა, რომ „მერსედეს W03-ის“ მთავარი პრობლემა, საბურავების სწრაფი დეგრადაციაა. მაგრამ როსბერგი თვლის, რომ რეზინის სწრაფ ცვეთას მანქანა არ იწვევს. ის ამბობს, რომ მოკლედ და გრძელ გარბენებზე, მანქანა კარგად მუშაობს და საბურავებსაც ოპტიმალურად იყენებს.
„გრძელ გარბენებზე ყველაფერი კარგადაა. არავითარი პრობლემა არ არსებობს. რა თქმა უნდა, რეზინის დეგრადაცია ყოველთვის გვზღუდავს, მაგრამ ჩვენ ჯერ არ ვიცით, სხვებს ამ მხრივ როგორ აქვთ საქმე. ამ ეტაპზე, შედარება არ შეგვიძლია. თუმცა მთავარია, რომ კარგად ვართ მომზადებულები. მოკლედ, სწორი მიმართულებით ვვითარდებით“.
როსბერგი იმასაც ამბობს, რომ ბარსელონას ტესტები, პირველი რბოლების ზუსტ საზომად არ გამოდგება, რადგან ავსტრალიასა და მალაიზიაში სულ სხვა კლიმატურ პირობებში მოუწევთ ასპარეზობა.
„საქმე ისაა, რომ პირველ რბოლებში, სულ სხვა პირობებში მოგვიწევს რბოლა. იქ აუტანელი სიცხე გველის და ჩაჭიდებაც ნაკლები იქნება. აქ შეიძლება კარგი შედეგი გვქონდეს, მაგრამ იმ პირობებში რბოლა სულ სხვაა. ასე რომ, ბევრმა რამემ შეიძლება ისე ვერ იმუშაოს, როგორც გვგონია“, - დასძენს როსბერგი.
No comments:
Post a Comment