Monster Tajima to tackle Pikes Peak in an all-electric prototype
29 მარტი
იაპონელ მრბოლ ნობუჰირო ტაძიმას ავტოსპორტის სამყარო მონსტრის მეტსახელით იცნობს. მას პაიკს პიკის ლეგენდარული სამთო რბოლა ზედიზედ 6-ჯერ აქვს მოგებული, შარან კი „ცისკენ რბოლის“ ისტორიაში პირველად, დისტანცია 10 წუთზე ნაკლებში (9 წთ, 51.278 წამი - პაიკს პიკის აბსოლუტური რეკორდი) გაიარა. მაგრამ ამით, გამარჯვებების აპეტიტი ვერ დაიკმაყოფილა.
ოღონდ, ამჯერად ის პაიკს პიკზე ელექტრომობილით გამოვა. მისი მიზანია არამხოლოდ ელექტრომობილების კლასის რეკორდის (რომელიც კომპანია იოკოჰამას ელექტრომობილ AC პროპულშნ AC-180-ს ეკუთვნის) გაუმჯობესება, არამედ თავისივე აბსოლუტური რეკორდის დამხობაც.ტაძიმასთვის სარბოლ ელექტრომობილს მისივე კომპანია „მონსტერ სპორტი“ ამზადებს, რომელსაც პარტნიორობას ამერიკული ასოციაცია APEV (ელექტრეული ავტომობილების ხელშეწყობის ასოციაცია) უწევს. ჯერჯერობით უცნობია სარბოლი ელექტრომობილის ტექნიკური მახასიათებლები. სამაგიეროდ, ტაძიმა ამბობს, რომ მანქანა ორი ელექტროძრავით და დამუხრუჭების კინეტიკური ენერგიის რეგენერაციის სისტემით აღიჭურვება.
ცნობისათვის, შარშან ტაძიმამ რეკორდული გარბენი „სუძუკი SX4-ის“ ბაზაზე მომზადებული პროტოტიპით შეასრულა, რომელიც 910-ცხენისძალიანი, წყვილტურბოიანი V6 ძრავითაა აღჭურვილი. რაც შეეხება ელექტრომობილების რეკორდს, ის 12 წუთი და 20.084 წამია.
სხვათა შორის, პაიკს პიკის წლევანდელ რბოლაში ელექტრომობილით მონაწილეობას კიდევ ერთი სახელოვანი იაპონელი მრბოლი - ჰიროსი მასუოკა მიიღებს, ვისაც ორჯერ აქვს მოგებული დაკარის რალი-მარათონი. აღმართის დაძლევას ისიც პროტოტიპით ეცდება, რომელსაც იაპონური კომპანია „მიცუბიში“ უმზადებს. ამ შემთხვევაში საბაზისო ავტომობილად „მიცუბიში i-MiEV-ს“ გამოიყენებენ.
კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი: წლევანდელ რბოლაში პილოტებს პირველად მოუწევთ მხოლოდ ასფალტის საფარზე რბოლა. როგორც ცნობილია, აქამდე ტრასა ნაწილობრივ ასფალტისა იყო, ნაწილობრივ კი გრუნტის. მისი სიგრძე 19.9 კილომეტრია, რომელზეც 156 მოსახვევი ეტევა. სტარტის და ფინიშის წერტილებს შორის სიმაღლეთა სხვაობა კილომეტრნახევარს აღწევს. ფინიში კი ზღვის დონიდან 4300 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს.
წლევანდელი პაიკს პიკი 8 ივნისს ჩატარდება.ვიდეო
"მონსტერ" ტაძიმას სარეკორდო გარბენი პაიკს პიკზე
No comments:
Post a Comment